საქმე N 330100123008061426
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №805აპ-25 26 იანვარი, 2026 წელი
ბ-ი მ., №805აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. კ–ისა და დ. მ–ის, ასევე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ საბა აკობიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ბ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მ. ბ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან კვლავ ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ:
1.2.1. 2023 წლის აგვისტოს თვეში, გამოძიებისათვის დაუდგენელ დროს, ქ. თ–ში, სოფელ დ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში, ბინა N..-ში ძიძის პოზიციაზე დასაქმებული მ. ბ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ე–ის კუთვნილ ერთ ღია ყავისფერ „SISLEY-ის“ ფირმის პიჯაკს, ღირებულს 20 ლარად, ერთ მოცისფრო ფერის პერანგს, ღირებულს 10 ლარად, ერთ მორუხო ფერის „MEX-ის“ ფირმის პიჯაკს, ღირებულს 25 ლარად და ერთ მუქი ლურჯი ფერის „NEW LOOK-ის“ ფირმის პიჯაკს, ღირებულს 25 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 80 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.2.2. 2023 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, სოფელ დ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში ძიძის პოზიციაზე დასაქმებული მ. ბ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 6 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 6 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით, მ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი).
მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მ. ბ–ის ბრალეულობა 2023 წლის აგვისტოს თვეში დაზარალებულ მ. ე–ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ეპიზოდში.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. კ–ემ და დ. მ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე გულიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა, ყველა ეპიზოდში, ასევე მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდში დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 4 აგვისტოს, მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. კ–ემ და დ. მ–ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2025 წლის 8 აგვისტოს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა საბა აკობიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ. ბ–ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, დაცვის მხარის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი მ. ბ–ის მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ვერ დადასტურდა მ. ბ–ის მიერ დაზარალებულის პიჯაკებისა და პერანგების ქურდობის ფაქტი. დაზარალებულმა მ. ე–ემ თავად განმარტა, რომ მ. ბ–ს ჩუქნიდა გარკვეულ ნივთებს, მათ შორის, ტანსაცმელს. სააპლაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მ. ბ–ის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას დაზარალებულის მეუღლესთან – გ. მ-სთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაჭერით დაემუქრა. მსჯავრდებული მ. ე–ის ოჯახიდან წამოვიდა 2023 წლის 8 სექტემბერს, ხოლო გამოძიება დაიწყო ამავე წლის 16 სექტემბერს. იგი მოპარულ ნივთებს თავიდან მოიშორებდა. სახლის ჩხრეკის მომენტშიც მ. ბ–მა დააფიქსირა, რომ ამოღებული პიჯაკები აჩუქა მ. ე–ემ. გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას დაზარალებულ მ. ე–ის ჩვენებას, რომელიც არის დაინტერესებული პირი და რომელმაც სასამართლო სხდომაზე იცრუა. დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, რისი გათვალისწინებითაც უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
4.2. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, განაჩენი მ. ბ–ის გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მ. ბ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს, ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი. კერძოდ: მ. ე–ემ და გ. მ-მ დაადასტურეს, რომ მ. ბ–ი ყულაბიდან იპარავდა თანხას, რაც მოგვიანებით აღმოაჩინა მისმა მეუღლემ. ამასთან, ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ყულაბიდან ფულის დაუფლების ფაქტს. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ–მა დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მას უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ნათელია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლამ ვერ იქონია მასზე ზეგავლენა და კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრების თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც მ. ბ–ი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და დანიშნული სასჯელის არათანაზომიერება, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს რამდენად არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა, ასევე დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება მ. ბ–ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ – თითოეული ქმედების შესაბამისად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლებდა გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ვიდეოჩანაწერზე, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე და განმარტავს, რომ ზოგადად ვიდეოჩანაწერი მიეკუთვნება უტყუარ მტკიცებულებათა რიცხვს, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ასახავს დანაშაულის ფაქტს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს უშუალო დანაშაული, კერძოდ, ქურდობის ფაქტი. ისმის მხოლოდ ხურდების დაყრის ხმა და საძინებელ ოთახში შესვლის ფაქტი, რაც ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყულაბაში არსებული თანხის ოდენობა უცნობი იყო დაზარალებულისთვის. ამასთან, გამორიცხული არ არის ეჭვი იმის თაობაზე, რომ ყულაბა სხვა ვითარებაში იქნა დაზიანებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მ. ბ–ის 2023 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და წარმოშობილი ეჭვი, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
5.9. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდების ეპიზოდში უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაზარალებულ მ. ე–ის ჩვენება, სრულად თანხვდება მოწმე – გ. მ–ს ჩვენებასა და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, ამოღების ოქმებსა და ამოცნობის ოქმებს. საგულისხმოა, ასევე ის გარემოება, რომ დახზარალებულმა თავადვე დაადასტურა მ. ბ–ისათვის ძვირფასი ნივთების ჩუქების ფაქტი, შესაბამისად, პირადი ინტერესის არსებობის შემთხვევაში იგი გამოძიების დაწყებისთანავე მიუთითებდა არა პიჯაკებსა და პირად ნივთებს, არამედ ძვირფასეულობას, რაც კიდევ უფრო მეტი სანდოობის ხარისხს სძენს დაზარალებულის ჩვენებას.
5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, შესაძლოა, არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა ისინი არ უნდა იყოს არსებითი, რაც, გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, კი მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც, მსჯავრდების ეპიზოდში მტკიცების საგანთან დაკავშირებით გააჩენდა კითხვებს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5.11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ბ–ის 2023 წლის აგვისტოს ეპიზოდში მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ მიუთითებენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.13. რაც შეეხება, მ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის დამძიმებას, იმ მოტივით რომ მსჯავრდებულმა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, არაერთგზის და მიდრეკილია დანაშაულისკენ – საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქურდობის ჩადენა არაერთგზის წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს. შესაბამისად, ვერ გავრცელდება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულისთვის დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღდეგო ხასიათი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. კ–ისა და დ. მ–ის, ასევე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ საბა აკობიას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე