Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/452-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი – იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ს. ლ-ძე განათლების სამინისტროს სისტემაში მუშაობდა 1946 წლიდან, ხოლო გულრიფშის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლის ...ად _ 1965 წლიდან.

აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს 1990 წლის 15 მარტის ¹ 26პ ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.

სოხუმის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ლ-ძე აღდგენილ იქნა გულრიფშის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლის ...ის თანამდებობაზე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

გულრიფშის რაიონის განათლების განყოფილების გამგის 1992 წლის 1 ივნისის ¹ 55 ბრძანებით ს. ლ-ძე ხელახლა იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან, მაგრამ აფხაზეთის ა\რ განათლების მინისტრის 1994 წლის 9 ივნისის ¹ 25 ბრძანებით გაუქმდა გულრიფშის რაიონის განათლების განყოფილების გამგის 1992 წლის 1 ივნისის ¹ 55 ბრძანება და ს. ლ-ძე კვლავ აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. ამავე ბრძანებით ს. ლ-ძეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 1990 წლის 15 მარტიდან.

1994 წლის 21 ივნისს ს. ლ-ძემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში მოპასუხე გულრიფშის რაიონის განათლების განყოფილების მიმართ და ითხოვა 1990 წლის 15 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე, 1994 წლის 21 ივნისამდე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1990 წლის 15 მარტიდან 1994 წლის ივნისამდე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის სახით, დაეკისრა 1625 ლარისა და 83 თეთრის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 19 მარტის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.

2000 წლის 17 აპრილს ს. ლ-ძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს მიმართ აღძრა სარჩელი იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც განსჯადობით გაეგზავნა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელის განმარტებით, მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის სახით, მას მიღებული აქვს ერთხელ 1625 ლარი და 85 თეთრი, ხოლო მეორედ _ 840 ლარი და 55 თეთრი, რამაც მთლიანობაში შეადგინა მისი იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 1998 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტრომ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები და ს. ლ-ძე არ აღადგინა თანამდებობაზე, თუმცა აფხაზეთის ა\რ-დან იძულებით გადაადგილების შემდეგ, გაიხსნა საშუალო სკოლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ლ-ძე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მან ვერ მიიღო 1512 ლარი, 28 თვის ხელფასი, 1998 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის მაისამდე და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს _ აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს.

აღნიშნული საქმე აფხაზეთის ა/რ-ის სასამართლო ინსტანციებშიც რამდენჯერმე იქნა განხილული და ბოლოს სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინებით ს. ლ-ძის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

ს. ლ-ძემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა, აგრეთვე, განჩინება იურიდიულად საკმარისად არ დაასაბუთა, ამიტომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორ ს. ლ-ძეს სამუშაოზე აღდგენის შემდეგ მიღებული აქვს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი _ 2465 ლარი. 1993-1994 წლებში აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტრომ ხელფასი გასცა განათლების სისტემის ყველა მუშაკზე, სასწავლო დაწესებულებებში მათი რეალური დასაქმების მიუხედავად. ამგვარი დაფინანსება შეწყდა 1994 წელს, რადგანაც აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტში აღარ იქნა გათვალისწინებული დაუსაქმებელ პედაგოგებზე ხელფასის ანაზღაურება.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტრო ვერ შეძლებდა გაეგრძელებინა ხელფასების ანაზღაურება თავისი სისტემის დაუსაქმებელი მუშაკებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის გამო, გულრიფშის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლის ფუნქციონირება არ დაწყებულა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ს. ლ-ძის გულრიფშის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ვერ მოხერხდა საქართველოში, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული, საყოველთაოდ ცნობილი მდგომარეობის გამო, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით. ამდენად, ს. ლ-ძის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 1998 წლიდან იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან 1998 წლიდან ს. ლ-ძე სამუშაო ადგილით დაკმაყოფილებული არ ყოფილა და შესაბამისად, მას ვერ მიეცემოდა ხელფასი, როგორც შრომის ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სამართლის ნორმები. განჩინება ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით სწორად არის დასაბუთებული და მისი გაუქმების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.