Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/446-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, მ. წიქვაძე

განიხილა ა. ბ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმებულ იქნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

2000 წლის 7 აგვისტოს ბინათმშენებლობის ამხანაგობის “პროგრესი-89” თავმჯდომარე ა. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, რადგან მისი აზრით, იგი გაუგებარი და ბუნდოვანია.

განცხადების ავტორი ითხოვს განმარტებას, თუ როგორ უნდა დამთავრდეს 1989 წელს დაწყებულ მიშენება-დაშენების სამუშაოები, რადგან იგი დღესაც შეჩერებულია და საფრთხე ემუქრება საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას. ა. ბ-შვილისათვის გაუგებარია, თუ ვის საკუთრებაში რჩება საცხოვრებელი ბინების ტოლფასი 3.2. მეტრი სიმაღლის ტექნიკური სართული და 1400 კვ.მ ფართის მანსარდი. ტექნიკური სართულისა და სხვენის საცხოვრებელ სართულებად გადაკეთება აუცილებელი გახდა ფინანსური სიძნელეების გამო, რადგან მშენებლობის ხარჯები ბევრად აღემატება ბინების რეალიზაციის თანხებს.

განცხადების ავტორის აზრით, კორექტირებული პროექტის უგულებელყოფა შეუძლებელია. ამასთან, მისთვის გაუგებარია, თუ ვინ აუნაზღაურებს მას მშენებლობის ხარჯებს. უფლებამოსილია თუ არა “პროგრესი-89” “ამხანაგობა-51”-გან დამოუკიდებლად თავის ამხანაგობაში გააწევრიანოს მსურველი და მოახდინოს თავისი კუთვნილი ბინების გასხვისება.

ა. ბ-შვილმა მიუთითა, რომ კორექტირებული პროექტის საფუძველზე მოხდა ტექნიკური სართულის ფართის რეალიზება ცალკეულ ბინებად, ბინის მფლობელები თხოულობენ მზა ბინების მიღებას ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ამდენად, განცხადების ავტორს, აინტერესებს ვინ დააბრუნებს ამ თანხებს. ასევე, აინტერესებს აქვს თუ არა უფლება მე-5 ტექნიკური სართულის ფართი მიაკუთვნოს მე-6 სართულს, ხოლო მე-8 სართულის სხვენი მე-7 სართულის ბინებს, მათი რეალიზაციის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის “პროგრესი-89” თავმჯდომარე ა. ბ-შვილმა მოითხოვა სასამართლოსაგან განმარტების მიღება ყველა ზემოთ დასმულ კითხვებზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ამხანაგობის “პ.-89” დირექტორის განცხადება დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ საოლქო სასამართლოს 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “პ.-89” აეკრძალა კორექტირებული პროექტის მიხედვით მიშენება-დაშენება ქ. თბილისში ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რაც შეეხება განცხადებაში დაყენებულ კითხვებს აღნიშნულზე საოლქო სასამართლოს 1998 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია და ამდენად, მასზე განმარტებას ვერ მისცემს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილებას განმარტავს მისი შინაარსის შეუცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე ა. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ მან ვერ მიიღო სრულყოფილი განმარტება მის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე, ასევე განმარტა, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინებაში არ არის მითითებული თუ რა დროით აიკრძალა კორექტირებული პროექტით მშენებლობა. ეს აკრძალვა ნიშნავს, თუ არა იმას, რომ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს თავდაპირველი პროექტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მისთვის სრულყოფილი განმარტების მიცემას ყველა დასმულ შეკითხვაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.

მოცემულ საქმეზე ამხანაგობის “პ.-89” დირექტორი ა. ბ-შვილი ითხოვს ისეთი საკითხების განმარტებას, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანის დროს დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინება კანონმდებლობის სრული დაცვით არის მიღებული, რადგან სააპელაციო პალატას არ ჰქონდა უფლება გაცდენოდა თავის უფლებამოსილებას და განემარტა ისეთი საკითხები, რაც შეცვლიდა გადაწყვეტილების შინაარსს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ბ-შვილის კერძო საჩივარში მოცემული საკითხები შეიძლება გახდეს ცალკე დავის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბინათმშენებლობის ამხანაგობა “პ. 89” თავმჯდომარის ა. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.