Facebook Twitter
ბს-333-264-კ-05 17 ნოემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია

დავის საგანი: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 21.01.02წ ¹8 გადაწყვეტილების გაუქმება და ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
ვ. დ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, თანამოპასუხე მ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილების გაუქმება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის 28.03.01წ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე, ვ. დ.-მ უარი განაცხადა თავის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლოს 13.05.04წ. განჩინებით დააკმაყოფილა და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა. 17.0.04წ. საქმის მომზადების სტადიაზე მესამე პირმა მ. ფ.-ე-ბერიძემ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მოპასუხე მ. ფ.-ის იმართ, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ ¹8 გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის 28.02.02წ დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის საიჯარო ხელშეკრულების შესახებ გაიგო მოგვიანებით, ხელშეკრულების დადებით შეილახა მისი კანონიერი ინტერესები, ვინაიდან იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია და ვიდრე მხარეებს შორის დაიდებოდა საიჯარო ხელშეკრულება უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი მიწის იჯარით გაცემის შესახებ, სადაც მას მიეცემოდა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.05.04წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ.-მ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 13.10.04წ. განჩინებით მ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ფ.-ზე მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის დროს, დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაცემის წესის შესახებ” დებულება. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის ეს მითითება რაიმე სამართლებრივ ნორმას არ ეყრდნობა. აპელანტი ვერ უთითებს კონკრეტულად დებულების რომელიმე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ანალოგიური დავა ი. ფ.-სა და მ. ფ.-ს შორის განხილულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 11.11.02წ. გადაწყვეტილებით და ი. ფ.-ს უარი ეთქვა აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებაზე, რადგანაც პალატამ მიიჩნია, რომ იგი დადებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაწყვეტილება შესულია კარნონიერ ძალაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მ. ფ.-ზე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 1,0 ჰა მიწის ნაკვეთი იჯარის წესით გაცემულია კანონიერად. პალატამ ასევე ჩათვალა, რომ სადავო ტერიტორია საქმის მასალების მიხედვით ეკუთვნის ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობას და ის ითვლება მიწის მოიჯარედ, რომელმაც ფაქტიურად მიწა ქვეიჯარის სახით გასცა მ. ფ.-ზე, ამის უფლება მას ჰქონდა სკ-ის 587-ე მუხლის შესაბამისად. მართალია იჯარის ხელშეკრულება გასცა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, მაგრამ ყოველივე ეს მოხდა ხელვაჩაურის რაიონის სატყეო მეურნეობასთან შეთანხმებით, რისი უფლებაც კანონის თანახმად გააჩნია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სარჩელი დატოვა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ფ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სკ-ის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარა მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში, ხოლო მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. განსახილველ შემთხვევაში მოიჯარეს არა თუ გადახდილი აქვს თანხა, არამედ დღემდე არ არსებობს მესაკუთრის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო სატყეო მეურნეობაზე მიწის იჯარით გაცემის შესახებ. სადავო მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცა კონკურსის ჩატარების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებით დამტკიცებული დებულება. მართალია ხსენებული დებულებით დაშვებულია მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა კონკურსის გარეშე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება განაცხადი ერთი მსურველის გარდა. განსახილველ შემთხვევაში უტყუარადაა დადასტურებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით მიღების მომენტისათვის იყო არაერთი მსურველი, რაც დასტურდება იმით, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მ. ფ.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა, მხარეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა საკასაციო პალატის სხდომის ჩატარების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განხილვისათვის უნდა გაეგზავნს აჭარის ა/რ უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
გასაჩივრებული განჩინებით მ.ფ.-სა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების კანონიერება დადგენილად მიჩნეულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის საქმეში დაცულ 11.11.02წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული საქმის მონაწილეები იყვნენ მოსარჩელე ი. ფ.-ე, მოპასუხე მ. ფ.-ე და მესამე პირები _ ხელვაჩარის რაიონის გამგეობა და ხელვაჩაურის სახელმწიფო სატყეო მეურნეობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დავა იმავე მხარეებს შორის, რის გამოც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.11.02წ. კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებას მოცემული საქმისათვის არ აქვს განსახილველი დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვენელობა.
საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია, მიწის იჯარით გაცემის შესახებ საინფორმაციო ცნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით გამოაქვეყნოს კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია ზემოთაღნიშნული დებულების მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მ. ფ.-ე-ბერიძეს უნდა სცოდნოდა სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას არ ათავისუფლებდა იჯარით გასაცემ მიწის ნაკვეთზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კონკურსის გამოცხადების ვალდებულებისაგან. დებულების თანახმად, უკონკურსოდ მიწის იჯარით გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც მიწის იჯარით გადაცემას ერთი პირი ითხოვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკონკურსოდ მიწის იჯარით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის საჯაროდ გამოცხადებიდან კონკურსის ჩატარების დღემდე მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას საკონკურსო განაცხადით მიმართავს მხოლოდ ერთი პირი. განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის უკონკურსოდ გადაცემა ადასტურებს ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იჯარის ხელშეკრულების დადებას.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარედ ითვლება ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა, რომელმაც სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლების საფუძველზე მიწის ნაკვეთი ქვეიჯარით გადასცა მ. ფ.-ს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დადებულია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის, სკ-ის თანახმად, მიწის ნაკვეთის ქვეიჯარით გამცემი შეიძლება იყოს მხოლოდ მოიჯარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ხელვაჩაურის სახელმწიფო სატყეო მურნეობის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მ. ფ.-ისათვის გადაცემა, საქმეში არ მოიპოვება სადავო მიწის ნაკვეთის სატყეო მეურნეობისათვის იჯარით გაცემა, საქმეში არ არის დაცული იჯარის ხელშეკრულება, იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტაცია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში მესამე პირად ჩართული მ. ფ.-ე-ბ.-ე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით მოითხოვს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მ. ფ.-ესა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულება 28.02.01წ. არის დათარიღებული. ამდენად, საქმეზე დაზუსტებას საჭიროებს დავის საგანი, კერძოდ, დასადგენია თუ როდის დაიდო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილების საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა დააზუსტოს დავის საგანი, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს, საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ.-ე-ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.10.04წ. განჩინება. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.