Facebook Twitter

საქმე N 330100123007960964

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №716აპ-25 15 დეკემბერი, 2025 წელი

კ–ე თ., №716აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ც. მ–ისა და მ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. კ–ე (პირადი ნომერი: ........... ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზარახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 28 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, თ–ს ქუჩაზე №..-ის მიმდებარედ, ი–ს ტერიტორიაზე, თ. კ–ე და ზ. წ–ე, ძალადობისა და დასჯის მიზნით, შეხვდნენ მათი წარმოდგენით, მცირეწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად მისულ გ. მ–ეს, რა დროსაც თ. კ–ემ ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმით დაუწყო ცემა, ამოიღო ზ. წ–ის კუთვნილი და მის მიერ გადაცემული დანა, მოუქნია და დაარტყა გ. მ–ეს სხეულზე. გ. მ–ე ცდილობდა თავდამსხმელის მოგერიებას, თუმცა ზ. წ–ემ ფეხებით დაუწყო ცემა, ყვირილით მოუწოდებდა მის თანმხლებს, მოეკლა იგი, პარალელურად კი, დასჯის მიზნით, მობილური ტელეფონით იღებდა ვიდეოს. თ. კ–ემ, მოკვლის განზრახვით არაერთხელ დაარტყა დანა გ. მ–ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ქმედებების შემდეგ, დაჭრილი გ. მ–ე დატოვეს ი–ს ტერიტორიაზე და გაიქცნენ. გ. მ–ემ მოახერხა უახლოეს საცხოვრებელ კორპუსთან მისვლა და დახმარების თხოვნა. მას სიცოცხლე დროული სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენით, თ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით.

2.2. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედოთ გ. ბ–ს, ო. ა–სა და ლ. ჭ–ეს.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ც. მ–ემ, გ. გ–იმა და მ. ბ–მ და მოითხოვეს გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

2.4. განაჩენი ასევე გასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–ემ და ა. გ–მა, მსჯავრდებულ ლ. ჭ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ჩ–მა და გ. მ–მა, ასევე მსჯავრდებულ ო. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ვ. თ–ემ.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 25 აპრილს, მსჯავრდებულ თ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ც. მ–ემ და მ. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა – თ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა თ. კ–ის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თ. კ–ემ თავიდანვე აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება – გ. მ–ისთვის დანით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, რაც შეეხება განზრახ მკვლელეობის მცდელობას, ასეთს ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაცვის მხარის განმარტებით, დანაშაულის მცდელობად კვალიფიკაციის დროს უნდა დადგინდეს, დამნაშავეს უშლიდა თუ არა ხელს რაიმე, მისგან დამოუკიდებელი გარემოება, რის გამოც ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. ასევე, დაზარალებულს რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული, როგორია მათი განლაგება, დროის რა მონაკვეთში იქნა ისინი მიყენებული და ჰქონდა თუ არა პირს საშუალება, გაეგრძელებინა დაზიანება, რითაც აღასრულებდა მის განზრახვას. სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ დაზარალებული თავისი ფეხით ტოვებს შემთხვევის ადგილს, ხოლო თ. კ–ეს არაფერი უშლის ხელს, დაზარალებულისთვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, რაც მან არ გააკეთა, რადგან მისი განზრახვა არ მოიცავდა დაზარალებულის მკვლელობას. აღნიშნული მიუთითებს, რომ მსჯავრდებული თავს იცავდა გ. მ–ისგან, რა დროსაც გადააცილა უცილებელი მოგერიების ფარგლებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, ქმედების ჯგუფურად ჩადენას. აღნიშნულის თაობაზე უთითებს მხოლოდ დაზარალებული და ამბობს, რომ არ დაუნახავს, უბრალოდ იგრძო, რომ ორი ადამიანი უტყამდა ფეხს. თავად მსჯავრდებული და ზ. წ–ე კი უთითებენ, რომ მათ წინასწარი შეთანხმება (განზრახვა) არ ჰქონიათ გ. მ–ის მოკვლის თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ. კ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2023 წლის 28 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, თ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ, იპოდრომის ტერიტორიაზე, თ. კ–ე და ზ. წ–ე, შეხვდნენ მათი წარმოდგენით, მცირეწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად მისულ გ. მ–ეს, რა დროსაც თ. კ–ემ ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმით დაუწყო ცემა, ამოიღო ზ. წ–ის კუთვნილი და მის მიერ გადაცემული დანა, მოუქნია და მრავალჯერ დაარტყა დანა გ. მ–ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანება. დაცვის მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი ქმედების კვალიფიკაცია. დაცვის მხარე ერთი მხრივ მიიჩნევს, რომ გ. მ–ის ქმედებების გამო, თ. კ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუმცა მან დაზარალებულს ჯანმრთელობა დაუზიანა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ დანაშაული არ არის ჩადენილი ჯგუფურად.

5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს: პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის – აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის №424აპ-16 გადაწყვეტილება).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილება).

5.7. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს ქმედებას.

5.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ თ. კ–ე და ზ. წ–ე გ. მ–ესთან შესახვედრად ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით წავიდნენ. შეხვედრის შემდეგ კი, სწორედ თ. კ–ე იყო თავდასხმის ინიციატორი. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით (ხანგრძლივობა 15 წამი), დგინდება, რომ თ. კ–ე თავს ესხმის დაზარალებულს, ხოლო ზ. წ–ე მას მოუწოდებს, დაჭრას და დაჩეხოს გ. მ–ე. კადრებში ნათლად ჩანს, რომ თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფება დაზარალებული გ. მ–ე (იგი მუხლებზეა დაჩოქილი და მას გამეტებით ურტყამს თ. კ–ე). დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის (დანის), დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობისა და ხარისხის (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად: შპს ,,....ის სახელობის .... კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №....-დან ირკვევა, მოქალაქე გ. მ–ეს დაესვა დიაგნოზი: ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ტრავმა, წვრილი ნაწლავის ტრავმა, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის მრავლობითი ღია ჭრილობები, მხრის სარტყლისა და მხრის მრავლობითი ღია ჭრილობები, მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის მრავლობითი ღია ჭრილობები, გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. სკალპის ღია ჭრილობა, კისრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, რომელთაგან დაზიანებები: გულმკერდის/მარჯვნივ შუა, უკანა აქსილარულ და პარავენტებრულ ხაზებზე, შესაბამისად, მე-5-6, მე-6-7 და მე-5-6 ნეკნთაშუა სივრცეებში არსებული ჭრილობები/და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები/მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ჰიპოგასტრიუმში მამილარულ ხაზზე ირიბი მიმართულების ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა; მუცლის წინა გვერდით კედელზე მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე მეზოგასტრიუმში სიგრძივი მიმართულების ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა/მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს), ასევე – მათი ლოკალიზაციის (გულმკერდისა და მუცლის ღრუ) გათვალისწინებით, საფუძველსმოკლებულია კასატორების პოზიცია, რომ თ. კ–ე თავს იცავდა დაზარალებულისგან, მითი უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული იყო მარტო, არ მოელოდა კონფილქტს, ხოლო თ. კ–ესთან ერთად იყო ზ. წ–ე და მათ თან ჰქონდათ ცივი იარაღი. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა – დაზარალებულისთვის მოესპო სიცოცხლე ან, როგორც მინიმუმ, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ქმედების ჯგუფურად ჩადენას – საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №618აპ-15 გადაწყვეტილება).

5.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის №1399აპ-13 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დანაშაულში თანაამსრულებლობის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დანაშაულის ამსრულებლები ერთობლივად და უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში. ამასთან, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ამსრულებელთა როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტის რეალიზებისას, თუმცა გადამწყვეტია, რომ თითოეული სუბიექტის მიერ შესრულებული ქმედება (მოქმედება თუ უმოქმედობა) განაპირობებდეს დამნაშავეთა ერთიანი განზრახვის სისრულეში მოყვანას.

5.11. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ობიექტური დამკვირვებლისათვის აშკარა და ნათელია, რომ თ. კ–ემ და ზ. წ–ემ ერთდროულად და უშუალოდ დაიწყეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ნიშნების განხორციელება. დაზარალებულ გ. მ–ის ჩვენებით და ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენისას თ. კ–ე მარტო არ მოქმედებდა და ზ. წ–ე თავის მხრივ, ჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლით, ხოლო შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდა გ. მ–ისადმი განხორციელებულ ქმედებებში. ამდენად, ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და განზრახვით, თუმცა განსხვავებული ხარისხისაა მათი როლები.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერია და, საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი არ იკვეთება.

5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ც. მ–ისა და მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ლალი ფაფიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი