გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/459-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისნის რაიონის სასამართლომ 1991 წლის 22 მაისს განიხილა ო. ო-იანის სარჩელი მოპასუხე ა. ბ-იანის მიმართ, ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის თაობაზე და გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 18 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2000 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. ბ-იანმა მოპასუხე ო. ო-იანის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1\2 ნაწილი.
აღნიშნული სახლთმფლობელობა ადრე ერიცხებოდა მოსარჩელის დას ა. ბ-იანს, რომელმაც 2000 წლის 5 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იგი აჩუქა რ. ბ-იანს.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ სახლში ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა ა. ბ-იანის ყოფილი რძალი, მოპასუხე ო. ო-იანი თავის შვილთან ერთად.
რ. ბ-იანი სარჩელში მიუთითებდა, რომ მოპასუხე არ იყო საქართველოს მოქალაქე და არც რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხე ო. ო-იანისა და მასთან მცხოვრებ პირთა გამოსახლება ზემოთ აღნიშნული ბინიდან.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 1 მარტს განიხილა ო. ო-იანის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა იგი. გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და რ. ბ-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლებოდა სადავო ბინის მესაკუთრედ საქმეში არსებული, მხოლოდ სანოტარო წესით დადასტურებული ბინის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რადგანაც საქმის მასალებში არ იყო წარდგენილი მტკიცებულება აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო საჩივარში რ. ბ-იანმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა 2001 წლის 26 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ, რომლის თანახმადაც სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრედ აღრიცხულია რ. ბ-იანი.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი რ. ბ-იანი არ იყო სადავო ბინის მესაკუთრედ აღრიცხული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორმა წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ სადავო სახლთმფლობელობა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება რ. ბ-იანის სახელზე, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ.
ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს ახალ მტკიცებულებას, ამიტომ იგი შესაფასებლად და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.