Facebook Twitter

¹3კ/481-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: მამად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე დ. ნ-ოვი დაბადებულია 19..... წლის .... მაისს. დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერის “მამის” გრაფაში მამად მითითებულია ს. ნ-ოვი, ხოლო “დედის” გრაფაში დედად ჩაწერილია ლ. ნ-ოვა. დ. ნ-ოვმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. გ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ს. გ-ძის მამად ცნობა. თავის სასაჩრელო მოთხოვნას მოსარჩელე დ. ნ-ოვი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: მისი მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან, რის გამოც დაბადების მოწმობაში მამის გვარის მაგივრად ჩაწერილია დედის გვარი. მოპასუხე ს. გ-ძე და დედამისი მის დაბადებამდე ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას, რაც საფუძველს აძლევს მოითხოვოს მის მამად გ-ძის აღიარება.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს. გ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა. მართალია, მოსარჩელის დედასთან, ლ. ნ-ოვასთან ჰქონდა, ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ის მასთან ერთად ერთ ოჯახად არ ცხოვრობდა და არც ერთიან მეურნეობას ეწეოდა. მოსარჩელის დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა მოსარჩელის დაბადებამდე ერთი წლით ადრე.

თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეთა განმარტებები იმის შესახებ, რომ ს. გ-ძე და მოსარჩელის დედა ლ. ნ-ოვა ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოწმეებს სუბიექტური განწყობა აქვთ საქმის შედეგისადმი. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა მოსარჩელის აღზრდსა და რჩენაში. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ოვმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ნ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა: ს. გ-ძე ცნობილ იქნა დ. ნ-ოვის მამად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს. გ-ძე 1977-78 წლებში ცხოვრობდა მოსარჩელის დედასთან, ლ. ნ-ოვასთან აპელანტის დაბადებამდე, ორი თვით ადრე ისინი ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დ. ნ-ოვის მოსაზრება და ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლო გადაყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე გ-ძის ახსნა-განმარტებას, რომელიც არაფრით დასტურდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. გ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებული პირები არიან. გაუგებარია, საიდან მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ იგი ცხოვრობდა ლ. ნ-ოვასთან, რადგან საქმეში გარდა ცრუმოწმეების და მოსარჩელის განმარტებისა არავითარი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ მოსარჩელე მისი შვილია.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამრათლომ მოწმეების: ლ. ნ-ოვას, ს. ბ-ავას, ს. კ-იას, წ-ძის ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის დედა ლ. ნ-ოვა და მოპასუხე ს. გ-ძე ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას წლინახევრის განმავლობაში. ასეთი ურთიერთობა შეწყვიტეს მოსარჩელის დაბადებამდე ორი თვით ადრე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია. სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა აღნიშნული მოწმეების ჩვენებები, რადგან ისინი ცრუ მოწმეები არიან. საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებები ეჭვის ქვეშ დადგებოდა. მოპასუხე თავის შესაგებელს ამყარებდა მხოლოდ საკუთარ ჩვენებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კასატორის პრეტენზია ამ მიმართებით დასაბუთებული არ არის. ყოეველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.