¹ 3კ/458-01 27 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა შემდეგი შემადგენლობით:
ლადო ჭანტურია (თავმჯდომარე), ვალერი ხრუსტალი, მერაბ ტურავა, ბადრი მეტრეველი, როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მურმან წიქვაძე, მიხეილ გოგიშვილი, მაია ვაჩაძე, ნანა კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 11 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იმ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების გაწევა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მოპასუხის მიერ “დამკვეთის” საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ფოთის პორტის გავლით “დამკვეთის” მიერ მითითებულ დანიშნულების პუნქტებში გაგზავნა.
მოსარჩელის მიერ თხილით დატვირთული ორი კონტეინერი ფოთის პორტში მიწოდებულ იქნა 1999 წლის 16 სექტემბერს და ჩაიტვირთა გემზე “რ.-ი”, ერთი კონტეინერი კი 23 სექტემბერს და ჩაიტვირთა გემზე “მ.-ს”. გამოიწერა შესაბამისი კონოსამენტები. გემების მოძრაობის განრიგის მიხედვით გემი “რ.-ი” ფოთის პორტიდან უნდა გასულიყო 19 სექტემბერს, “მ.-ი” _ 24 სექტემბერს.
იტალიის ქ. კარპაროლაში ტვირთის მიმღებს ორი კონტეინერი მიეწოდა გაგზავნიდან 30 დღე-ღამის შემდეგ, ხოლო ერთი კონტეინერი კი 34 დღე-ღამის შემდეგ. კონტეინერებიდან ტვირთის გადმოტვირთვისას დადგინდა თხილის ხარისხის გაუარესება. კომისიამ, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მხარის წარმომადგენელი, 1999 წლის 10 ნოემბერს ერთობლივი გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ტვირთის ღირებულება შემცირდა 82 246 აშშ დოლარით.
2000 წლის 9 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 121 010 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლად უთითებდა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხემ დაარღვია მიწოდების ვადები, არ დააზღვია ტვირთი ჩვეულებრივი პირობით და ტვირთზე გაფორმებული საბუთების ორიგინალები გააგზავნა ფოსტით და არა ტვირთთან ერთად, რამაც დააყოვნა ტვირთის განბაჟება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. სარჩელის უარყოფის საფუძვლად უთითებდა, რომ როგორც ექსპედიტორმა თავისი ვალდებულებები შეასრულა. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად მიმღებს მიაწოდა კონტეინერები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და ხელუხლებელი პლომბებით, მხარეები მიწოდების ვადაზე არ შეთანხმებულან, საბუთების ორიგინალები მიმღებს გაეგზავნა დროულად და მის მოვალეობაში არ შედიოდა საბაჟო გაწმენდა და ტვირთის დაზღვევა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 010 აშშ დოლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 18 764 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში (82 246 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
1. “კრედიტორი” ამცირებს თავის სასარჩელო მოთხოვნას 50%-ით 101 010 (ას ერთი ათას ათი) აშშ დოლარიდან 50 505 (ორმოცდაათი ათას ხუთას ხუთი) აშშ დოლარის ოდენობამდე.
2. “მოვალე” ეთანხმება “კრედიტორის” მოთხოვნას 50 505 (ორმოცდაათი ათას ხუთას ხუთი) აშშ დოლარის ნაწილში და აღიარებს მის საფუძვლიანობას.
3. “მოვალე” აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელდება შპს “ესტადო ტრეიდინგის” სასარგებლოდ ქ. ფოთის სასამართლოს მიერ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების სახით დაყადაღებული “მოვალის” კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან, წინამდებარე შეთანხმების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და სს ბანკი “ქ.-სათვის” სათანადო მიმართვისთანავე.
4. წინამდებარე შეთანხმების მესამე პუნქტით გათვალისწინებული “მოვალის” საბანკო ანგარიშია:
სს ბანკი “ქ.-ს” ფოთის ფილიალი,
საანგარიშსწორებო ანგარიში ¹ 70133.
5. მხარეები თანხმდებიან, რომ “კრედიტორის” დაკმაყოფილება მოხდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის 50 505 აშშ დოლარის მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
ქ. თბილისში “კრედიტორის” საბანკო რეკვიზიტებია:
ბენეფიციარი ბანკი: ბანკი “რ.-ა”, შპს “ე.-ის” საბანკო ანგარიში: აშშ დოლარებში ¹ 701070758; ლარებში ¹ 36020373.
საკორესპონდენტო ბანკი: DEUთშჩHE BANK AG Fრანკფურტ/Eსცჰბორნ, Gერმანყ. შჭIFთ: DEUთ DE FF BANK “...” Aცც. ¹ 9472853. შჭIFთ: ღEPL GE 22 თბილისი, Gეორგია.
6. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2001 წლის 20 სექტემბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1. “კრედიტორი” (შპს “ე.-ი”) ამცირებს თავის სასარჩელო მოთხოვნას 50%-ით, 101 010 (ას ერთი ათას ათი) აშშ დოლარიდან 50 505 (ორმოცდაათი ათას ხუთას ხუთი) აშშ დოლარის ოდენობამდე.
2. “მოვალე” (შპს “ფ.-ი”) ეთანხმება “კრედიტორის” მოთხოვნას 50 505 აშშ დოლარის ნაწილში და აღიარებს მის საფუძვლიანობას.
3. “მოვალე” აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელდება შპს “ე.-ის” სასარგებლოდ ქ. ფოთის სასამართლოს მიერ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაყადაღებული “მოვალის” კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან, წინამდებარე შეთანხმების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და სს ბანკი “ქ.-სათვის” სათანადო მიმართვისთანავე.
4. წინამდებარე შეთანხმების მესამე პუნქტით გათვალისწინებული “მოვალის” საბანკო ანგარიშია: სს ბანკი “ქ.-ს” ფოთის ფილიალი, საანგარიშსწორებო ანგარიში ¹70133.
5. “კრედიტორის” დაკმაყოფილება მოხდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის 50 505 აშშ დოლარის მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
ქ. თბილისში “კრედიტორის” საბანკო რეკვიზიტებია: ბენეფიციარი ბანკი: ბანკი “რესპუბლიკა”,
შპს “ე.-ის” საბანკო ანგარიში: აშშ დოლარებში ¹ 701070758; ლარებში ¹ 36020373.
საკორესპონდენტო ბანკი: DEUთშჩHE BANK AG Fრანკფურტ/Eსცჰბორნ, Gერმანყ შჭIFთ: DEUთ DE FF BANK “...” Aცც. ¹ 9472853. შჭIFთ: ღEPL GE 22 თბილისი, Gეორგია
II. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
III. გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.