გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/469-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 10 სექტემბერს გ. ლ-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ე. გ-ძის მიმართ. მესამე პირად სარჩელში მითითებულ იქნა ნოტარიუსი რ. ჩ-იანი_ჩ-ანი.
სარჩელის თანახმად, გ. ლ-შვილი ქ. ფოთიდან ქ. ვლადიკავკაზამდე აწარმოებდა სპირტის რეალიზაციას მოპასუხე ე. გ-ძესთან, აგრეთვე, მ. ტ-ავასთან, გ. კ-ევთან და ბ. კ-ავასთან ერთად. აღნიშნული საქმიანობა მოითხოვდა გარკვეულ ხარჯებს. მოსარჩელის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით მან პირადად გაიღო 3000 აშშ დოლარი და თანხა გადასცა მ. ტ-ავასა და ე. გ-ძეს.
სარჩელში მითითებულია, რომ საქმიანობის მთავარი მონაწილე გ. კ-ევს უნდა გადაეხადა 10000 აშშ დოლარი, ხოლო სხვა მონაწილეებს საქმეში უნდა შეეტანათ რაიმე ქონება. მ. ტ-ავამ და ბ. კ-ავამ მოიყვანეს მოპასუხე ე. გ-ძე, რომელმაც ერთობლივი საქმიანობის _ ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით შეიტანა მსუბუქი ავტომანქანა “აუდი-100”. ამის შემდეგ, ბ. კ-ავას არავითარი მონაწილეობა აღარ მიუღია აღნიშნულ საქმეში.
1999 წელს 19 მაისს ე. გ-ძემ და მ. ტ-ავამ გ. ლ-შვილს ქ. თბილისში, ... მდებარე მამამისის სახელზე რიცხული ბინა აღარიცხინეს თავის სახელზე და იმავე დღეს კანონით დადგენილი წესით გააფორმებინეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება დაადებინეს მოტყუებით, თვალთმაქცურად, რადგანაც მას შეჰპირდნენ, რომ აღნიშნულ ბინას არავინ შეეხებოდა.
1999 წლის ივნისში გარდაიცვალა გ. კ-ევი, რის გამოც საქმიანობა ჩაიშალა და ფინანსურად დაზარალდა მისი ყველა მონაწილე.
ამის შემდეგ, მოპასუხე ე. გ-ძემ გ. ლ-შვილს მოსთხოვა ზემოთ აღნიშნული ბინის გათავისუფლება.
მოსარჩელე თვლიდა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, თვალთმაქცურად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 81-ე, 82-ე მუხლების თანახმად, სარჩელში ითხოვა აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და 2000 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ. ლ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 6 დეკემბერს განიხილა გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის განჩინება.
გ. ლ-შვილმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, თვალთმაქცურად, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ გარიგებას და არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 81-ე, 82-ე მუხლები.
კასატორის განმარტებით, განჩინება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია სამართლის ნორმა, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მას დაადებინეს თვალთმაქცურად.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1999 წლის 20 მაისს ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ლ-შვილი აღირიცხა ქ. თბილისში, ... ბინის მესაკუთრედ.
იმავე წლის 21 მაისს გ. ლ-შვილმა აღნიშნულ ბინაზე დადო ნასყიდობის ხელშეკრულება ე. გ-ესთან და ეს უკანასკნელი გახდა ამ ბინის მესაკუთრე.
კასატორი გ. ლ-შვილის ოჯახის წევრებმა: დედამ ა. ლ-შვილმა, მამამ ალ. ლ-შვილმა, მეუღლემ ფ. რ-ოვამ 1999 წლის 18 მაისს სანოტარო ბიუროში წარდგენილი განცხადებებით გ. ლ-შვილის სასარგებლოდ უარი განაცხადეს სადავო ბინის პრივატიზაციის შედეგად მათი კუთვნილი წილის მიღებაზე, ხოლო იმავე წლის 21 მაისს გ. ლ-შვილს წერილობითი თანხმობა მისცეს ზემოთ აღნიშნული ბინის გასასხვისებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, სახეზეა თვალთმაქცური გარიგება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა სხვა გარიგებით იფარება. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს არ ჰქონდათ სურვილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაეფარათ რომელიმე სხვა გარიგება და ორივე მხარის მიერ თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამდენად, პალატა თვლის, რომ გ. ლ-შვილმაც და მისი ოჯახის წევრებმაც თავისუფლად გამოავლინეს ნება სადავო ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით და მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ე. გ-ძესთან ერთად დაეფარათ რაიმე სხვა გარიგება.
კასატორის განმარტებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მას დაადებინეს მოტყუებით, ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლო, რადგანაც მოტყუება ცდომილებაში მხარის განზრახ შეყვანაა და მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. საქმის მასალებიდან და კასატორის განმარტებიდან კი ვერ დასტურდება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს გ. ლ-შვილის ცდომილებაში განზრახ შეყვანის ფაქტი, ხოლო მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ლ-შვილს ჰქონდა ერთობლივი საქმიანობის მონაწილე პირთა ვალი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვალი გადაიხადა ე. გ-ძისათვის ბინის მიყიდვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს. პალატა თვლის, რომ გ. ლ-შვილმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაქვითა ე. გ-ძის ვალი, რაც ზემოთ აღნიშნული ნორმით დასაშვებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.