Facebook Twitter

საქმე N 160100123008255198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №861აპ-25 12 დეკემბერი, 2025 წელი

კ–ი ჯ., №861აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. კ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.მ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ჯ. კ–ი დაემუქრა თ. კ–ას დანით სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით, ჯ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯ. კ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 12 სექტემბერს, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ჯ. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ჯ. კ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ თ. კ–ას ჩვენებაზე, რომლის თანახმად, ჯ. კ–ი არის მისი მაზლი. მათ კონფლიქტი აქვთ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მისი ნაკვეთი ჯ–ის ნაკვეთის უკან მდებარეობს და შემთხვევის დღეს მივიდა მოსარწყავად. ჯ–ი ხუთ-ექვს მეტრში დაინახა, რომელიც თავის კარებთან დანით ხელში დადიოდა და რაღაცას ბურტყუნებდა, თუმცა არ ესმოდა რას ამბობდა. მან ორი დღის წინაც დაინახა დანა მის ხელში, რაზეც განერვიულდა და პოლიციას დაურეკა. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც თავისი ჭიშკრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ ჯ–ი თავის ჭიშკართან იდგა, დანას ატრიალებდა და ბროწეულს ჭამდა. მას არ შეუნიშნავს რა ფერის და როგორი დანა ეკავა ჯ–ს. ჯ–ი მისკენ არ წამოსულა, იდგა თავის ადგილას. დაზარალებულმა ჯ–ის შვილებს უთხრა, რომ მის ნაკვეთს თავს თუ დაანებებდა არ დააჭერინებდა, თუ არა და – არ აპატიებდა. ჯ–ი ყოველდღე სვამს და ეშინია მისი. ამასთან, თ. კ–ამ განმარტა, რომ ჯ–ს დანა მისთვის არც მოუღერებია და არც მისი ნათქვამი გაუგია.

5.4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მუქარა განზრახი დანაშაულია და მისი განმხორციელებელი პირი მიზნად ისახავს თავის ქმედებით დაზარალებულის დაშინებას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ჯ. კ–ს არც ვერბალურად და არც არავერბალურად არ განუხორციელებია მუქარა ან მუქარის შემცველი მოქმედება თ. კ–ას მიმართ. მართალია, მას დანა ეჭირა ხელში, თუმცა არა დემონსტრირების და მისი შეშინების, არამედ ბროწეულის ჭამის მიზნით. დაზარალებულთან კი, კომუნიკაცია არ ჰქონია. თ. კ–ას ჩვენებით ისიც კი არ დგინდება, დაინახა თუ არა იგი ჯ. კ–მა. პალატის პოზიციით, მნიშვნელოვანია დადგინდეს რის საფუძველზე განიცდის პირი შიშს, მას ეშინია ყველაფრის, თუ შიშს წინ უძღვის ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური განვითარების და ფსიქოლოგიის ადამიანში იწვევს შიშს. წარმოდგენილ მოცემულობაში აშკარაა, რომ ჯ. კ–ის დანით ხელში დგომის მიზანი იყო არა დაზარალებულად ცნობილი პირის დაშინება, არამედ დანის გამოყენება დანიშნულებისამებრ, რაც სხვა ჩვეულებრივი პირისთვის ვერ გახდებოდა საფუძვლიანი შიშის წარმოშობის წინაპირობა. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით არ დადასტურდა მის მიმართ ჯ. კ–ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტი.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა ჯ. კ–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს გამართლებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე