Facebook Twitter

საქმე N 340100123007210134

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №730აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი

მ–ი ზ., №730აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)(სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2020 წლის ოქტომბრიდან, 2021 წლის ივნისამდე პერიოდში, ზ. მ–ი, არასრულწლოვანი შვილის, ზ. მ–ის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. ძ–ს, აგინებდა, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რითაც ლახავდა მ. ძ–ის პატივსა და ღირსებას. ზ. მ–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მ. ძ–ის ტანჯვას.

1.3. 2021 წლის 21 ივნისს, ქალაქ ბ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ. მ–მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის, 5 თვის ზ. მ–ის თანდასწრებით, ყელში ძლიერად წაუჭირა ხელი მეუღლეს, მ. ძ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, ჯ–ს ქუჩაზე მდებარე მ. ძ–ის დროებით საცხოვრებელ სახლში, ზ. მ–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყოფილ მეუღლეს მ. ძ–ს არ ჰქონდა მისგან წასვლისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება, ვინაიდან მას აღიქვამდა საკუთრებად, არასრულწლოვანი შვილის, ზ. მ–ის თანდასწრებით სცემა მ. ძ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2021 წლის 25 ივნისს, ქალაქ ბ–ში, ჯ–ს ქუჩაზე მდებარე მ. ძ–ის დროებით საცხოვრებელ სახლში, ზ. მ–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყოფილ მეუღლეს, მ. ძ–ს არ ჰქონდა მისგან წასვლისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება, ვინაიდან მას აღიქვამდა საკუთრებად, არასრულწლოვანი შვილის, ზ. მ–ის თანდასწრებით, სახის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც მ. ძ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2021 წლის 25 ივნისს, ქ-ში , ქუჩაზე მდებარე მ. ძ–ის დროებით საცხოვრებელ სახლში, ზ. მ–მა ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლეს მ. ძ–ს განზრახ დაუზიანა „IPHONE 6“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც მას მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განაჩენით, ზ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. მ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ზ. მ–ის მიერ მ. ძ–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის, 2021 წლის 21, 23 და 25 ივნისს ჩადენილი ფიზიკური ძალადობისა და მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. მ–ის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, ზ. მ–ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ. ძ–ის ჩვენების თანახმად, ზ. მ–ი მისი ყოფილი მეუღლეა. 2019 წელს დაოჯახდნენ და ცხოვრობდნენ ქ. ბ–ში. ჰყავთ 2 წლის შვილი. მათი განქორწინების მიზეზი გახდა მისი ყოფილი მეუღლის უმუშევრობა. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ზ. მ–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც მათი არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. აგინებდა, ყვიროდა, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა, რასაც ძალიან განიცდიდა და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ბავშვიც სულ ტიროდა. ექსპერტიზაზე არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად განიცადა ტანჯვა. 2022 წელს როდესაც ბავშვი გაუხდა ავად, სთხოვა ზ–ს დახმარება, რაზეც უარი მიიღო და გააფრთხილა აღარ დაერეკა. მან ყველაფერი უთხრა დედას, დედამ კი მოუყვა მის ძმას - დ–ს და დეიდაშვილს - გ. ჯ–ს. ისინი ზ. მ–თან სალაპარაკოდ მივიდნენ და საუბრის დროს შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც ზ. მ–მა გ. ჯ–ს უჩივლა. მის მიმართ ძალადობის ფაქტებს არავინ შესწრებია, თუმცა ჰყავს დაქალი - რუსო, რომელსაც მოუყვა ყველაფერი, დალურჯებაც აჩვენა და მალამოც წაუსვა დაზიანებაზე. ფაქტი ტელეფონით გადაიღო, თუმცა ტელეფონი რომ დაიმტვრა, ვიდეოც აღარ დარჩა. მოწმე რ. ზ–ის ჩვენების თანახმად, კი მისმა მეგობარმა ორჯერ უთხრა რომ ზ. მ–მა მასზე იძალადა თუმცა ძალადობის სახე არ დაუკონკრეტებია და არც დაზიანებები უჩვენებია.

5.4. საკასაციო პალატის შეფასებით, ზ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – დაზარალებულ მ. ძ–ის ჩვენებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ეწინააღმდეგება მოწმე რ. ზ–ის ჩვენებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალოდ ფაქტის შემსწრე სხვა მოწმე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, არ ჩატარებულა მ. ძ–ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, შესაბამისად, უტყუარად არ დგინდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებათა არსებობა ან/და ტკივილის განცდა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის არსებობის შემთხვევაში – ტანჯვის განცდა. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მას შემდეგ, რაც ზ. მ–მა ითანამშრომლა პოლიციასთან მისი ნათესავების წინააღმდეგ. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა შესაძლოა არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობის ხარისხსს უკარგავს მის ჩვენებას, მით უფრო, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულის საპირწონედ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება.

5.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ–ის ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. მ–ის მიერ დანაშაულების ჩადენას.

5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება ზ. მ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტებს - საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე