¹ 3კ/477-01 27 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: საწარმოს (შპს) რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ს-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ა.-ს” წინააღმდეგ და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8. მუხლის საფუძველზე მოითხოვა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან ლ. და ნ. გ-ურებთან ერთად დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალი უნდა შევსებულიყო ქონებრივი შენატანის სახით, რაც არ განხორციელდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს “ა.-ს” რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზის გამოსასწორებლად დაენიშნა სამი თვის ვადა. შპს-მ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც ამავე სასამართლოს 2000 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ა.-ს” რეგისტრაცია გაუქმდა და დაინიშნა სალიკვიდაციო კომისია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ შპს-ს რეგისტრაციაში ხარვეზი არ არსებობს, რადგან საწესდებო კაპიტალში შეტანილია ქონება, კერძოდ, 133 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს “ა.-ს” საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1428 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა განხორციელებულიყო არაფულადი ქონებრივი შენატანის სახით. საწარმოს რეგისტრაციის მასალებში, ასევე, შპს-ს წესდებაში (5.2 მუხლში), არ არის მითითებული, თუ რა ობიექტია შეტანილი საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების სახით; არ არის მითითებული, ვინ რა ქონება შეიტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არაფულადი შენატანის საწესდებო კაპიტალში შეტანა პარტნიორების მიერ არ არის განხორციელებული. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3, 5.4 და 5.8 მუხლებზე.
საკასაციო საჩივრის ავტორები მოითხოვენ აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საზოგადოების (შპს-ს) ვალდებულებაზე პასუხი მოსთხოვა მის პარტნიორებს. კერძოდ, სარჩელი შეტანილი იყო შპს-ს მიმართ, სასამართლომ კი მოპასუხეებად მიიწვია პარტნიორები და არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. კასატორებს მიაჩნიათ, რომ ისინი (პარტნიორები) მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეები არიან.
კასატორები, ასევე, თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის საფუძვლებს და თავისი ინიციატივით მიუთითა რეგისტრაციის გაუქმების დამატებით საფუძვლებზე, როცა განჩინებაში აღნიშნა, რომ საწესდებო კაპიტალის ქონებრივი შენატანის შეტანის შესახებ მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის მასლებში (წესდებაში). აღნიშნულით სასამართლომ შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია, რაც კასატორებს საპროცესო ნორმის (სსსკ-ის 390-ე მუხლის) დარღვევად მიაჩნიათ, რადგან სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. ამ შემთხვევაში კი სასამართლომ საქმის არსებით მხარეზეც იმსჯელა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ნ. და ლ. გ-ურების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საპროცესო დარღვევებს სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთზე მითითებულია საკასაციო საჩივარში. მოცემულ შემთხვევაში კასატორები მიუთითებენ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო ნორმების დარღვევაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. კერძოდ:
1. საკასაციო საჩივარში მითითებულია სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ საქმის განხილვისას დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.
პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას, რადგან საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სამოქალაქო დავაში მოპასუხედ ეს საწარმო უნდა იქნეს ჩაბმული უშუალოდ პარტნიორების სახით. კასატორების მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი უნდა ყოფილიყო ჩაბმული დავაში, არასწორია, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლით, რომელიც არეგულირებს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, დადგენილია, რომ 9.1 მუხლში მითითებული პირები (შპს-ს შემთხვევაში – დირექტორები) საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. მოცემულ შემთხვევაში კი დავა პარტნიორსა და შპს-ს შორისაა და არა მესამე პირებთან. პალატა თვლის, რომ საწარმო (შპს) პარტნიორების სახით იმიტომ უნდა იყოს ჩაბმული საქმის განხილვაში, რომ სწორედ ისინი (პარტნიორები) არიან ვალდებულნი შეავსონ რეგისტრაციის ხარვეზი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლით დადგენილ ვადაში და არა საწარმოს (შპს-ს) დირექტორები ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირი.
2. პალატა იზიარებს კასატორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია შეცვალა და სარჩელის დაკმაყოფილების ახალ საფუძველზე მიუთითა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 390-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული ნორმით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 386-ე მუხლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სააპელაციო სასამართლო შეცვლის ან გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების შეცვლაში იგულისხმება მისი როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილის შეცვლაც. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო საქმეზე ახალი გადაწყვეტილება, რასაც სსსკ-ის 386-ე მუხლი ადგენს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საპროცესო ნორმის დარღვევას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული საფუძველი (“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4.3 მუხლი) საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას იწვევს. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ საწარმოს რეგისტრაცია არ აკმაყოფილებდა 5.4.3 “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნას. კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ იყო საბუთი შესრულებული შენატანის (უძრავი ქონების) შესახებ და ამის შესახებ არც საწარმოს წესდებაში იყო მითითებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სწორია, იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებულია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. და ნ. გ-ურების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.