¹ 3კ/486 18 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი :
სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ელექტროსისტემა “ს.-მ” 1999 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო კომპანია “ე.-ის” (შემდგომში - სს “ე.-ა) წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის 1999 წელს დადებული ხელშეკრულებით მოპასუხე სახელმწიფო კომპანია “ე.-ა” ვალდებული იყო მიეღო სს “თ.-სთან” გაფორმებული ხელშეკრულებით სს “თ.-ისათვის” მიწოდებული ელექტროენერგიის მომსახურებისათვის განკუთვნილი მთლიანი თანხა, საიდანაც მოსარჩელეს ანუ სს გაერთიანებულ ენერგოსისტემა “ს.-ს” ჩაურიცხავდა ელექტრო-გატარებისათვის კუთვნილ თანხას 1999 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდის გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 1143561 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა ამ თანხის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
1999 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს “ე.-ს” გადასახდელად დაეკისრა 877061 ლარი და 14 თეთრი.
1999 წლის 17 ოქტომბერს სს “ე.-მ” საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი უეცარი ავადმყოფობით, რაც სასამართლოს საპატიოდ უნდა ჩაეთვალა.
1999 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ზემოთ მითითებული საჩივარი, მაგრამ არ დააკმაყოფილა იგი და უცვლელად დატოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორს სს “ე.-ის” წარმომადგენელს ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთი სასამართლო პროცესზე არ წარუდგენია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ 1999 წლის 22 ოქტომბერს მიღებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა საოლქო სასამართლოს.
2000 წლის 19 ოქტომბერს მოპასუხის თხოვნით საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაბმულ იქნა “სა.-ო”, ხოლო იმავე დღის სხდომაზე ადგილზე თათბირით საოლქო სასამართლომ გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე 1999 წლის 28 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შეუდგა საქმის არსებითად განხილვას.
2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს “ე.-ს” მოსარჩელე სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “ს.-ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 877061,14 ლარი და განესაზღვრა მისი გადახდის წესი, მასვე გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5000 ლარის - “ს.-ს” სასარგებლოდ გადახდა.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1999 წელს სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა “ს.-სა” და სს “ე.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა ელექტროენერგია, რომელიც თავის მხრივ აანაზღაურებდა მის ღირებულებას, “თ.-ისათვის” მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურიდან ამ უკანასკნელის მიერ თანხების ჩამორიცხვის შემდეგ.
1999 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის შედგა შედარების აქტი, რომლითაც 1999 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სს “ე.-ის” დავალიანება განისაზღვრა 1143561,14 ლარით.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის ივნისსა და აგვისტოში მოპასუხემ სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა “ს.-ს” გადაუხადა 266500 ლარი.
საოლქო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება იყო პირობითი გარიგება. ამ გარიგების მიხედვით სს “ე.-ს” მოსარჩელის წინაშე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა “თ.-ის” მიერ სს “ე.-ისათვის” მომსახურების მთლიანი საფასურის გადახდის შემდეგ. ვინაიდან “თ.-მ” 1998 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 1999 წლის იანვარ-თებერვალ-მარტ-აპრილში, სს “ე.-სა” და სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “ს.-ს” შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხეს - გადახდის ვალდებულება.
2001 წლის 11 აპრილს სს “ე.-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
მას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა კი იმაში გამოიხატება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო პირობითი ხელშეკრულება, რომლის 2.3 პუნქტი მიუთითებდა, რომ მხარეები ურთიერთანგარიშსწორების დროს ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ “თ.-ის” მიერ წამოყენებული ყველა პირობა თანაბარწილად, ანუ მხარეები ითვალისწინებდნენ “თ.-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასაც და ურთიერთანგარიშსწორების დროს ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული.
საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს მხარეებმა საკასაციო პალატას წარუდგინეს შეთანხმება იმის შესახებ, რომ დავა დაასრულონ მორიგებით და საქმის წარმოება შეწყდეს.
მხარეებმა ურთიერთშეთანხმების დოკუმენტში მიუთითეს:
1. სს “ს.-ო” თანახმაა, მიიღოს სს “ე.-ისაგან” დავალიანება 747000 ლარის ოდენობით 8 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 93375 ლარის ოდენობით.
2. სს “ე.-ა” თანახმაა, გადაუხადოს სს “ს.-ს” დავალიანება 747000 ლარის ოდენობით 8 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 93375 ლარის ოდენობით.
მხარეებმა ამავე დოკუმენტში თანხმობა გამოთქვეს, რათა გადახდის აღსრულება დაიწყოს სასამართლო წესით წინამდებარე შეთანხმების დამტკიცების დღიდან 14 დღის შემდეგ.
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნული 74700 ლარის მთლიანად გადახდის შემდეგ 130061 ლარი დებიტორულ დავალიანებად დარჩება სს “ე.-ს” სს “ს.-ს” სასარგებოდ, რომელსაც სს “ე.-ა” გადაიხდის სს “თ.-ის” მიერ მისი კუთვნილი თანხის დაფარვის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილია რა შეთანხმების პირობები მორიგების შესახებ, პალატა უფლებამოსილია, დაამტკიცოს მხარეთა მორიგება და საქმის წარმოება შეწყვიტოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს სააქციო საზოგადოება “ს.-სა” და სააქციო საზოგადოება “ე.-ს” შორის 2001 წლის 3 ივლისის მორიგება შემდეგი პირობით:
1. სააქციო საზოგადოება “ს.-ო” თანახმაა, მიიღოს სააქციო საზოგადოება “ე.-ისაგან” დავალიანება 747000 ლარის ოდენობით 8 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 93375 ლარის ოდენობით.
2. სააქციო საზოგადოება “ე.-ა” თანახმაა, გადაუხადოს სააქციო საზოგადოება “ს.-ს” დავალიანება 747000 ლარის ოდენობით 8 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 93375 ლარის ოდენობით.
წინამდებარე შეთანხმების აღსრულება დაიწყოს მორიგების სასამართლოს წესით დამტკიცების დღიდან 14 დღის შემდეგ.
ზემოთაღნიშნული თანხის (747000 ლარი) მთლიანად გადახდის შემდეგ 130061 ლარი დარჩება სააქციო საზოგადოება “ე.-ის” დებიტორულ დავალიანებად სს “ს.-ს” სასარგებლოდ, რომელსაც სს “ე.-ა” გადაიხდის სს “თ-ის” მიერ მისი კუთვნილი თანხის დაფარვის შემდეგ.
მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
სს “ე.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 2500 ლარი. აქედან 70% ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, ხოლო 30% - სახ.ბიუჯეტის ანგარიშზე.
განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.