Facebook Twitter

საქმე N 330100124008504578

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №795აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი

ბ–ა მ., №795აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 326-ე მუხლის პირველი ნაწილით (საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა, პოლიტიკური მოტივითა და საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში, მ. ბ–ა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით (სახ. №..........) განზრახ დაეჯახა თ–ში ა–ს .... საელჩოს შენობას (მდებარე: თ–ი, .....ს გამზ. №...) და ცდილობდა შენობაში შეღწევას. რათა აღნიშნულ ქმედებას მოჰყოლოდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების გართულება.

1.3. 2023 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში, მ. ბ–ა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით (სახ. №......), რომელიც ეკუთვნოდა ჯ. რ. ვ–ს, განზრახ დაეჯახა თ–ში ..... საელჩოს შენობას (მდებარე: თ–ი, ....ის გამზ. №..) და დააზიანა ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შედეგად ჯ. რ. ვ–ს მიადგა 966 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენით, მ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. თ–ამ და მოითხოვა მ. ბ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მ. ბ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სადავოდ მიიჩნია, მხოლოდ მ. ბ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, დაცვის მხარემ აღიარა ფაქტი, რომ მსჯავრდებული დაეჯახა ....ს საელჩოს შენობას, თუმცა არ დაეთანხმა განხორციელებული ქმედების სამართლებრივ შეფასებას.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. სააპელაციო პალატამ ბრალდების სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მ. ბ–ამ ჩაიდინა ხულიგნობა, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში, მ. ბ–ა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით (სახ. №........) განზრახ დაეჯახა თ–ში ა–ს .... საელჩოს შენობას (მდებარე: თ–ი, .....ს გამზ. №...), რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეფერხდა .......ების საელჩოს ფუნქციონირება.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ბ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. თ–ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

მ. ბ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

მ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.

მ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.

3.3. 2025 წლის 2 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განაჩენის ცვლილება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მ. ბ–ას ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. ვინაიდან, დანაშაულის ჩადენის დროს მ. ბ–ას ამოძრავებდა კონკრეტული მიზანი და მოტივი, რასაც ადასტურებს მის ქურთუკზე დემონსტარციულად გაკეთებული წარწერები – „თავისუფლება“, „მშვიდობა“, „ვითხოვ ....-ს კონსულთან შეხვედრას!!! სხვა გზა არ დამრჩა.“ შესაბამისად, მას არ ამოძრავებდა რაიმე პირადი მოტივი, მით უფრო, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მისმა ქმედებამ კი, გამოიწვია ....-ს საელჩოს შენობის სრული ბლოკირება და მუშაობის პარალიზება, შენობაში გარკვეული დრო არავინ შედიოდა და გამოდიოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ბ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ხულიგნობად დაკვალიფიცირება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. ბ–ას მიერ სხვისი ნივთის დაზიანება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მ. ბ–ას მსჯავრდების კანონიერება მხოლოდ ხულიგნობის ნაწილში.

5.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ბ–ას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

5.4. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების – რ. პ–ს, გ. შ–ს, ლ. ჯ–ს, ჯ. უ–ს, დ. პ–ს, ჯ. რ. ვ–ნის, ი. ხ–ს, ნ. ხ–ს, გ. გ–ს, ა. ნ–ს, დ. გ–ს, ლ. ამ–სა და ლ. ნ–ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და შემოწმების ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმსა და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ ნივთიერ მტკიცებებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, 2023 წლის 14 აგვისტოს ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულებას, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის №......... დასკვნას, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 დეკემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ და ვიდეოექსპერტიზის №......... დასკვნას, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 26 დეკემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №......... დასკვნას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ბ–ას მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

5.5. ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება მ. ბ–ას მიერ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით (სახ. №.....) თ–ში .........ს საელჩოს შენობაზე განზრახ დაჯახების ფაქტი, ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მ. ბ–ას ჰქონდა შენობაში შეღწევის განზრახვა რათა აღნიშნულ ქმედებას მოჰყოლოდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების გართულება – გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

5.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებს. კერძოდ, დანაშაულის ობიექტური მხარე უნდა გამოიხატოს საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმაში, რაც გულისხმობს ასეთ შენობაში დამნაშავის უკანონოდ შეღწევას ან მის დარბევა/დაზიანებას. სუბიექტური მხრივ კი, გადამწყვეტია დადგინდეს მოტივი და მიზანი. კერძოდ კი, ქმედება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური მოტივით ან მიზნად უნდა ისახავდეს საერთაშორისო ურთიერთობების გართულებას, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადასტურეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა ამერიკის საელჩოს შენობის კამერის ჩანაწერი. ვიდეოფაილი სახელწოდებით .........._.....–e, რომელიც წარმოადგენს ფერად ჩანაწერს ხმის გარეშე და მიმდინარეობს 00:47 წუთი. კადრში ჩანს ს–ში ........ების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია. კერძოდ, ასფალტირებული ავტომანქანის სავალი ნაწილი და ბეტონის ჯებირები. გზაზე გადაადგილდებიან ავტომანქანები. 00:06 წუთზე კადრში ჩნდება რუხი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ბეტონის ჯებირების გავლით ჩამოდის ასფალტირებულ გზაზე. 00:11 წუთზე კადრი იცვლება და კადრში ჩანს ს–ში ......ების საელჩოს შენობის ცენტრალური შესასვლელი და მისი შუშებიანი ნაწილი, რომლის ქვედა ნაწილზე ეჯახება რუხი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა. ამის შემდეგ, დათვალიერებული იქნა მეორე ვიდეოფაილი, რომელიც წარმოადგენს ფერად ჩანაწერს ხმის გარეშე და მიმდინარეობს 00:44 წუთი. კადრში ჩანს ს–ში ......ების საელჩოს შენობის ცენტრალური შესასვლელი და მისი შუშებიანი ნაწილი, მის წინ მდებარე ასფალტირებული გზა, რომელზეც გადაადგილდებიან ავტომანქანები. 00:08 წუთზე კადრში ჩნდება რუხი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გადაადგილდება შენობის ცენტრალური შესასვლელის და მისი შუშებიანი ნაწილის მიმართულებით და 00:11 წუთზე ეჯახება შუშების ქვეშ არსებულ კედელს.

5.8. თვითმხილველი მოწმის რ. პ–ს ჩვენებით, იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. 2023 წლის 25 აგვისტოს იცავდა თ–ში, ......ს გამზირზე №...-ში მდებარე .... საელჩოს გარე პერიმეტრს. 12:00-13:00 საათამდე პერიოდში გაიგონა ხმა და დაინახა, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დაჯახებული იყო საელჩოს ცენტრალური შესასვლელის კედელს. შენობაზე ავტომანქანის დაჯახების ხმაზე გამოვიდნენ შიდა უსაფრთხოების თანამშრომლები და ავტომატურად ჩაირთო განგაშის სიგნალი. ავტომანქანაში იჯდა მხოლოდ ერთი პიროვნება – მძღოლი, რომელიც ჩაჭიდებული იყო საჭეს. იგი მივიდა ავტომანქანასთან და მძღოლს სთხოვა გადასულიყო. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ავტომანქანიდან გადმოსული დააწვინა მინდორზე. აღნიშნულ მამაკაცს ეცვა ღია ფერის ქურთუკი, რომელზეც ეწერა, რომ შეხვედრა უნდოდა .....ის კონსულთან.

5.9. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების – გ. შ–სა და ლ. ჯ–ს ჩვენებებით.

5.10. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მ. ბ–ას ქმედება არ შეიცავს საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე დაწესებულებაზე თავდასხმის საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ ნიშნებს. რაც შეეხება მ. ბ–ას ქურთუკზე არსებულ წარწერებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულით დასტურდება, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნდა რაიმე პირადი მოტივი და მით უფრო არ დასტურდება პოლიტიკური მოტივის არსებობა. შესაბამისად, მისი მხრიდან ავტომობილის ......ს საელჩოს შენობაზე შეჯახება იყო მხოლოდ ყურადღების მიქცევის მცდელობა, რათა შეხვედროდა კონსულს. ამდენად, მ. ბ–ამ ძალადობით, განზრახ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რითაც შეფერხდა საელჩოს ნორმალური ფუნქციონირება, იარაღად სხვა საგნის – ავტომობილის გამოყენებით.

5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.12. საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.13. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ სააპელაციო ინსტანციის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ მ. ბ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების კანონიერების თაობაზე.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.15. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე