¹ 3კ/502-01 27 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომის 1\2 ნაწილის საკუთრების უფლებით მიკუთვნება, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 19 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. კ-მა მოპასუხეების: ზ. ზ-შვილისა და მ. ხ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1967 წელს რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ მოსარჩელე თ. კ-ძე და აწ გარდაცვლილი ვ. ზ-შვილი. ერთად ცხოვრების პერიოდში ქ. თელავში, ... მათ ააშენეს საცხოვრებელი სახლი. ოჯახმა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები.
1996 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა ვ. ზ-შვილი, რომელმაც 1991 წლის 31 აგვისტოს შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილს _ მოპასუხე ზ. ზ-შვილს.
მოსარჩელის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდეგ ზ. ზ-შვილმა დაისაკუთრა მთელი ქონება, ხოლო დედა თ. კ-ი გააძევა სახლიდან.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, ქ. თელავში, ... მდებარე სახლის 1/2 საკუთრების უფლებით მიკუთვნება და აღნიშნული ფართიდან მოპასუხეების გამოსახლება.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ 1994 წელს ზ. ზ-შვილი შეუთანხმდა მშობლებს, რათა მათთვის შეეძინა სახლი ახმეტის რაიონის სოფ. ..., ხოლო თელავში მდებარე სახლი დარჩენოდა მას, რაც შეასრულა კიდეც და მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ სოფ. ...
მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ვ. ზ-შვილის მიერ გაცემული ანდერძის საფუძველზე ზ. ზ-შვილი კანონიერად ფლობდა სადავო ქონებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. კ-ის სარჩელი. მოსარჩელეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ქ. თელავში, ... მდებარე, აწ გარდაცვლილ ვ. ზ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1\2 ნაწილი და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული წილიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 8 ნოემბერს განიხილა ზ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა თ. კ-ის სარჩელი და მას ქ. თელავში, ... მდებარე, ვ. ზ-შვილის სახელზე რიცხული სახლიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 1/2 წილი. მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა სახლიდან წილის რეალურად გამოყოფისა და მისი კუთვნილი წილიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ, შეჩერებულ იქნა უფლებრივი დავის (საკუთრების უფლება) საბოლოოდ გადაწყვეტამდე. საკასაციო საჩივარში ზ. ზ-შვილმა ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თ. კ-ს აწ გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად მიტოვებული ჰქონდა სადავო სახლი და ნებაყოფლობით დათმო მასზე საკუთრების უფლება, ხოლო თუ მას, როგორც სადავო სახლის თანამესაკუთრეს, პრეტენზია ჰქონდა სახლის 1\2 ნაწილზე, იგი შეეძლო მოეთხოვა მამკვიდრებლის სიცოცხლეში. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ, რადგანაც თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ურთიერთობას, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.).
აღნიშნული კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თელავში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აშენდა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში და იგი წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან საკასაციო საჩივარში კასატორი სადავოდ არ ხდის თ. კ-ის თანამესაკუთრეობას სადავო სახლზე და თავის მოთხოვნას ამყარებს სხვა საფუძვლებზე, ამიტომ საკასაციო პალატა ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, თ. კ-ი უნდა ჩაითვალოს ქ. თელავში, ... მდებარე, აწ გარდაცვლილი ვ. ზ-შვილის სახელზე რიცხული სახლის თანამესაკუთრედ და სააპელაციო პალატამ სწორად მიაკუთვნა მას სადავო სახლის 1\2 ნაწილი.
კასატორის მიერ მითითებული ფაქტი, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე 1994 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ ახმეტის რაიონის სოფ. ..., არ ნიშნავს თ. კ-ის მიერ თელავში, ... მდებარე სახლზე თანასაკუთრების უფლების მიტოვებას.
საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება და თავად კასატორმაც არ უარყო, რომ თელავში და სოფ. ... მდებარე სახლების გაცვლის შემდეგ, სადავო სახლი არ აღრიცხულა ზ. ზ-შვილის სახელზე.
რაც შეეხება აღნიშნული სახლის 1\2 ნაწილიდან მოპასუხეების გამოსახლების შეჩერებას, ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თ. კ-ს არ გაუსაჩივრებია და ამიტომ საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.