Facebook Twitter

3კ/470-01 31 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,თ. კობახიძე

დავის საგანი: მემკვიდრეობის უფლების აღდგენა და სამკვიდროდან წილის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 20 იანვარს, ს. და მ. ს-ოვების ქონებაზე, ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მემკვიდრეობა აღიდგინა რძალმა ე. ს-ოვამ. ს. და მ. ს-ოვების ქალიშვილმა ე. ა-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ე. ს-ოვასა და ნოტარიუს მ. მ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაგრძელება და სამკვიდრო ქონებიდან მისი წილის გამოყოფა; ე. ა-ოვამ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაშვება საპატიოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ მასა და მის ორ ძმას შორის იყო ზეპირი შეთანხმება მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება დაარღვია ი. ს-ოვმა, რომელმაც რუსეთიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო ხელმოკლეობის გამო, ხოლო მოსარჩელემ ნოტარიუსს სამკვიდროს გასაფორმებლად არ მიმართა, ვინაიდან ძმის ჩამოსვლას ელოდებოდა. საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაერთო ი. ს-ოვი.

ე. ა-ოვამ და ი. ს-ოვმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაგრძელებულ იქნა სამკვიდრო ქონების მიღების ვადა. გაუქმდა ნოტარიუს მ. მ-ძის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, სადავო სამკვიდრო ქონება თანაბრად განაწილდა მემკვიდრეებს ე. ს-ოვას, ი. ს-ოვსა და ე. ა-ოვას შორის. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ი. ს-ოვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეკონომიკური გაჭირვების შესახებ და ჩათვალა, სააპელაციო საჩივრის ავტორებს სამკვიდრო ქონების მიღებაზე ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზი გააჩნიათ.

ე. ს-ოვამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლს, რომლის თანახმადაც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გადაცილების მიზეზს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ჩათვალა, რა რომ მოსარჩელეები დაეუფლნენ სამკვიდროს ნაწილს და ამით ფაქტობრივად მიიღეს სამკვიდრო.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ს. ს-ოვსა და მ. ს-ოვს ჰყავდათ სამი შვილი ბ., ი. და ე. ს-ოვები; ს. ს-ოვი გარდაიცვალა 1992 წელს, მ. ს-ოვა 1995 წელს, ხოლო ბ. ს-ოვი 1997 წელს, ამ უკანასკნელის მეუღლემ, კასატორმა ე. ს-ოვამ 1998 წლის 20 იანვარს კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღიდგინა მემკვიდრეობა მეუღლის ბ. ს-ოვის დანაშთ ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე მდებარე ბათუმში, ... ამავე მოწმობაში მითითებულია, რომ ქონება ეკუთვნის ს. ს-ოვს;

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ცოლ-ქმარი ს. და მ. ს-ოვები სხვადასხვა პერიოდში გარდაიცვალნენ სამკვიდრო გაიხსნა, როგორც ს. ს-ოვის გარდაცვალების შემდეგ 1992 წელს, ისე დედის მ. ს-ოვას გარდაცვალების შემდეგ 1995 წელს, ასევე ბ. ს-ოვის გარდაცვალების შემდეგ 1997 წელს.

სააპელაციო სასამართლომ ისე დაუნაწილა სამკვიდრო ქონება _ სადავო საცხოვრებელი სახლი ე. ა-ოვას, ი. ს-ოვასა და აწ გარდაცვლილი ბ. ს-ოვის მეუღლეს ე. ს-ოვას, რომ არ გაარკვია სამკვიდროს გახსნის დრო, ასევე ვის საკუთრებას წარმოადგენდა ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, აღნიშნული სახლი ს. ს-ოვის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონება იყო, როგორც სასარჩელო განცხადებაშია მითითებული, თუ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი და წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას.

საქმის მასალებითა და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ე. ა-ოვა და ი. ს-ოვი სამკვიდრო ქონების ფაქტიურ ფლობას დედის მ. ს-ოვას გარდაცვალების შემდეგ შეუდგნენ;

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდრო პირველად ს. ს-ოვის გარდაცვალების (1992 წელი) შემდეგ გაიხსნა, ამდენად, ჯერ უნდა განესაზღვრა ვინ მიიღო მემკვიდრეობა ს. ს-ოვის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო შემდეგ ვინ გახდა მ. ს-ოვასა და ბ. ს-ოვის მემკვიდრე.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მესამე პირს და-ძმა ე. ა-ოვასა და ი. ს-ოვს, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით ჰქონდათ გაშვებული და აღუდგინა იგი, ამასთან, ჩათვალა, რომ მათ მიიღეს მემკვიდრეობა დედის გარდაცვალების შემდეგ, რაც იურიდიულად დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი დასკვნაა; სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; თუ სასამართლო მიიჩნევდა დადგენილად, რომ მხარემ მიიღო, სამკვიდრო, მას ბუნებრივია აღარ უნდა ემსჯელა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების ან აღდგენის მიზანშეწონილობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას განჩინებაში მითითებული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ს-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.