Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/462-01 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ე. ქ-ძე და მოპასუხე დ. შ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი და. შ-შვილი დაბადებული 1995 წელს. მოპასუხე დ. შ-შვილმა, ასევე იშვილა მოსარჩელის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ოჯახური უსიამოვნების გამო მხარეები განქორწინდნენ. 2000 წელს ე. ქ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ. შ-შვილისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა იმ საფუძვლით, რომ იგი არავითარ მზრუნველობას არ იჩენს შვილების მიმართ, არის ნარკომანი და მასთან ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენს შვილებზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. შ-შვილი ნარკომანიით დაავადებული არ არის. ასევე, ჩათვალა, რომ არ დასტურდება დ. შ-შვილის მიერ ბავშვებზე მზრუნველობისათვის თავის არიდების ფაქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ქ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ე. ქ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოში დაბრუნებას, რადგან მისი განმარტებით საოლქო სასამართლოს განჩინება არასრული და იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორის აზრით საოლქო სასამართლოს დ. შ-შვილის ნარკომანიით დაავადების ფაქტზე უნდა ემსჯელა, როგორც მშობლის უფლების ჩამორთმევის ერთ-ერთ და არა ერთადერთ საფუძველზე, რადგან იგი ასევე მიუთითებდა მის მიერ შვილებზე მზრუნველობისათვის თავის არიდებაზე, სასტიკ ქცევაზე მეუღლის მიმართ, რითაც შიშის გრძნობას უნერგავდა შვილებს და უარყოფით გავლენას ახდენდა მათზე. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზამ ასევე ვერ გასცა სწორი პასუხი და საჭირო იყო განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. შ-შვილი არ არის ნარკომანიით დაავადებული, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი კატეგორიული დასკვნა, რომლებითაც მიჩნეულია, რომ მოპასუხე დ. შ-შვილი არ არის ნარკომანი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა დაენიშნა განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, დამატებითი და განმეორებითი ექპერტიზა შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა არასრულია, გაცემული არ არის პასუხი ექსპერტის წინაშე დასმულ ყველა შეკითხვაზე ან მისი სისწორე საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე ეჭვს ბადებს. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი რამ არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნარკომანიის საბაბით მშობლის უფლების ჩამორთმევა, როგორც უკიდურესი ღონისძიება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ნარკომანია. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე დ. შ-შვილი არ არის ნარკომანი. იგი საერთოდ არ არის აღრიცხვაზე აყვანილი, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დ. შ-შვილი თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და სასტიკად ეპყრობა ოჯახის წევრებს, რადგან აღნიშნულს მოსარჩელე ვერაფრით ადასტურებს. პირიქით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ცდილობს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, ნახოს იგი, რისთვისაც მას პოლიციის თანამშრომელთა დახმარებაც კი დასჭირდა, რადგან მოსარჩელე ნებაყოფლობით არ აჩვენებს ბავშვს. ფიზიკური შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის I, II ნაწილის თანახმად მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაირკვა, რომ მშობლები სისტემატიურად არიდებენ თავს შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას ან ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას _ სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე ზეგავლენას ახდენენ მათზე თავიანთი ამორალური ყოფაქცევით, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ მშობლები ქრონიკული ალკოჰოლიკები ან ნარკომანები არიან.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.