Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/482-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 17 ოქტომბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ლ. ბ-შვილმა აღძრა სარჩელი მოპასუხე ნ. ხ-უას მიმართ.

სარჩელის თანახმად, ლ. ბ-შვილი 1963 წლიდან იყო ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 8\42 წილის მესაკუთრე. მის გარდა აღნიშნულ სახლს ჰყავდა კიდევ ორი მესაკუთრე: ნ. მ-შვილი 18\42 წილის და თ. პ-შვილი 16\42 წილის მესაკუთრეები.

1999 წლის 26 ივნისს ლ. ბ-შვილმა ნ. მ-შვილისაგან ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდა აღნიშნული სახლის 18\42 წილი და გახდა 26\42 წილის მესაკუთრე.

ლ. ბ-შვილის განმარტებით, მისმა შვილმა ლა. ბ-შვილმა დროებით შეიფარა აფხაზეთიდან ლტოლვილი ნ. ხ-უა, რომელმაც ისარგებლა მესაკუთრის ნდობით და მოინდომა ბინის ხელი ჩაგდება. მოსარჩელემ რამდენჯერმე მოსთხოვა მოპასუხეს ბინის გათავისუფლება, მაგრამ უარი მიიღო.

სარჩელში ლ. ბ-შვილმა ითხოვა ნ. ხ-უას გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე სახლიდან.

ნ. ხ-უამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ აღნიშნული ბინა არავის საკუთრება არ ყოფილა. იგი უკანონოდ ჰქონდა მისაკუთრებული ნ. მ-შვილს, რომელმაც შემდეგ მიჰყიდა ლ. ბ-შვილს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ხ-უა გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 6 მარტს განიხილა ნ. ხ-უას სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა იგი, გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელე ლ. ბ-შვილს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მართალია, 1998 წლის 26 ივნისს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ. ბ-შვილმა ნ. მ-შვილისაგან შეიძინა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 18\42 ნაწილი, მაგრამ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება სადავო ფართის მესაკუთრედ ლ. ბ-შვილის აღრიცხვის თაობაზე.

საკასაციო საჩივარში ლ. ბ-შვილის ადვოკატმა გ. გ-ემ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ლ. ბ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 30 მარტის ¹ 24-634 ცნობაზე, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის სადავო 18\42 ნაწილი 1998 წლის 26 ივნისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. ბ-შვილის სახელზე.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ლ. ბ-შვილი არ იყო სადავო ბინის მესაკუთრედ აღრიცხული საჯარო რეესტრში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კასატორმა წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ სადავო სახლთმფლობელობა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. ბ-შვილის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ცნობით.

ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს ახალ მტკიცებულებას, ამიტომ იგი შესაფასებლად და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.