გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/457-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ხ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. ც-ელის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1998 წლის იანვარში გაყიდა მისი კუთვნილი ოროთახიანი ბინა 5 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა ასესხა ე. ც-ელს ერთი თვის ვადით. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც სთხოვა თავისი ვალდებულება ფულის დაბრუნების შესახებ დაეფიქსირებინა ხელწერილით. ე. ც-ელმა ხელწერილში აღნიშნა, რომ მ. ხ-ძისათვის მისაცემი აქვს 1700 აშშ დოლარი და ამ თანხას დაუბრუნებდა 1999 წლის 28 ივნისს. ხელწერილის შედგენას ესწრებოდნენ მოწმეები: ნ. გ-შვილი, ი. ხ-ძე და ი. ხ-შვილი. მოსარჩელე მიუთითებდა ასევე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ვერ იყიდა ბინა და ცხოვრობდა ქირით 1998 წლის თებერვლიდან. ბინის ქირას იხდიდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით, რითაც მიადგა ზიანი.
აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ხელწერილში დაფიქსირებული 1700 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის 2100 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ქალიშვილს _ ი. ხ-შვილს ფული გამოართვა მისმა ქალიშვილმა ხ. კ-შვილმა საზღვარგარეთ გასასვლელი საბუთების გასაკეთებლად. მისი ქალიშვილი მოვალეებმა მოკლეს. რაზედაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მისი შვილის ვალების გამო, მევალეები აწუხებდნენ მას და იძულებული გახადეს დაეწერა აღნიშნული ხელწერილი. მოპასუხის განმარტებით, მის შვილს _ ხ. კ-შვილის გადასახდელი ჰქონდა 400 აშშ დოლარი.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ძესა და ე. ც-ელს შორის დადებულად იქნა ცნობილი სესხის ხეშეკრულება.
ე. ც-ელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი 3 349 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 2 100 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ც-ელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ხ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ მიიჩნია ხელშეკრულებად, რადგან დოკუმენტზე არ იყო მხარეთა ხელმოწერები. სასამართლომ დოკუმენტი არ მიიჩნია, ასევე ვალის აღიარებად. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და მიუთითა, რომ არსებობს წინააღმდეგობანი მოწმეთა ჩვენებებს შორის, წარმოდგენილი ხელწერილი კი არასრულყოფილია, რის გამოც შეუძლებელია მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის დადასტურება.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით წარმოდგენილი ხელწერილი სასამართლოს არ უნდა განეხილა როგორც ხელშეკრულება, არამედ უნდა განეხილა როგორც ვალის აღიარება. კასატორის მოსაზრებით ვალის აღიარება ეს არის ცალმხრივი გარიგება და მასზე არ არის აუცილებელი მოვალის ხელმოწერა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს ფულადი ვალდებულებითი ურთიერთობები. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ფულადი ვალდებულებითი ურთიერთობები ჰქონდა მოპასუხის აწ გარდაცვლილ შვილთან _ ხ. კ-შვილთან, რომელმაც ფული გამოართვა მოსარჩელეს საზღვარგარეთ წასასვლელი პასპორტების გასაკეთებლად. დოკუმენტი, რომელიც დასათაურებულია, როგორც ხელშეკრულება –არასრულყოფილია, იგი ხელმოწერილი არ არის მოდავე მხარეთა მიერ. დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ მოწმეები, რომელთა განმარტებით მ. ხ-ძე მოპასუხეს ემუქრებოდა და ეჩხუბებოდა შვილის მიერ აღებული ვალის გამო, რის გამოც ც-ელი იძულებული გახდა დაეწერა აღნიშნული ხელწერილი. მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეების და თვითონ მოსარჩელის განმარტებით, მან ე. ც-ელს ასესხა 5000 აშშ დოლარი. წარმოდგენილ ხელწერილში კი მითითებულია, რომ მსესხებელი და გამსესხებელი შეთანხმდნენ 1700 აშშ დოლარის დაბრუნებაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ხელწერილი სასამართლოს მიერ არ არის სათანადოდ შეფასებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მტკიცებულებები უნდა შეაფასოს საქმის ყველა გარემოებებიდან ერთობლიობაში ყოველმხრივ და სრულად.
პალატა თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი შეფასებული იქნა მოწმეების, მოპასუხის და მოსარჩელის განმარტებით დადგენილ გარემოებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ყოველმხრივ და სრულად, რის შედეგადაც სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა სწორი დასკვნა მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.