Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/460-01 27 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: მესაკუთრის უფლების აღდგენა და ფართის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 5/6 ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ფ. ს-იანს, 1/6 ნაწილი კი ირიცხება აწ გარდაცვლილ ო. ს-ოვის სახელზე. 1994 წელს ო. ს-ოვის რძალმა შ. ი-ძემ 2 წლით დროებით სარგებლობის მიზნით ითხოვა ფ. ს-იანისაგან ოთახი, ფართით 10,58 კვ. მ. და ხელწერილიც დაწერა, რომ ორი წლის შემდეგ ოთახს გაათავისუფლებდა, მაგრამ 5 წელზე მეტია შ. ი-ძე სარგებლობს ფ. ს-იანის კუთვნილი ფართით. ფ. ს-იანმა არა ერთხელ მოსთხოვა შ. ი-ძეს დაეცალა აღნიშნული ფართი იმ მიზეზით, რომ იგი მის ქალიშვილს სჭირდებოდა, შემდეგ კი სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლების აღდგენა და შ. ი-ძის გამოსახლება თანხმლებ პირებთან ერთად.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შ. ი-ძე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე სახლის ოთახიდან. მოპასუხეს დაევალა ფ. ს-იანისათვის თავისუფალი სახით გადაეცა აღნიშნული ოთახი.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება იმას, რომ, საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით, რომლითაც შ. ი-ძე 1994 წელს პირობას დებს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ოთახის წინამდებარე აივნით გათავისუფლების თაობაზე, ირკვევა, რომ ცნობდა მოსარჩელის უფლებას სადავო ოთახზე.

შ. ი-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ფ. ს-იანს უარი ეთქვა სარჩელზე დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ფ. ს-იანის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თბილისში, ... სახლთმფლობელობის, კერძოდ, ოთახზე მისი საკუთრების უფლება. ამდენად მას, როგორც მესაკუთრეს, ვერ წარმოეშობოდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად შ. ი-ძის მიმართ სადავო ოთახის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

ფ. ს-იანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე შ. ი-ძე არ არის სახლის მესაკუთრე. მიუხედავად იმისა, რომ ო. ს-ოვი გარდაიცვალა, მის პირველი რიგის მემკვიდრეებს მემკვიდრეობა არ მიუღიათ და სახლის ნაწილი კვლავ აღირიცხება ო. ს-ოვის სახელზე, ამდენად, ვერც მოპასუხე და ვერც მისი მეუღლე სახლის 1/6 წილის მესაკუთრედ ვერ ჩაითვლებიან. ამასთანავე, ხელწერილით დასტურდება, რომ შ. ი-ძე აღიარებს მოსარჩელის უფლებას სადავო ოთახზე. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მის 5/6 წილში შედის სადავო ფართიც, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფ. ს-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 5/6 ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ფ. ს-იანს, ხოლო 1/6 ნაწილის მესაკუთრეა მოპასუხე შ. ი-ძის აწ გარდაცვლილი მამამთილი ო. ს-ოვი. ფ. ს-ოვის სარგებლობაში იყო სახლმფლობელობა ლიტ “ა”-ს ¹ 1, 2, 3 საცხოვრებელი ოთახები წინ მდებარე დამხმარე ფართით. ¹3 ოთახი 10.58 კვ.მ. ფართით წინ მდებარე აივნით შ. ი-ძემ ითხოვა დროებით _ ორი წლის ვადით. მხარეებს შორის 1994 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ ივალდებულა 2 წლის შემდეგ დაეცალა მოსარჩელის ოთახი, მაგრამ მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად (რომ ფართი სჭირდებოდა მის ქალიშვილს), პირობა არ შეასრულა. სასარჩელო განცხადებით ფ. ს-იანმა მოითხოვა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლების აღდგენა და მოპასუხე შ. ი-ძის გამოსახლება მისი კუთვნილი ოთახიდან. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თბილისში, ... სახლთმფლობელობის, კერძოდ, ¹3 ოთახზე მისი საკუთრების უფლება, ამიტომ მას, როგორც მესაკუთრეს, ვერ წარმოეშობოდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად შ. ი-ძის მიმართ სადავო ოთახის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება; რადგან სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის I ნაწილის მეორე და მესამე წინადადებაში აღნიშნულია, რომ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს, საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო, ამიტომ ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

ვინაიდან ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო (წილადი) საკუთრების უფლებით ეკუთვნის კასატორს, მას ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე აქვს საერთო საკუთრებაში არსებული ოთახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო 172-ე მუხლის პირველი ნაწილი არასწორად განმარტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რაც უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი სააპელაციო სასამართლოს ეს დარღვევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილი ირიცხება ო. ს-ოვზე, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ არ არის წარმოდგენილი მისი გარდაცვალების მოწმობა, არ არიან დადგენილი ო. ს-ოვის კანონისმიერი მემკვიდრეები და დაუდგენელია ფაქტობრივად მამკვიდრებელის ქონების დაუფლების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში კი პალატა თვლის, რომ საჭიროა დავის გადასაწყვეტად მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის გამოც ფ. ს-იანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. ს-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.