Facebook Twitter

საქმე # 330100123008093740

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №914აპ-25 ქ. თბილისი

კ. დ. 914აპ-25 21 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ას, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 1 ოქტომბერს, დღის საათებში, ქალაქ თ–ში, რ–ს ქუჩის N..-ში და შ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, დ. კ–ამ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის – თ. ს–ას – მიმართ. კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით დ. კ–ამ ჩაიდინა – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით დ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. კ–ას განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. აპელანტმა მოითხოვა დ. კ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა დ. კ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი, დ. კ–ას მიმართ, დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დავით ხვედელიძემ. კასატორი ითხოვს დ. კ–ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ დ. კ–ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. კ–ას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. კ–ას წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. ს–ამ (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის– დ. კ–ას (მეუღლის) – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები/ჩვენებები, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის 2023 წლის 1 ოქტომბრის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა) საკმარისია დ. კ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – დ. კ–ას მიერ თ. ს–ას მიმართ ძალადობის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

11.2. განცხადება (შეტყობინება) უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

11.3. არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

11.4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის N186აპ-25 განჩინება).

11.5. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – აღნიშნულით ფიზიკური ტკივილის მიყენება. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა.

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – დ. კ–ას – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; დ. კ–ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან დ. კ–ას მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში/ჩვენებაში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება დ. კ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

15. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი, დ. კ–ას მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე