საქმე # 190100124009939727
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №887აპ-25 ქ. თბილისი
ა–ი მ., 887აპ-25 12 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – მ. ა–ს, პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მ. ა–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, მიიჩნევდა, რომ ქალს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, აგინებდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, თ. ა–ას. 2024 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, მათ სახლში, ამავე მოტივით, მ. ა–მა, შეპასუხების გამო, ნაჭრის თასმის, სამჯერ, მარცხენა მხრის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – თ. ა–ას – მიმართ. მ. ა–ის ქმედებებით თ. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:50 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ვ. გ–ის სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, რამდენიმე დღის წინ მისდამი ძალადობის გამო, მ. ა–მა, ცხვირის მარცხენა არეში ქვის მორტყმისა და მარცხენა ყურის არეში ჯოხის ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის ძმის, ვ. გ–ის მიმართ. მ. ა–ის ქმედებებით ვ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენით:
2.1. მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში;
2.2. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2024 წლის 18 ივლისიდან 2024 წლის 22 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა:
2024 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:50 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ვ. გ–ის სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, რამდენიმე დღის წინ მისდამი ძალადობის გამო, მ. ა–მა, ცხვირის მარცხენა არეში ქვის მორტყმისა და მარცხენა ყურის არეში ჯოხის ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის ძმის, ვ. გ–ის მიმართ. მ. ა–ის ქმედებებით, ვ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა მ. ა–ის სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, – მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და ამ ქმედებისთვის განსაზღვრული სასჯელი.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ,
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. ბრალდებულს „უნდა შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).
12. დაზარალებულმა თ. ა–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის მ. ა–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
13. №...... შეტყობინებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეტყობინების ინიციატორია ვ. გ–ი, რომელიც უთითებს, რომ დას - თ. ა–ას კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, თავზე ჯოხი დაარტყა და სისხლი სდის. დის მეუღლე - მ. ა–ი არის ალკოჰოლით მთვრალი.
13.1. სასამართლო ითვალისწინებს ვ. გ–ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ შეტყობინებაში მითითებული ძალადობის ფაქტი უკავშირდება არა თ. ა–ას მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არამედ მის მიმართ მ. ა–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას (რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულია მ. ა–ი). მართალია, მოწმემ ჩვენებაში მიუთითა, რომ მის მიმართ ძალადობამდე ერთი დღით ადრე, ანუ 2024 წლის 16 ივლისს, მ. ა–მა თ. ა–ას მიმართაც იძალადა, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ. ა–ს ბრალი ედება მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში 2024 წლის 15 ივლისს, ასევე მოწმის მიერ 16 ივლისის ძალადობის ფაქტის აღწერა განსხვავდება მ. ა–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან.
14. №.. შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან მიმართებით (რომლის თანახმად, თ. გ-ზე ფიზიკურად იძალადა მისმა მეუღლემ – მ. ა–მა, ასევე, იგი სისტემატურად ძალადობს ფსიქოლოგიურად, აყენებს სიტყვიერად შეურაცხყოფას და მიმართავს უცენზურო სიტყვებით. მ. ა–ი თ. გ–ზე ძალადობს გენდერის ნიშნით, საკუთარი მამაკაცური ძალის დემონსტრირებისა და უპირატესობის დამტკიცებით. იგი ეუბნება, რომ არის მამაკაცი და როგორც ეტყვის, ისე უნდა მოიქცეს, რადგან მისი აზრია მთავარი) სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში ზოგადადაა მითითებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების აღწერის გარეშე. ამასთან, შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ ცნობილი არ არის უდავოდ.
15. მოწმე რ. ს-ს გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნებული) დგინდება, რომ რ. ს–ა ძალადობის თვითმხილველი არ ყოფილა არც მითითებულ დღეს და არც – წარსულში. მოწმემ მიუთითა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, თუმცა მოცემული გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას სიტყვიერი შეურაცხყოფის ინტენსივობის, მისი გამოხატვის ფორმისა და დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის შესახებ.
16. მოწმეები: მ. ჩ–ი, თ. გ–ი, ნ. ს–ი და ზ. ს–ი არ ყოფილან თ. ა–ას მიმართ მ. ა–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის თვითმხილველები. მათ სასამართლოში დაადასტურეს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დაზარალებულ თ. ა–ას მონაწილეობით, რომელზეც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
18. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება მ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
19. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე მ. ა–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე