Facebook Twitter

¹ 3კ/454-01 6 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. დ-ძის განცხადება, მას გაუგრძელდა აწ გარდაცვლილი მამის, რ. დ-ძის დანაშთ ქონებაზე კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. 2000 წლის 27 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა განმცხადებელ ზ. დ-ძის დედამ ც. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, ვინადიან იგი არ იყო მიწვეული საქმეზე მოპასუხე მხარედ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის განჩინებით ც. დ-ძის განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი საქმეში დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. დ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინებით ც. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ც. დ-ძეს განცხადებაში არ მიუთითებია, თუ რატომ უნდა ჩაბმულიყო მხარედ მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელების საქმეში. არავითარი მტკიცება იმისა, რომ ც. დ-ძე არის აწ გარდაცვლილი რ. დ-ძის მემკვიდრე, საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენელია ქორწინების ჩანაწერის აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ ც. დ-ძე 1996 წლიდან ქორწინებაშია ი. ბ-ოვთან და აქედან გამომდინარე, იგი ვერ ჩაითვლება 1997 წლის მაისში გარდაცვლილი რ. დ-ძის მეუღლედ, მის მემკვიდრედ და საქმეში დაინტერესებულ მხარედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. დ-ძემ, რომლითაც ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გააგრძელებს სამკვიდროს მიღების ვადას, თუ მისი გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს. ამავე მუხლის თანახმად, ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე, ე.ი. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი სასამართლოს წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, როცა მემკვიდრეები, რომლებმაც მემკვიდრეობა მიიღეს, თანახმანი არ არიან მემკვიდრეთა წრეში ჩართონ მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვა. აქედან გამომდინარე, რ. დ-ძის სხვა მემკვიდრეები მოწვეული უნდა ყოფილიყვნენ საქმეში მოპასუხედ. ც. დ-ძე წარმოადგენს რ. დ-ძის მეუღლეს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეს და ამდენად, იგი წარმოადგენს საქმეში დაინტერესებულ მხარეს. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს ც. დ-ძის წარმომადგენელმა წარმოადგინა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ც. დ-ძესა და ი. ბ-ოვს შორის 1996 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ქორწინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ც. დ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ რ. დ-ძე გარდაიცვალა 1997 წლის მაისში. 2000 წლის იანვარში რ. დ-ძის შვილმა ზ. დ-ძემ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღების ვადის აღდგენა. საქმე სასამართლომ განიხილა არა სასარჩელო წარმოების წესით, არამედ, უდავო წარმოების წესით და აქედან გამომდინარე საქმეში მოპასუხეები არ ყოფილან ჩართული. 2000 წლის 7 თებერვალს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. დ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა და გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მემკვიდრეობის მიღების ვადის აღდგენის საკითხის გარკვევის დროს სასამართლომ საქმეში მოპასუხეებად უნდა ჩართოს გარდაცვლილის დანარჩენი მემკვიდრეები. ხოლო, თუ იგი ერთადერთი მემკვიდრეა, საფინანსო ორგანო, როგორც უპატრონო ქონების პოტენციური მესაკუთრე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, უმკვიდრო ქონება გადადის ხაზინაზე. პალატა თვლის, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს სასარჩელო წარმოების წესით და არა უდავო წარმოების წესით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები და მათში მოხსენიებული არ არის მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელების საკითხი.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ც. დ-ძე არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო დაინტერესებულ პირად, რადგან რ. დ-ძის გარდაცვალების დროისათვის იგი ქორწინებაში იმყოფებოდა ბ-ოვთან, მაგრამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება ბ-ოვსა და ც. დ-ძეს შორის. ასეთ პირობებში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ც. დ-ძესა და ბ-ოვის ქორწინების რეგისტრაციის ბათილობის შემდეგ ჩაითვლება თუ არა ც. დ-ძე რ. დ-ძის დანაშთ ქონების მემკვიდრედ _ დაინტერესებულ მხარედ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.