Facebook Twitter

საქმე N160100124009626723

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N885აპ-25 12 იანვარი, 2026 წელი

ი–ი მ., №885აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ს–ის, ასევე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1.1. მ. ი–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (ჯგუფურად, არაერთგზის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1.2. 2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე, ი. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სახლში ყოფნაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ი. ი–ს, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შვილმა – რ. ი–მა და ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ძმამ – მ. ი–მა, კერძოდ, რ. ი–მა თავი ჩაარტყა სახის არეში და წააქცია, ხოლო მ. ი–მა ფეხი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ი. ი–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.1.3. 2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე, ი. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სახლში ყოფნაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ი. ი–ს, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ შვილი – რ. ი–ი და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ძმა – მ. ი–ი, რაც ი. ი–მა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2.1. რ. ი–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ჯგუფურად ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2.2. 2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე, ი. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სახლში ყოფნაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ი. ი–ს, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შვილმა – რ. ი–მა და ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ძმამ – მ. ი–მა, კერძოდ, რ. ი–მა თავი ჩაარტყა სახის არეში და წააქცია, ხოლო მ. ი–მა ფეხი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ი. ი–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2.3. 2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე, ი. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სახლში ყოფნაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ი. ი–ს, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ შვილი – რ. ი–ი და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ძმა – მ. ი–ი, რაც ი. ი–მა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე, ი. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სახლში ყოფნაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ი. ი–ს, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შვილმა - რ. ი–მა და ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ძმამ - მ. ი–მა, კერძოდ, რ. ი–მა თავი ჩაარტყა სახის არეში და წააქცია, ხოლო მ. ი–მა ფეხი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ი. ი–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. ი–ისა და რ. ი–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენით, მ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

მ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ი–ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 5 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 10 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაზეც არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ი–ის მიმართ 4 თვით გამოიცა დამცავი ორდერი.

რ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.

2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა მ. ი–ისა და რ. ი–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ქმედებაში და მათთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულების – მ. ი–ისა და რ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა არჩილ ცაგურიამ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 8 აგვისტოს, მსჯავრდებულ მ. ი–ის ინტერესების დამცევლმა ადვოკატმა ო. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ. ი–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3.3. 2025 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა მ. ი–ისა და რ. ი–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში და მათთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ მსჯავრდებულ რ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ლ-მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. მსჯავრდებულ მ. ი–ის ინტერესების დამცევლი ადვოკატის ო. ს–ის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან განაჩენი ემყარება ისეთი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. საქმის განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება დაზარალებულმა. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ი. ი–ის შეტყობინება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს ოთხი შვილი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან.

4.2. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გამამართლებელ ნაწილში უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია ჯგუფურად მუქარის ფაქტის დასადასტურებლად. სააპელაციო სასამართლომ კი, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამასთან, ბრალდების მხარე მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N766აპ-19 და N801აპ-19 გადაწყვეტილებებს და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისგან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. ი–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება მ. ი–ის მიერ ჯგუფურად, არაერთგზის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

5.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდეგენილი მტკიცებულებები მიემართება ჯგუფურად ძალადობის ჩადენას და არასაკმარისია მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის დასადასტურებლად.

5.8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.9. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N766აპ-19 და N801აპ-19 გადაწყვეტილებებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ს–ის, ასევე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე