საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №736აპ-25 ქ. თბილისი
პ-ი რ., 736აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. პ-ს - -, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.
რ. პ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ნ. ა-მა, ა. ა-მა და რ. პ-მა შ. ლ-ას მფლობელობაში არსებული „Toyota Camry“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი --) ანგარებით დაუფლების მიზნით, ამ უკანასკნელს თავის არეში, ჯგუფურად, მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები და წინასწარ მომარჯვებული ლითონის ბაგირით ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს. კერძოდ, ნ. ა-მა შ. ლ-ას ბაგირი მოუჭირა კისრის არეში, ხოლო ა. ა-მა და რ. პ-მა მისი წინააღმდეგობის გადალახვის, შეკავებისა და ტკივილის მიყენების მიზნით, სახის და თავის მიდამოში დაარტყეს მუშტები. მას შემდეგ რაც შ. ლ-ამ შეწყვიტა გადარჩენისკენ მიმართული მოძრაობები, ნ. ა-მა, ა. ა-მა და რ. პ-მა შ. ლ-ას სხეული მოათავსეს თავისივე ავტომანქანის საბარგულში და გადაიტანეს მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ს ტერიტორიაზე არსებულ მდინარე „დ-ას“ მიუდგომელ სანაპიროზე, სადაც ზემოაღნიშნული ბაგირით შეუკრეს ფეხები და ფეხებშეკრული, პირქვე მდგომარეობაში, რამდენიმე ასეული მეტრი ატარეს ქვაღორღიან ადგილებში, ბოლოს კი გვამი ჩაფლეს ორმოში და ზემოდან დააფარეს ხის ტოტები.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:
2.1. რ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. რ. პ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ რ. პ-ისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ რ. პ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და რ. პ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ რ. პ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. გ-მა და მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. პ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
8. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
9. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება N 401აპ-25).
10. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. რ. პ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
12. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება/ ინფორმაცია, რაც მიუთითებდა/დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რაც არ იქნა გათვალისწინებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას და რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება. კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები რ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია. სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ასახულია ქმედების კვალიფიკაციაში (მათ შორის „განსაკუთრებული სისასტიკით“ ჩადენა) და მაკვალიფიცირებელ გარემოებათა სიმძიმე გათვალისწინებული იქნა სასჯელის განსაზღვრისას.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნ. ა-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით (რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი ნ. ა-ისათვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შესახებ).
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრგიჭიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. პ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე