Facebook Twitter

საქმე # 330802225011931096

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№121I-25 ქ. თბილისი

ბ–ი მ., 121I-25 2 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ–ის (M. B.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ყაზახეთის რესპუბლიკაში მ. ბ–ის (M. B.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2019 წლის 10 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და მ. ბ–ის (M. B.) ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 367-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა);

1.2. 2019 წლის 12 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს სპეციალიზირებული საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, მ. ბ–ს (M. B.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;

1.3. 2019 წლის 13 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება მ. ბ–ის (M. B.) მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ;

1.4. 2019 წლის 26 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს სპეციალიზირებული საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, მ. ბ–ის (M. B.) მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა;

1.5. 2019 წლის 23 დეკემბრიდან მ. ბ–ი (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქართველოში მ. ბ–ის (M. B.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 9 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ–ი (M. B.);

2.2. 2025 წლის 11 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ბ–ს (M. B.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. 2025 წლის 21 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ბ–ისა (M. B.) და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე;

2.4. 2025 წლის 25 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ბ–ის (M. B.) ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.5. 2025 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ბ–ის (M. B.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 9 თებერვლამდე;

2.6. ამჟამად მ. ბ–ი (M. B.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № ... პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 14 მაისს, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. კ-ში, ა-ს პოლიციის ოფიცრებმა, მ. ბ–ის (M. B.) კუთვნილი მასაჟის სალონ „ს–ის“ შემოწმებისას დაადგინეს, რომ აღნიშნული სალონი, სინამდვილეში, გამოიყენებოდა პროსტიტუციისათვის. იმავე წლის 29 მაისს, ა–ს ოლქის პოლიციის დეპარტამენტში, მ. ბ–მა (M. B.) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, საქმის გამომძიებელს, ქრთამის სახით გადასცა 150 000 ყაზახური ტენგე.

4. 2025 წლის 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს 2019 წლის 10 სექტემბრის დადგენილებაში მ. ბ–ის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 367-ე მუხლი მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის ა-ს ოლქის ქ. კ-ს პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს 2019 წლის 10 სექტემბრის დადგენილებაში მ. ბ–ის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 367-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ–ის (M. B.) ადვოკატი თ. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას. დაცვის მხარის შეფასებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, მ. ბ–ის (M. B.) განმარტებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ბ–ის (M. B.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ–ი (M. B.) 2025 წლის 9 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

5.1.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედება დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 367-ე მუხლი მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

5.1.2. მითითებული ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება მ. ბ–ს (M. B.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 10 წელში მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მ. ბ–ისათვის (M. B.) ბრალად წარდგენი ქმედება ჩადენილია 2019 წელს. იმავე წელს, მ. ბ–ის (M. B.) მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი იძებნება ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

6.2. ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 და 71-ე მუხლებიდან გამომდინარე მ. ბ–ისათვის (M. B.) ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის ხანდაზმულობის ვადაა 5 წელი, ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება, თუ დანაშაულის ჩამდენი პირი ემალება გამოძიებას და სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადის დინება აღდგება პირის დაკავებიდან ან გამოცხადების მომენტიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით ასევე არ არის გასული ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. ბ–ის (M. B.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. ბ–ის (M. B.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2025 წლის 21 აგვისტოს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ბ–ი (M. B.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მ. ბ–ი (M. B.) არის ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 29 სექტემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 19 სექტემბერს, მ. ბ–ს (M. B.) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას მ. ბ–ის (M. B.) მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში სიცოხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე.

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ მ. ბ–ის (M. B.) მიერ გაცხადებულ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

10.1. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში ყახაზეთის რესპუბლიკაში მ. ბ–ის (M. B.) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; ამასთან, არ დგინდება, რომ მ. ბ–მა (M. B.), კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე, მიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთა მხრიდან მოხდა არაეფექტური რეაგირება. იმავდროულად, არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. ბ–ის (M. B.) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველჰყოფენ მის სათანადო დაცვას.

10.2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ მ. ბ–ი (M. B.) რაიმე ნიშნით იდევნება ყაზახეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. ამდენად, დაცვის მხარის ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. ბ–ის (M. B.) უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

12. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას“ (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

13. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტიები, რომ მ. ბ–ის (M. B.) მიმართ არ განხორციელდება დევნა ან/და დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით და იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება. ამასთან, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, იგი უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით.

14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

15. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს ყაზახეთის რესპუბლიკაში მ. ბ–ის (M. B.), მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ბ–ის (M. B.) მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ბ–ის (M. B.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ–ის (M. B.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე