Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\468-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ვ-შვილი მუშაობდა შპს “ნ.” კონტროლიორად. იგი იყო ამ საზოგადოების პარტნიორი. შპს “ნ.“ დირექტორის 1999 წლის 17 თებერვლის ¹6 ბრძანებით მას გამოეცხადა საყვედური ქვითრის გარეშე მოვაჭრეების დაშვებისათვის, ხოლო 1999 წლის 8 აპრილს ¹ 22 ბრძანებით გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ხელფასის შენარჩუნებით გადაყვანილ იქნა ცენტრალური კარების მორიგედ სამი თვის ვადით, მის უბანში უქვითრო მოვაჭრეების დაშვების გამო. გ. ვ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ნ.” დირექტორის მიმართ და მოითხოვა კონტროლიორის თანამდებობაზე დაბრუნება. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილდა გ. ვ-შვილის სარჩელი და იგი აღადგინა კონტროლიორის თანამდებობაზე. შპს “ნ.” პარტნიორთა კრებამ 2000 წლის 24 ივლისს გ. ვ-შვილი გარიცხა საზოგადოების წევრობიდან სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატური შეუსრულებლობისათვის, მას მიეცა კუთვნილი წილი, ხოლო შპს “ნ.” დირექტორის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹ 47 ბრძანებით გ. ვ-შვილი გათავისუფლებულ იქნა კონტროლიორის თანამდებობიდან, მის სამოქმედო უბანზე უქვითრო მოვაჭრეების გამოვლენის გამო. ბრძანებაში სამუშაოდან დათხოვნის საფუძვლად მითითებული იქნა ისიც, რომ მას ბოლო პერიოდში გამოცხადებული აქვს საყვედური, სასტიკი საყვედური და სამუშაოდან ჩამოქვეითებული იყო 3 თვით. გ. ვ-შვილმა უკანონოდ მიიჩნია სამუშაოდან დათხოვნა და სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ. ვ-შვილის სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაიზიარა გ. ვ-შვილის მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. სარევიზიო კომისიამ 2000 წლის 26 ივნისს იგი შეამოწმა სხვა კონტროლიორებთან ერთად და აღმოაჩინა დარღვევები. სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი სწორად იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, რადგან იგი შრომის შინაგანაწესს სისტემატურად არღვევდა და მის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები.

გ. ვ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 20 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: აპელანტი სამუშაოდან დათხოვნის მომენტისთვის არ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. შპს “ნ.” სარევიზიო კომისიის 2000 წლის 27 ივნისის აქტით გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი დარღვევები. მას ბაზრის დირექტორის მიერ სწორად გამოეცხადა საყვედური, ეს სახდელი არ აქვს მოხსნილი და არც ამ სახდელების მოხსნის საკითხი დაუყენებია, ამიტომ მისი სამუშაოდან დათხოვნა სწორად მოხდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტით.

გ. ვ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: იგი სამუშაოდან დათხოვნის დროისთვის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მას არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და შინაგანაწესი, სასჯელის დადებამდე მისთვის ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევიათ შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად. უსაფუძვლოა სარევიზიო კომისიის მიერ 2000 წლის 27 ივნისს შედგენილი აქტი, რადგან მოპასუხე ორგანიზაციამ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ამ აქტის სისწორის თაობაზე, კერძოდ, უქვითრო მოვაჭრეთა გვარები და ახსნა-განმარტებები არ არის წარმოდგენილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ გ. ვ-შვილი მუშაობდა შპს “ნ.” კონტროლიორად. მას 1999 წლის 17 თებერვლის ¹ 6 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური უქვითრო მოვაჭრეების მის სამოქმედო უბანში გამოვლენისთვის, ხოლო იმავე წლის 8 აპრილის ¹ 22 ბრძანებით გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ხელფასის შენარჩუნებით 3 თვის ვადით გადაყვანილ იქნა ბაზრის ცენტრალური კარების მორიგედ, კვლავ უქვითრო მოვაჭრეების დაშვებისათვის. შპს “ნ.” სარევიზიო კომისიის მიერ 2000 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა აქტი, რომლის თანახმად, გ. ვ-შვილის სამოქმედო უბანში გამოვლინდა 10 უქვითრო მოვაჭრე. ამ აქტს გ. ვ-შვილი ხელს არ აწერს. შპს “ნ.” პარტნიორთა კრებამ 2000 წლის 24 ივლისს გ. ვ-შვილი გარიცხა საზოგადოების წევრობიდან, ხოლო საზოგადოების დირექტორის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹ 47 ბრძანებით კი იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. გ. ვ-შვილის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში მითითებულია, რომ 2000 წლის 27 ივნისს ბაზრის სარევიზიო კომისიის შემოწმების შედეგად გ. ვ-შვილის სამოქმედო უბანში გამოვლინდა 10 უქვითრო მოვაჭრე; მას ბოლო პერიოდში გამოცხადებული აქვს საყვედური, სასტიკი საყვედური და ჩამოქვეითებული იყო 3 თვით სამუშაო უბნიდან. გ. ვ-შვილმა სარჩელით მოითხოვა მხოლოდ სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციამ გ. ვ-შვილის მიმართ სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტი, რადგან მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები, კერძოდ, გამოცხადებული ჰქონდა საყვედური, სასტიკი საყვედური და ეს სახდელები პალატაში საჩივრის განხილვის დროისათვის არ ჰქონდა მოხსნილი. შრომის კანონთა კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მუშას ან მოსამსახურეს არ დაედება ახალი დისციპლინური სასჯელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სასჯელი არ ჰქონია დადებული. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კასატორს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ სასტიკი საყვედური გამოეცხადა 1999 წლის აპრილში, ხოლო 2000 წლის აგვისტოში კი სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის მას ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე უკვე მოხსნილი ჰქონდა დისციპლინური სასჯელი, ამდენად სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა გ. ვ-შვილის სამუშაოდან დათხოვნის 2000 წლის 1 აგვისტოს ბრძანებაში მითითებული ყველა საფუძვლის კანონიერების შესახებ, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. პალატა ვერ გაიზიარებს გ. ვ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ იგი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში გაათავისუფლეს სამუშაოდან, რადგან წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელში მითითებულია, რომ 2000 წლის 1 აგვისტოსთვის მას საავადმყოფო ფურცელი არ ჰქონდა გაგრძელებული.

იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გ. ვ-შვილის სამუშაოდან დათხოვნის ყველა საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.