Facebook Twitter

¹3კ\496 7 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი – ქ. ქობულეთში, .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

რ. კ-ძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქობულეთში, .... მდებარე საკუთარ სახლში. მან 1991 წლის აპრილში დროებით მიატოვა საკუთარი სახლი მეზობელთან კონფლიქტის გამო. ამ სახლში თავისი თანხმობით დროებით საცხოვრებლად შეუშვა ზ. და ც. ლ-შვილები, სიტყვიერი შეთანხმებით. ლ-შვილების ოჯახს კ-ძის ბინა უნდა გაეთავისუფლებინა მესაკუთრის მოთხოვნისთანავე. რ. კ-ძემ ისესხა ლ-შვილებისაგან 200 000 (ორასი ათასი) რუსული მანეთი. როცა რ. კ-ძემ მოთხოვა ზ. და ც. ლ-შვილებს ბინის გათავისუფლება, მათ უარი განუცხადეს, ამიტომ რ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ც. და ზ. ლ-შვილების მიმართ და მოითხოვა ქ. ქობულეთში, .... მდებარე საკუთარი სახლიდან გამოსახლება. ზ. და ც. ლ-შვილებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე რ. კ-ძის მიმართ და მოითხოვეს სადავო ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მათ 1991 წელს 230.000 მანეთად ბინა იყიდეს რ. კ-ძისაგან. რ. კ-ძის მიერ ბინის გაყიდვის ნება გამოვლენილი იქნა რაიონის საკრებულოში დაწერილი განცხადებით, რომლითაც ითხოვს საცხოვრებელი სახლის გაყიდვის ნებართვას. შეგებებული სარჩელი ეფუძნება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 47-ე მუხლის მეორე ნაწილს.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა რ. და შ. კ-ძეების სარჩელი მოპასუხეების ზ. და ც. ლ-შვილების მიმართ, ქ. ქობულეთში .... მდებარე ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ზ. და ც. ლ-შვილების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. კ-ძესა და ზ. ლ-შვილს შორის 1991 წელს ქ. ქობულეთში, .... მდებარე სახლის ნასყიდობის გარიგება დადებულად იქნა ცნობილი. რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ თვით რ. კ-ძეც არ უარყოფს, მეზობელთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო, სადავო ბინის მიტოვებას. მან შეისყიდა სხვა საცხოვრებელი ბინა ქ. ქობულეთში, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ზ. და ც. ლ-შვილებმა სადავო საცხოვრებელი სახლი იყიდეს რ. კ-ძისაგან, გადაიხადეს 230 000 მანეთი, სახლს ჩაუტარეს კაპიტალური რემონტი. საქმეში წარმოდგენილია 1992 წლის 4 თებერვალს შედგენილი რ. კ-ძის განცხადება ქობულეთის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, რომლითაც იგი ითხოვს .... მდებარე საცხოვრებელი სახლის თავის ნათესავ ზ. ლ-შვილზე გასხვისების ნებართვას, ასევე, სხვა .... მდებარე ბინის _ თ. წ-ძისაგან შესყიდვის ნებართვას. ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელემ გამოხატა ბინის გასხვისების ნება. ამ განცხადებაზე რ. კ-ძის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულ იქნა სასამართლო გრაფიკული ექსპერტიზის 1999 წლის 26 ნოემბრის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე მუხლის საფუძველზე.

რ. კ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 18 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა რ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: რ. კ-ძეს მეზობელთან კონფლიქტის შემდეგ სურდა ბინის გაყიდვა. ბინის მიყიდვაზე ჯერ მოურიგდა ვინმე ხ-ძეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ გადაუხადა ბინის საფასური, შემდეგ კი ბინის ნასყიდობის ფაქტიური შეთანხმება შედგა რ. კ-ძესა და ლ-შვილებს შორის. თვით კ-ძეც ადასტურებს ლაზიშვილისაგან 230.000 მანეთის მიღებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. კ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ 230.000 მანეთი ისესხა ლ-შვილისაგან, რადგან იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, 50 მანეთზე მეტი თანხის სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა ყოფილიყო დადებული, საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ რ. კ-ძე თავს არიდებდა ლ-შვილთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას იმ მიზეზით, რომ ჯერ ნაყიდი ბინა უნდა გადაეფორმებინა. სააპელაციო პალატის განჩინებაში მითივებულია, რომ რ. კ-ძესა და ზ. ლ-შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამიტომ ამ კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი, ასევე _ 47-ე მუხლის მეორე ნაწილი.

რ. კ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სადავო სახლი ირიცხება მის სახელზე; 1992 წლის 4 თებერვლის განცხადება ქობულეთის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის სახელზე მას არ დაუწერია. მან მოითხოვა სიყალბის დასადასტურებლად კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა, მაგრამ არ დაუნიშნეს. ზ. ლ-შვილი ბინაში შეუშვა დროებით, როგორც ნათესავი, მისი ცოლის ძმის შვილი. რ. კ-ძეს არასდროს არ ჰქონია სადავო ბინის გაყიდვის სურვილი; მოპასუხისაგან 200 000 მანეთი ისესხა 1992 წლის თებერვალში, რადგან შვილი ჰყავდა პატიმარი და თანხა ესაჭიროებოდა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა.რ. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 მაისის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ 1991 წელს რ. კ-ძემ ქ. ქობულეთში, .... მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებლად დაუთმო ზ. და ც. ლ-შვილებს. მხარეთა შორის წერილობითი დოკუმენტი სადავო ბინის თაობაზე არ გაფორმებულა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც არასწორად გამოიყენა სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე და 239-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს, გამოიყენება ამ კოდექსის წესები. მართალია, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, მაგრამ 1991 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) განსხვავებით, ახალი სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას და შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ამიტომ ც., დ. და დ. ლ-შვილების (ზ. ლ-შვილის უფლებამონაცვლენი) შეგებებული სარჩელი, მოპასუხე რ. კ-ძესთან ქ. ქობულეთში, .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქმის მასალებით დადგენილია და თვით რ. კ-ძეც არ უარყოფს იმას, რომ ზ. ლ-შვილისაგან მიიღო 1991 წელს 200 000 რუსული მანეთი. ვინაიდან აღნიშნული თანხის ბინის მესაკუთრისათვის გადაცემა არ წარმოადგენს სადავო ბინაზე საკუთრების შეძენის საფუძველს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამიტომ ზ. ლ-შვილის უფლებამონაცვლეების: ც., დ. და დ. ლ-შვილების ცხოვრებას სადავო საცხოვრებელ სახლში იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. ამის გამო ბინის მესაკუთრის მოთხოვნა ქ. ქობულეთში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის (ვინდიკაციური სარჩელის) საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 მაისის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

რ. კ-ძის სარჩელი მოპასუხეების: დ., ც. და დ. ლ-შვილების მიმართ, დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები გამოსახლდნენ ქ. ქობულეთში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

ც., დ. და დ. ლ-შვილების შეგებებული სარჩელი რ. კ-ძის მიმართ, ქ. ქობულეთში, .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.