გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/464-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 27 დეკემბრის ¹487 განკარგულებით რეგისტრირებულ იქნა შპს “მ. რ. ცენტრი”, რომლის რეორგანიზაციისა და ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 1996 წლის 26 აგვისტოს ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ შეიქმნა და სამეწარმეო რეესტრში გატარდა სააქციო საზოგადოება “მ. რ. ცენტრი”. ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის გამო, 1998 წლის 7 აგვისტოს საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილებები.
2000 წლის 24 აგვისტოს საზოგადოების პარტნიორმა ი. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “მ. რ. ცენტრი” მიმართ და მოითხოვა 1996 წლის 26 აგვისტოს და 1998 წლის 7 აგვისტოს რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ სს “მ. რ. ცენტრი” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია მოხდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4 და 5.5 მუხლების დარღვევით. კერძოდ, საზოგადოებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია დოკუმენტი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საზოგადოების საერთო კრების დადგენილებას, სადაც აღნიშნულია, რომ თავმჯდომარე არის გ. ბ-ძე, გენერალური დირექტორი _ გი. ბ-ძე. კრების ოქმი არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ოქმს ხელს არ აწერს სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი. მოსარჩელის მოსაზრებით საერთო კრება არ იყო უფლებამოსილი აერჩია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დაენიშნა დირექტორი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელახალი რეგისტრაციის დროს საზოგადოება არ იყო ვალდებული წარედგინა დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლი არ ითვალისწინებს საწარმოს რეგისტრაციის პირდაპირ გაუქმებას. რეგისტრაცია უქმდება მაშინ, თუკი ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული სამი თვის ვადაში. 1998 წლის 29 ივნისს მოწვეულ იქნა საწარმოს რიგგარეშე კრება, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ. კრებაზე არჩეულ იქნა ახალი სამეთვალყურეო საბჭო, რის გამოც 1998 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება. მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2. მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ კრების ოქმი ორი თვის განმავლობაში არ გასაჩივრებულა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორის დანიშვნის შესახებ 1998 წლის 7 აგვისტოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს, ხოლო გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და მისი თავმჯდომარის გ. ბ-ის დანიშვნის შესახებ რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1996 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციისას დარღვეული იყო 5.4.3. მუხლის “დ” პუნქტის და 5.5. “გ” პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, განცხადებაში, სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, მითითებული არ იყო დოკუმენტებზე დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ და ისინი თან არ ერთვოდა საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას.
სასამართლომ დადგენილად ცნო ასევე, რომ 1998 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის დროს ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა. კერძოდ, 1998 წლის 29 ივნისს სს “მ. რ. ცენტრი” აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე არჩეულ იქნენ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და იმავე დღეს გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ დოკუმენტები წარდგენილ იქნა სასამართლოში, ხოლო დირექტორის დანიშვნის შესახებ დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ საზოგადოებას უნდა მისცეს 3 თვის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად და, თუ ამ ვადაში მოპასუხე ხარვეზს არ გამოასწორებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8. მუხლის თანახმად, საზოგადოების რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.
კასატორი მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და მისი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობაშია სამოტივაციო ნაწილთან. სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ი. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. აღნიშნული ნორმის თანახმად, რეგისტრაციის მონაცემებში ხარვეზის აღმოჩენისას დაუშვებელია რეგისტრაციის დაუყოვნებლივ გაუქმება. თუ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია, სასამართლომ უნდა დანიშნოს ვადა ამ ხარვეზის გამოსწორებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1996 წლის 26 აგვისტოს საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციისას დარღვეული იყო 5.4.3. მუხლის “დ” პუნქტის და 5.5. მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნები. 1998 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის დროს ხარვეზი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის ნაწილში გამოსწორდა, კერძოდ, სასამართლოში მოპასუხე საზოგადოების მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ.
ამდენად, სარჩელის აღძვრის დროისათვის საზოგადოების რეგისტრაციის მონაცემებში ხარვეზი გამოსწორებული იყო და არ არსებობდა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რის გამოც სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი წინააღმდეგობაშია სარეზოლუციო ნაწილთან. კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და მისი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ დოკუმენტები სასამართლოში წარდგენილი არ იყო, რითაც დაირღვა რეგისტრაციის პირობები, სარეზოლუციო ნაწილით კი მას უარი ეთქვა საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებაზე. პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია როგორც რეგისტრაციის პირობების დარღვევაზე, ასევე, დადგენილია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და მისი თავმჯდომარის დანიშვნის ნაწილში ხარვეზი გამოსწორდა, რაც საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.