¹ 3კ/494-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: საკუთრების სხვისი მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თ.-ი” ტრესტ “თ.-ის”, ხოლო შპს “გ.-ი” შპს “დ.-ს” უფლებამონაცვლეები არიან. სს “თ.-ი” გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების მაგისტრალური გაზსადენის, მათზე მიერთებული გამანაწილებელი ქსელებისა და თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენების მესაკუთრეა.
1996 წლის 13 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო კონტრაქტი ხუთი წლის ვადით, რომლის შესაბამისად “გ.-ს” უნდა აღედგინა “თ.-ის” ბალანსზე რიცხული გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების მაგისტრალური გაზსადენი, მათზე მიერთებული გაზგამანაწილებელი ქსელები და იმ გაზსადენით მიეწოდებინა ბუნებრივი აირი ოქროყანის, წყნეთისა და ბაგების დასახლების მოსახლეობისათვის. აღდგენითი სამუშაოების დასრულებისა და შპს “გ.-ის” მიერ ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, “თ.-ს” გაზსადენი ექსპლუატაციაში უნდა მიეღო მთლიანობაში. კონტრაქტის ამ პირობის შესრულების შემდეგ მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო დამატებითი ხელშეკრულება გაზსადენის მომსახურებაზე, მაგრამ მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
შპს “გ.-ი” სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ აგრძელებდა ხსენებული გაზსადენების ფლობასა და სარგებლობას.
ამავე პერიოდში მოპასუხემ განახორციელა თბილისის ტერიტორიაზე გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იგი ამჟამადაც განაგრძობს მათ ექსპლუატაციას.
1999 წლის 30 აპრილს სს “თ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა გაზსადენების უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვა, 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის შეწყვეტა და 2,6 მილიონი ლარის “გ.-ზე” დაკისრება, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის სახით.
მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხემ დაარღვია 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის პირობები _ უხარისხოდ და არასრული მოცულობით ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები და არ წარმოუდგენია მას ტექნიკური დოკუმენტაცია, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს მიეღო გაზსადენი ექსპლუატაციაში. ამის გამო ვერ გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება ქსელებისა და მათზე არსებული მოწყობილობების საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ; შპს “გ.-ი” ყოველგვარი იურიდიული საფუძვლისა და ნებართვის გარეშე შეიჭრა და უნებართვოდ დაეპატრონა “თ.-ის” კუთვნილ სხვა გაზსადენებსაც, მოახდინა მისი უკანონო გადაჭრა-გადართვა, ექსპლუატაციაში მიუღებელი გაჩიანი-ფონიჭალა-ბაგების მაგისტრალური გაზსადენიდან შეუშვა აღნიშნულ მილსადენებში გაზი და დაიწყო თბილისის მომხმარებლების გაზით მომარაგება.
1999 წლის 21 სექტემბერს შპს “გ.-მ” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის ბათილად ცნობა და 1296210 ლარის მოსარჩელეზე დაკისრება. აღნიშნული თანხა შეადგენდა, როგორც კონტრაქტით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას (420330 ლარი), ისე თბილისის ტერიტორიაზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ღირებულებასაც (495880 ლარი), ასევე მიუღებელ შემოსავალსა და მორალურ ზიანს _ 380000 ლარს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სარჩელი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “გ.-ის” შეგებებული სარჩელი და “თ.-ს” “გ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1 235 900 ლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 1996 წლის 13 აგვისტოს დადებული კონტრაქტი, როგორც ცდომილების ზეგავლენით დადებული გარიგება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.-მ”. აპელანტი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არასწორად შეაფასა; 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტი არ წარმოადგენს საიჯარო ურთიერთობას, რადგანაც მას არ ახასიათებს ის ნიშნები, რომლებიც კანონითაა განსაზღვრული; მოპასუხემ უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატარა თბილისის გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე უკანონოდ აწარმოებს მათ ექსპლუატაციას. აღნიშნულის გამო, “თ.-მ”, როგორც მესაკუთრემ ვერ შეძლო მიეღო შემოსავალი და ამით მიადგა ზიანი.
აპელანტი მიუთითებდა, რომ “გ.-ი” იყო გაზსადენის არაკეთილსინდისიერი მფლობელი და სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, როგორც მესაკუთრემ, მოითხოვა გაზსადენებისა და მათი ექსპლუატაციით მიღებული სარგებლის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სარჩელი, შეწყვეტილ იქნა ხელშეკრულება, “თ.-ს” დაუბრუნდა მისი კუთვნილი ქსელები, ქსელების ნაწილი გაზის მიწოდების უფლებით დარჩა შპს “გ.-ს”. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “გ.-ის” შეგებებული სარჩელი. შპს “გ.-ის” მიერ გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების გაზსადენის აღდგენაზე გაწეული სამუშაოების შესრულებისათვის სს “თ.-ს” შპს “გ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 420330 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივნისის განჩინებით ამ საქმეზე გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ აუცილებელია საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სარჩელი. შეწყვეტილ იქნა ტრესტ “თ.-სა” და შპს “დ.-ს” შორის 1996 წლის 13 აგვისტოს დადებული კონტრაქტი, შპს “თ.-ს” დაუბრუნდა მისი კუთვნილი გაზსადენები. სს “თ.-ს” უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის 2196632 ლარის შპს “გ.-ისათვის” დაკისრებაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “გ.-ის” შეგებებული სარჩელი და სს “თ.-ს” გადასახდელად დაეკისრა 916210 ლარი შპს “გ.-ის” სასარგებლოდ, შპს “გ.-ის” მოთხოვნებს 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის ბათილად ცნობისა და 183242 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პალატამ მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან გაზსადენების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის გაწეული ხარჯების ოდენობას.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად თვლის, რომ შპს “გ.-ი” 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე ფლობდა გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგებისა და მასზე მიერთებული გაზის გამანაწილებელ ქსელებს. სს ,,თ.-ი” არ ითხოვდა გაზსადენის დაბრუნებას და უფლებას აძლევდა მფლობელს მიეღო გაზის მიწოდებიდან სარგებელი. Aაღნიშნულ გარემოებათა გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,გ.-ი” გაზსადენის კეთილსინდისიერი მფლობელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა საქმიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება შეუძლებელია, რის გამოც გაზიარებულ უნდა იქნეს “თ.-ის” მოთხოვნა კონტრაქტის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად შეწყვეტის თაობაზე მისი შესრულების შეუძლებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო გაზსადენის მისთვის დაბრუნების მოთხოვნის მომენტიდან მოპასუხე კეთილსინდისიერი მფლობელია, რომელმაც დაკარგა ნივთის ფლობის უფლება და ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. “გ.-ი” ვალდებულია დაუბრუნოს მესაკუთრეს გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების 32 კმ. სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი მასზე მიერთებული ქსელებით, ხოლო “თ.-ი” თავის მხრივ, ვალდებულია აუნაზღაუროს “გ.-ს” გაზსადენის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “გ.-ი” თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენის არაკეთილსინდისიერი მფლობელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “გ.-ის” მფლობელობაში არსებული გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების 32 კმ. სიგრძის გაზსადენი და თბილისში რეაბილიტიზებული გაზსადენები, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ პირს _ სს “თ.-ს”. სს “თ.-ს” ამავე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე უნდა გადახდეს შპს “გ.-ის” სასარგებლოდ 916210 ლარი. სს “თ.-ს” უნდა ეთქვას უარი ზიანის, მიუღებელი შემოსავლის სახით, ანაზღაურებაზე 2196328,3 ლარის ოდენობით სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის საფუძველზე.
სს “თ.-ი” საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის" სააპელაციო საჩივარი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ ადგილი აქვს სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას, რაც საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შეფასება-დადგენაში არ იქნა შესრულებული, ეს დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კასატორის განცხადებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ “თ.-ი” არ ითხოვდა “გ.-ისაგან” გაზსადენების უკან დაბრუნებას და უფლებას აძლევდა მას მიეღო გაზის მიწოდებიდან სარგებელი.
კასატორის აზრით, სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფის შედეგად ასკვნის, რომ შპს “გ.-ი” 1993 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე ფლობს გაჩიანი-ფონიჭალა-ტაბახმელა-ბაგების მაგისტრალურ გაზსადენსა და მასზე მიერთებულ გაზის გამანაწილებელს და, რომ იგი სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე კეთილსინდისიერი მფლობელია. 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტი არსად არ ითვალისწინებს “გ.-ის” მიერ “თ.-ის” გაზსადენის ფლობის უფლებას. სასამართლომ არასწორად ცნო აღნიშნული კონტრაქტი ქსელების ექსპლოატაციის შესახებ კონტრაქტად. ეს კონტრაქტი შპს “გ.-ს” მხოლოდ გაზსადენის აღდგენის უფლებას ანიჭებდა, ხოლო გაზსადენების ფლობა, სარგებლობა და ექსპლუატაცია კი დამატებითი ხელშეკრულებით უნდა გადაწყვეტილიყო.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც შპს “გ.-ი” მართლზომიერ მფლობელად იქნა მიჩნეული.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “თ.-ის” სააპელაციო საჩივარი და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით შპს “გ.-ს” სს “თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2196328 ლარის გადახდა, ხოლო შპს “გ.-ის” შეგებებული სარჩელი დარჩეს დაუკმაყოფილებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამართლის ნორმები: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს ნივთისა და უფლების ნაყოფით მანამ, სანამ უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას ნივთის უკან დაბრუნებაზე. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირი წაუყენებს პრეტენზიებს კეთილსინდისიერ მფლობელს, ამ მომენტიდან მიღებული ნივთისა და უფლების ნაყოფიც უფლებამოსილ პირს ეკუთვნის. როცა ნივთი უფლებამოსილი პირის მიერ თავისი უფლების განცხადებით მისი ინტერესების საგნად იქცევა, აქ უკვე კეთილსინდისიერი მფლობელის ნების ავტონომია მთავრდება. ამ მომენტიდან ნივთისა და უფლების ნაყოფიც ეკუთვნის უფლებამოსილ პირს. თუკი კეთილსინდისიერ მფლობელს პრეტენზიის წაყენების დროიდან ექნება შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი მეურნეობის სწორი გაძღოლით, მაგრამ იგი საამისოდ არ იმოქმედებს, მაშინ უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საზღაურის გადახდევინება.
სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მართლზომიერ მფლობელს. მაგრამ იმ მომენტიდან, როცა მესაკუთრემ მოითხოვა მართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის დაბრუნება, თუ მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება, მართლზომიერი მფლობელობა მთავრდება და უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი საზღაურის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით სადავო გაზსადენი იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილია ის რომელსაც არ მოიცავს 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტი და, როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, თვით სს ,,თ.-ის” ხელმძღვანელობის და სხვა კომპეტენტური ორგანოების ნებართვით ჰქონდა დაკავებული “გ.-ს”. Gგაზსადენის მეორე ნაწილია ის, რომელიც ,,გ.-ს” დაკავებული ჰქონდა მხარეებს შორის დადებული 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე.
გაზსადენის პირველ ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ სს “თ.-ის” მიერ სადავო გაზსადენის მისთვის დაბრუნების მოთხოვნის მომენტიდან (რადგან შეთანხმებაში ვადა არ არის მითითებული) შპს “გ.-ი” კეთილსინდისიერი მფლობელია, რომელმაც დაკარგა ნივთის ფლობის უფლება და ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შპს “გ.-მ” დაკარგა ნივთის ფლობის უფლება “თ.-ის” მიერ სადავო გაზსადენის მისთვის დაბრუნების მოთხოვნის მომენტიდან.
ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ურთიერთობას, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის შესაბამისად სასამართლო ვალდებული იყო დაეკისრებინა შპს “გ.-ისათვის” იმ შემოსავლის ანაზღაურება, რომელიც მან მიიღო ან უნდა მიეღოAმოპასუხის მიერ ნივთის ფლობის უფლების დაკარგვის მომენტიდან.
გაზსადენის მეორე ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ შპს ,,გ.-ი” მართლზომიერ მფლობელად ცნო 1996 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ,,თ.-ი” არ ითხოვდა გაზსადენების დაბრუნებას და უფლებას აძლევდა მფლობელს მიეღო გაზის მიწოდებიდან სარგებელი. Mამ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებებს სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვინაიდან დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც 1996 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის შესაბამისად უნდა დადებულიყო მხარეებს შორის არ დადებულა. მას შემდეგ, რაც სს ,,თ.-მ” მოითხოვა გაზსადენის დაბრუნება მართლზომიერი მფლობელობა დამთავრდა. უფლებამოსილმა პირმა გამოიყენა თავის უფლება ხელშეკრულების შეწყვეტისა და ნივთის გამოთხოვის შესახებ და მიმართა სასამართლოს. ეს უფლება სასამართლომ ცნო და სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოსათვის მიმართვის მომენტიდან ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
ვინაიდან ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 227-ე მუხლის საფუძველზე და სადავო ურთიერთობა წარმოშობილია საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი, რომლის თანახმად, ქონების გამოთხოვისას ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს მოთხოვოს კეთილსინდისიერ მფლობელს მთელი შემოსავალი, რომელიც მან მიიღო ან უნდა მიეღო იმ დროიდან, როდესაც შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ მისი მფლობელობა არამართლზომიერია, ან მიიღო უწყება მესაკუთრის მიერ ქონების დასაბრუნებლად სარჩელის აღძვრის შესახებ.
პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში,Eიმ ურთიერთობათა მიმართ, რომელიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 150-ე მუხლი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ უნდა გამოვიყენოთ ამ კოდექსის 163-ე მუხლის I ნაწილი. ეს ნორმები კეთილსინდისიერი მფლობელისაგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ერთსა და იმავე პრინციპს ადგენენ.
სს “თ.-ი” ითხოვდა საზღაურის სახით თანხას, რომელიც შპს “გ.-ის” მიერ მიღებული გაზის შესასყიდი და გასაყიდი ფასის სხვაობის 48%-ს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და მიღებულია ინფორმაცია მიღებული გაზის რაოდენობის შესახებ. გაყიდული და მიღებული გაზის საფასური მხარეებს არც გაუხდიათ სადავოდ, ვინაიდან ეს გარემოებები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს წარმოადგენენ.
თვით მხარეთა განცხადებით ირკვევა, რომ ისინი აღნიშნულ ციფრებს სადავოდ არ ხდიან.
გაანგარიშება, რომელიც შპს “გ.-ის” მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაშია, ეყრდნობა აღნიშნულ გარემოებებს.
შპს ,,გ.-ს” უნაზღაურდება გაუმჯობესებანი და ხარჯები, რომელიც მან გასწია გაზსადენზე.
სს “თ.-ს”, როგორც უფლებამოსილ პირს, აქვს ნივთისა და უფლების ნაყოფის მთლიანად მოთხოვნის უფლება, მაგრამ იგი ითხოვს მხოლოდ მის 48%-ს.
სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად უფლებამისილ პირს აქვს არა მხოლოდ იმ თანხის ანაზღაურებაზე უფლება, რომელიც მიიღო კეთილისინდისიერმა მფლობელმა, არამედ იმ თანხის მოთხოვნის უფლებაც, რომელიც მას უნდა მიეღო მეურნეობის სწორი გაძღოლით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით სააპელაციო პალატამ იმიტომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომ, პალატის აზრით, კანონმდებლობის შესაბამისად მას არ ჰქონდა მიუღებული შემოსავლის ანაზღაურების უფლება.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სარჩელის შეტანის დღიდან, 1999 წლის 30 აპრილიდან, სს “თ.-ს” უნდა აუანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი 1916830 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 1999 წლის 30 აპრილიდან შპს ,,გ.-ის” მიერ მიღებული გაზის შესასყიდ და გასაყიდ ფასთა შორის სხვაობის 48%-ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
სს “თ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სს “თ.-ისათვის” მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
სს “თ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს “გ.-ს” სს “თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 1916830 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
შპს “გ.-ს” სს “თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.