Facebook Twitter

¹3კ/480-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ა-შვილი და კ. მ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1990 წლიდან; 19..... წელს შეეძინათ ვაჟი _ ზ. მ-ძე. 1993 წელს მხარეები სასამართლო წესით განქორწინდნენ. ლ. ა-შვილმა 2000 წელს შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა კ. მ-ძისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ბავშვის აღზრდაში, მატერიალურად არ ეხმარება და არ ნახულობს ბავშვს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მამობის ჩამორთმევის ძირითადი მიზანია ბავშვის გვარის გამოცვალა და ბავშვის მოსარჩელის ამჟამინდელი მეუღლის გვარზე რეგისტრაცია, რაც იმასთან ერთად, რომ კ. მ-ძე წასულია საქართველოდან ობიექტური მიზეზების გამო, მოსარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.

ლ. ა-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობლებს (არც ან ერთ-ერთ მათგანს) შეიძლება ჩამოერთვათ მშობლის უფლება, თუ გამოირკვა, რომ ისინი (ან ერთ-ერთი მათგანი) სისტემატურად არიდებენ თავს შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ძე შვილს არ უხდის ალიმენტს არ ზრუნავს მის ჯანმრთბელობაზე, არავითარი ყურადღება არ გამოიჩინა მის მიმართ მაშინ როცა შვილმა ზედიზედ სამი ოპერაცია გაიკეთა, არ აინტერესებს ბავშვის ბედი, არ ცდილობს ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, პალატის მოტივაციით ზემოაღნიშნული მიუთითებს კ. მ-ძის მიერ შვილის აღზრდის მოვალეობის სისტემატიურად თავის არიდებაზე, რაც მამობის ჩამორთმევის საფუძველია.

კ. მ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოთხოვნა ემყარება შემდეგ საფუძველს:

კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლები, როდესაც თავისი თავისი ინიციატვით, აპელანტის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩააბა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოტივირების გარეშე და სათათბირო ოთახში გაუსვლელად. სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის II_III ნაწილები და 227-ე მუხლის II ნაწილი, რომელშიც შეეხება პროცესში მონაწილე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მხარეთა კამათში მონაწილეობის თანმიმდევრობას. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი, რადგან მშობლის უფლების ჩამორთმევა კანონმდებლის მიერ მიჩნეულია უკიდურეს ღონისძიებად და მისი გამოყენებისათვის დაწესებულია ისეთი აუცილებელი პირობები, რაც საქმეში მოცემული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. მ-ძეს და ნ. ა-შვილს 19..... წელს შეეძინათ შვილი ზ. მ-ძე; 1993 წელს ცოლ-ქმარი განქორწინა. 1994 წლიდან კ. მ-ძე მუდმივად იმყოფება საზღვარგარეთ რუსეთის რესპუბლიკაში; იგი არ უხდის შვილს ალიმენტს, არ მონაწილეობს მის ფიზიკურ და სულიერ აღზრდაში; სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით მშობლებს (ან ერთ-ერთ მათგანს) შეიძლება ჩამოერთვათ მშობლის უფლება, თუ გამოირკვა რომ ისინი (ან ერთ-ერთ მათგანი) სისტემატურად არიდებენ თავს შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას.

პალატა თვლის, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევა უკიდურესი ღონისძიებაა, რომლითაც წყდება შვილსა და მშობელს შორის როგორც იურიდიული, ისე სოციალური კავშირი, კანონის ნორმა სისტემატურ თავის არიდებაში გულისხმობის შემთხვევას როცა მშობელს აქვს როგორც ფიზიკური, ასევე მატერიალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, მაგრამ შეგნებულად ასეთს არ ახორციელებს;

კ. მ-ძე ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც ბუნებრივია მხარეს ესპობა ან შეზღუდული აქვს საშუალება მშობლიური მზრუნველობა გამოიჩინოს შვილისადმი; მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კ. მ-ძის მატერიალური მდგომარეობა იძლევა საშუალებას დაეხმაროს ფინანსურად შვილს, მაგრამ ასეთს ადგილი არ ჰქონია; გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მშობლის, კ. მ-ძის მიერ შვილის მიმართ ნაკლები მზრუნველობისა და უყურადღებობის გამომხატველი კი არის, მაგრამ არ შეიძლება მისი აღზრდის მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდების ბრალეულ ქმედებად იქნეს მიჩნეული.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი ძირითადი მოტივი, რომელმაც კ. მ-ძისათვის მამობის ჩამორთმევის მოთხოვნა განაპირობა მომავალში ზ. მ-ძისათვის გვარის შეცვლაა; პალატის აზრით აღნიშნული არაპირდაპირ ადასტურებს, მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობას;

ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. მ-ძის წარმომადგენლების გ. და ბ. გ-იანების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ლ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრდება.