Facebook Twitter

საქმე N 010100124010125187

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №955აპ-25 28 იანვარი, 2026 წელი

ბ–ე ნ., №955აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ბ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, მე-.. ქუჩაზე, N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ნ. ბ–ემ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით ს. ტ–ეს მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, მათგან სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა მუცლის ღრუში ნაწლავების დაზიანებით და ოთხი ჭრილობა მარჯვენა და მარცხენა ბარძაყში. ს. ტ–ე სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ნ. ბ–ის მიერ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენით, ნ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მსჯავრდებულ ნ. ბ–ეს საქართველოს სსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის აღსრულება გადაუვადდა მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ბ–ეს დაევალა ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, თავისი ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის სასამართლოში წარდგენა ყოველი წლის 23 აპრილამდე.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 15 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, ნ. ბ–ე უნდა გამართლდეს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებული პირის გამართლებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე ვერ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ გარემოებებზე. როგორც საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, ადვოკატი ზოგადად მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე და ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე პირის მსჯავდების თაობაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შესახებ.

5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეთა – მ. ს–ს, თ. ხ–ს, გ. ბ–ს, ე. ჯ–ს, ნ. მ–ს, ი. ნ–ს, გ. ჯ–ს, ნ. კ–ს, თ. კ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და მათი გაშიფრული კრებსებით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ნ. ბ–ის მიერ ს. ტ–ის მიმართ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტებით.

5.6. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა – ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).

5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ–ეს მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი, რაც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი, საქმე №213აპ-20, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება - საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №309აპ-19).

5.9. საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე