საქმე # 190100124010664313
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №995აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ნ. 995აპ-25 27 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ბ–ის, – პირადი ნომერი: ………., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N....-ში მდებარე სახლში, ნ. ბ–მა ყოფილი მეუღლის დედასთან – მ. ბ–თან სიტყვიერი კამათის გამო გაბრაზებულმა, ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა და მოკლავდა. აღნიშნულის შემდგომ ნ. ბ–მა მ. ბ– მიმართ კვლავ გაგრძელა ძალადობრივი ქმედება და ძლიერად მოქაჩა თმა. მ. ბ–ემ მასზე განხორციელებული ძალადობრი ქმედებების დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. ბ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N....-ში მდებარე სახლში, ყოფილი მეუღლის დედასთან – მ. ბ–თან სიტყვიერი კამათის გამოც გაბრაზებული ნ. ბ–ი მ. ბ– დაემუქრა, რომ თავს გაუტეხავდა. აღნიშნულის შემდგომ, ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა და მოკლავდა. აღნიშნულის შემდგომ ნ. ბ–მა მ. ბ– მიმართ კვლავ გააგრძელა ძალადობრივი ქმედება და ძლიერად მოქაჩა თმებზე. ნ. ბ–ის ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მიმართ მ. ბ–ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ნ. ბ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით:
2.1. ნ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. ბ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ნ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა. კასატორი ითხოვს ნ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ნ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ. ბ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ბ–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულისა და გამომძიებლების ჩვენებები, არასრულწლოვანი ნ. და მ. ბ–ეების გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის განცხადება, გარეგნული დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი) საკმარისია ნ. ბ–ის მიმართ ძალადობის ან/და მუქარის ეპიზოდში/ებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან მხოლოდ დაზარალებული უთითებს ნ. ბ–ის – მისი შვილის ყოფილი მეუღლის – მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაზე, აღნიშნული არ დასტურდება სხვა არც ერთი - არც პირდაპირი და არც გარემოებითი - მტკიცებულებით.
10.1. არასრულწლოვანმა მოწმეებმა: მ. ბ–მ და ნ. ბ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (დედის) – ნ. ბ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
10.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – ნ. ბ–ის მიერ მ. ბ–ის მიმართ ძალადობის/მუქარის – შემსწრენი ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).
10.3. გარეგნული დათვალიერების 2024 წლის 15 ნოემბრის ოქმის თანახმად, მ. ბ–ეს გარეგნული დათვალიერებისას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება (ტ. N1; ს.ფ. 9)
10.4. 2024 წლის 15 ნოემბრის განცხადება (შეტყობინება), ასევე შემაკავებელი ორდერი, უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის – დაზარალებული. შესაბამისად, იგივე წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, ამასთან, არ არის ცნობილი უდავოდ. ნ. ბ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში; მოწმეების ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ნ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის/ების ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ნ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს გამართლებულის სასარგებლოდ.
14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე, ნ. ბ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე