Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/478-01 10 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1990 წლის 14 თებერვალს “ქ.” მაღაროთა სამმართველოს მძღოლმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნასვამ მდგომარეობაში, დ. ნ-ძეს მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც დ. ნ-ძემ 100%-ით დაკარგა შრომის უნარი. მძღოლის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო “ქ.” მაღაროთა სამმართველოს, 1991 წლის 18 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება: 3116 მანეთი ერთდროულად, ხოლო ყოველთვიურად 56 მანეთისა და 40 კაპიკის გადახდა.

1992 წლიდან მოპასუხემ დ. ნ-ძეს შეუწყვიტა სარჩოს გადახდა. 1998 წელს დ. ნ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ქ.” მიმართ და მოითხოვა 1992 წლის იანვრიდან 1998 წლის 1 დეკემბრამდე გადაუხდელი თანხის გადახდა. 1998 წლის 26 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით “ქ.” მაღაროთა სამმართველოს უფლებამონაცვლე სააქციო საზოგადოება “ქ.” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4978 ლარის გადახდა.

2000 წლის 5 მაისს დ. ნ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ქ.” მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, ყოველთვიური სარჩოს 160 ლარის ოდენობით სს “ქ.” დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2653 ლარის ერთდროულად გადახდა და 2001 წლის 24 იანვრიდან ყოველთვიურად 146 ლარის გადახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, სააქციო საზოგადოება “ქ.” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის 1 დეკმბრიდან 2001 წლის 1 მარტამდე პერიოდისათვის 3829 ლარისა და 50 თეთრის გადახდა. წინადადებიდან “ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე” ამოღებულ იქნა სიტყვა “ჯანმრთელობის”, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ. ნ-ძემ სს “ქ.” მუშაკის ბრალეული მოქმედებით 100%-ით დაკარგა შრომის უნარი. დ. ნ-ძე იღებს პენსიას 14 ლარის ოდენობით. იგი ადრე მუშაობდა პურის მიმღებ საწარმოში მე-5 თანრიგის ზეინკლად. სასამართლომ მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრა ზეინკლის ხელფასის მიხედვით. კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ 1998 წლის 1 ივლისიდან 1999 წლის 15 ივლისამდე ზეინკლის ხელფასი შეადგენდა 145 ლარს, ხოლო 1999 წლის 15 ივლისიდან _ 160 ლარს. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ყოველთვიურად დანიშნული პენსია 14 ლარის ოდენობით, რაც 1998 წლის 1 დეკემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე შეადგენდა 982,50 ლარს, ხოლო 1999 წლის 15 ივლისიდან 2001 წლის 1 მარტამდე _ 2847 ლარს, სულ 3829 ლარსა და 50 თეთრს, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი განისაზღვრა (160-14) 146 ლარის ოდენობით. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 458-ე, 472-ე, 476-ე, 482-ე, 474-ე მუხლები.

კასატორი მოითხოვს ყოველთვიური გადასახადის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო ერთიანი თანხის დაკისრების ნაწილში _ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:

1. ყოველთვიური გადასახადის ნაწილში არის კანონიერ ძალაში შესული 1991 წლის 18 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და შეეწყვიტა საქმის წარმოება.

2. 1991 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით სს “ქ.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ყოველთვიურად 58 მანეთი და 40 კაპიკი, აღნიშნული თანხა სასამართლოს უნდა გადაეყვანა დღევანდელ კურსზე და ამის მიხედვით განესაზღვრა ერთიანად გადასახდელი თანხა.

3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო სს “პ. მ.” ხელფასის ცნობას, მაშინ, როდესაც სათანადო კატეგორიის მუშის ან მოსამსახურის ხელფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 160 ლარი. ამასთან, მოსარჩელე ზიანის მიყენების მომენტში სს “პ. მ. ს.” არ მუშაობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სს “ქ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.

აღნიშნული ნორმის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ დავა მიმდინარეობს თუნდაც იმავე მხარეებს შორის სხვა საგანზე ან სხვა საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1991 წლის 18 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით “ქ.” მაღაროთა სამმართველოს დ. ნ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად დაეკისრა 3166 მანეთი და ყოველთვიურად 56 მანეთის და 40 კაპიკის გადახდა. ქუთბარიტის მაღაროთა სამმართველოს უფლებამონაცვლე საწარმომ _ სააქციო საზოგადოება “ქ.” დ. ნ-ძეს შეუწყვიტა ყოველთვიური სარჩოს გადახდა, რის გამოც დ. ნ-ძემ მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ქ.” მიმართ და მოითხოვა 1992 წლის იანვრიდან 1998 წლის დეკემბრამდე გადაუხდელი სარჩოს დაკისრება. 1998 წლის 26 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით სს “ქ.” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1992 წლის იანვრიდან 1998 წლის დეკემბრამდე პერიოდისათვის გადაუხდელი სარჩოს _ 4978 ლარის გადახდა. 2000 წლის 5 მაისს დ. ნ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ქ.” მიმართ და მოითხოვა 1998 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად გადასახდელი სარჩოს გადაანგარიშება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ადრე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას და ყოველთვიური სარჩოს დანიშვნას, ახლა კი მოითხოვა 1998 წლის დეკემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, ე.ი. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სხვა საფუძვლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 472-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ვნებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია მოვალეა აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან შემცირების შედეგად. ამავე კოდექსის 482-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის შრომის უნარის შემცირებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება წარმოებს ყოველთვიური გადასახდელებით.

ამავე კოდექსის 476-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვნების მიყენებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია მოვალეა აუნაზღაუროს დაზარალებულს შრომის უნარის დაკარგვით ან შემცირებით გამოწვეული ზიანი, ნაანგარიშები სათანადო კატეგორიის მუშის ან მოსამსახურის ხელფასის მიხედვით.

აღნიშნული მუხლების მიხედვით, ვნების მიყენებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია მოვალეა, მოახდინოს სასამართლოს მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება სათანადო კატეგორიის მუშის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად და ყოველთვიური გადახდით აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 1991 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ნ-ძის სასარგებლოდ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს სახით 58 მანეთი და 40 კაპიკი სასამართლოს უნდა გადაეყვანა დღევანდელ კურსზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. 1991 წლის 18 ივნისის და 1998 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ დ. ნ-ძე ვნების მიყენებამდე მუშაობდა პურის მიმღებ საწარმოში მე-5 თანრიგის ზეინკლად, რის გამოც ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა სასამართლომ განსაზღვრა ზეინკლის ხელფასის მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეს არასოდეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლოს პალატამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე სარჩოს ოდენობა გადაიანგარიშა პურის საწარმოში მე-5 თანრიგის ზეინკლის ხელფასიდან, რომელიც 1998 წლის 1 ივლისიდან 1999 წლის 15 ივლისამდე შეადგენდა 145 ლარს, ხოლო 1999 წლის 15 ივლისიდან _ 160 ლარს. ამ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორმა ვერ წამოაყენა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩოს ოდენობა არ უნდა განესაზღვრა პურის საწარმოში მომუშავე ზეინკლის ხელფასის მიხედვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სააქციო საზოგადოება “ქ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.