საქმე N 210100124010038048
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №792აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი
გ–ი ნ., №792აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენზე, მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. გ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტის ა–ზე არსებულ მეცხოველეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნ. გ–მა შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, მიიჩნევდა, რა, რომ არ შეეძლო პირადი ცხოვრების სწორად წარმართვა და მამის მითითებები უნდა გაეთვალისწინებინა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ვ. გ–ას, კერძოდ, თანნაქონი დანით განზრახ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ხელის გულის არეში, რა დროსაც ვ. გ–ამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
1.3. 2024 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტის ა–ზე არსებულ მეცხოველეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნ. გ–მა შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, მიიჩნევდა, რა, რომ არ შეეძლო პირადი ცხოვრების სწორად წარმართვა და მამის მითითებები უნდა გაეთვალისწინებინა, სიტყვიერად, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს – ვ. გ–ას. აღნიშნულის შედეგად ვ. გ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადგენილად სცნო, რომ ნ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, თუმცა მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა მსჯავრადშერაცხილი ქმედებების შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, ჩადენა.
2.2. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტის ა–ზე არსებულ მეცხოველეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნ. გ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ვ. გ–ას, კერძოდ, თანნაქონი დანით განზრახ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ხელისგულის არეში, რა დროსაც ვ. გ–ამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ასევე, 2024 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტის ა–ზე არსებულ მეცხოველეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნ. გ–ი სიტყვიერად, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ვ. გ–ას. აღნიშნულის შედეგად ვ. გ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენით, ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. ბ–ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 21 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. ბ–ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მსჯავრდებულის ბრალეულობა. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებული თავადაა მსხვერპლი, კერძოდ: მოწმე მ. მ–მა, რომელიც არის დედოფლისწყაროს შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, აღნიშნა რომ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა დახეული მაისური, რომელიც სავარაუდოდ, ეკუთვნოდა ნ. გ–ს. აღნიშნული მაისური დაერთო საქმეს ნივთმტკიცებად და დაინიშნა მასზე ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ მაისურზე გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, დაცვის მხარემ მოითხოვა მაისურის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა და დათვალიერება, რაც არ მოხდა. მაისურის დათვალიერება ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, თუ რამდენად იყო ნ. გ–ი დამნაშავე წარდგენილ ბრალდებაში. გარდა ამისა, არც ერთ მოწმეს არ დაუნახავს როდის და როგორ მიაყენა ნ. გ–მა დაზარალებულ ვ. გ–ას ხელზე ჭრილობა. ამდენად, ვ. გ–ას საერთოდ არ მისდგომია ფიზიკური ზიანი და მით უმეტეს არ ჰქონია ჭრილობა ხელზე. შესაბამისად, ნ. გ–ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ვ. გ–ასთვის არ მიუყენებია და იგი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს. ასევე არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თავის შვილს ვ. გ–ას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასთან, დამაჯერებლობასთან და საკმარისობასთან დაკავშირებით.
5.3. საკასაციო პალატა, მიუთითებს, რომ დაზარალებულ - ვ. გ–ას, მოწმეების - გ. ტ–ს, ვ. შ–ს, ა. მ–ს, გ. ჯ–ს, ვ. გ–ს, გ. გ–ს, ა. კ–ს, ე. დ–ს, ე. მ–ს, ი. ბ–ს, გ. მ–ს, მ. მ–ს, ვ.გ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით და სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 15 აგვისტოს N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ნ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულ – ვ. გ–ას და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – ა. მ–ს, ვ. გ–სა და ე. მ–ს ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან. მათ ჩვენებებს სანდოობის მაღალ ხარისხს სძენს, ასევე სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 15 აგვისტოს N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებულ ვ. გ–ას ნამდვილად აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში, რაც მიკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზარალებულ ვ. გ–ას და მოწმეების – ვ. გ–სა და ე. მ–ს ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ შემთხვევის ადგილზე, ერთადერთი პირი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში და იქნევდა იყო ნ. გ–ი, რომელიც დაზარალებულს მოკვლით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ როგორც დედამისი მოკლა, ისე მოკლავდა მასაც, ამასთან დადასტურებულია, რომ ვ. გ–ა ხელებს იფარებდა და ისე ცდილობდა თავდაცვას. დაზარალებულის და ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებები, ასევე შეიცავს ინფორმაციას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანზე – მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის შესახებ.
5.4. დაცვის მხარის პოზიციით, ნ. გ–ის უდანაშაულობა დასტურდება იმ გარემოებით, რომ მისი მაისური იყო გახეული და იგი პოლიციის თანამშრომლებს ტანსზემოთ შიშველი დახვდა, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ვ. გ–ას და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული იქცეოდა აგრესიულად და იწევდა დაზარალებულისაკენ, რის გამოც დასახმარებლად მივიდა ვ. გ–ი, რომელიც სიძესთან ერთად ცდილობდა ნ. გ–ის გაკავებას. ამდენად, ბუნებრივია, რომ მსჯავრდებულს ამ პროცესში მიეღო თუნდაც დაზიანებები ან/და გახეოდა მაისური. ამასთან, არ დასტურდება რაიმე მოტივი, რასაც შეეძლო გამოეწვია აღნიშნული პირების მხრიდან დაინტერესება მამისა და სიმამრის ცრუ მხილებაში. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მსჯავრდებულის ბრალეულობა.
5.5. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლობა ამომწურავად ჩამოთვლის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, ხოლო კასატორი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რომელი საფუძვლით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას/ცვლილებას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ კი, თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, დადასტურებულად მიიჩნია ნ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე