¹ 3კ/504-01 25 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის გადასახდელად დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 14 ნოემბერს სს “ს.-მ” სს “გ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 4 სექტემბერს დაიდო 30-წლიანი გენერალური ხელშეკრულება სს “ს.-სა” და სს “გ.-ს” შორის მაგისტრალური გაზსადენების, მისი განშტოებების, გაზმომარაგების სისტემაში შემავალი ნაგებობებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე.
1998 წლის 31 დეკემბერს სს “გ.-მ” წერილობით მიმართა სს “ს.-ს” 1999 წლის 1 იანვრიდან მათ შორის არსებული გენერალური ხელშეკრულების გაუქმების შესახებ იმ პირობით, რომ მათ შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე შეასრულებდა გაზსადენის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას.
სს “გ.-მ” 1999 წლის 15 იანვრის წერილით შემოთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, რომ მაგისტრალის ფუნქციონირებისათვის უზრუნველყოფილი იქნებოდა ყველა პირობის შესრულება კორპორაციის მიერ ახალი გენერალური ხელშეკრულების შემუშავებამდე.
ახალი, მაგრამ არა გენერალური ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 1999 წლის 16 ივლისს, 1999 წლის 31 დეკემბრამდე მისი შემდგომი პროლონგაციით. მითითებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1999 წლის 1 სექტემბერს.
1999 წლის 13 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფ. ... ტერიტორიიდან დაიტაცეს რუსთავი-თელავის განშტოების მაგისტრალური გაზსადენის მილები, რის გამოც მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 3621227 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მასზე მიყენებული ზარალი გამოწვეულია მოპასუხის მხრიდან გენერალური ხელშეკრულების 2.2.15 მუხლის შეუსრულებლობით და მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
მოპასუხე სააქციო საზოგადოება “გ.-მ” სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ამ დროისათვის გენერალური ხელშეკრულების 2.2.15 მუხლით გათვალისწინებული პირობები არ მოქმედებდა. აღნიშნული პირობები შეცვლილი იყო ახალი ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმებით, სს “გ.-მა” იკისრა ვალდებულება მხოლოდ მაგისტრალური გაზსადენის სისტემის უსაფრთხოებაზე და არა მის დაცვაზე. როგორც გენერალური ხელშეკრულებით, ისე მოკლევადიანი ხელშეკრულებით არ არის დადგენილი და განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მას კიდევაც რომ დაერღვია ხელშეკრულების მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მაინც არ წარმოიშობოდა, რადგან ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი ბრალია, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე თავისი სარჩელით ვერ ადასტურებდა მის ბრალეულობას.
მისივე მოსაზრებით, გაზსადენის მილები დატაცებულია მესამე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებით, რომლის აღკვეთაც მას არ შეეძლო.
მასვე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არასწორადაა შედგენილი დატაცებული ქონების შედეგად მიყენებული ზარალის გაანგარიშება, რადგან გატაცებული მილების საბალანსო ღირებულება მხოლოდ 146000 ლარს შეადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის 1998 წლის 4 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 2.2.15 პუნქტსა და 1999 წლის 16 ივლისის დადებული ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტში დაფიქსირებული ვალდებულებები ერთნაირია. ამ პუნქტების მიხედვით, სს “გ.-ი” ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში პასუხისმგებელია მაგისტრალური მილსადენების სისტემის უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, მაგრამ მხარეებმა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ ვალდებულებას განსხვავებული განმარტება მისცეს. მაგისტრალური გაზსადენების დაცვა რეგულირდება “მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების” მე-9 დანართის შესაბამისად, მაგრამ აღნიშნული წესები არ გულისხმობს მაგისტრალური გაზსადენების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.
საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად “გ.-ი” არ წარმოადგენდა იმ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, ამდენად, სს “გ.-ის” მოვალეობას არ წარმოადგენდა სისტემის უსაფრთხოების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სს “გ.-ი” არაა ვალდებული დატაცების (დანაშაულებრივი ხელყოფის) გამო სს “გ.-ისათვის” მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოება _ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევა _ ათავისუფლებს მხარეებს პასუხისმგებლობისაგან.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არც ხელშეკრულებით და არც კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც შეიძლება დაკისრებოდა სს “გ.-ს” ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
2001 წლის 23 აპრილს სს “გ.-ის” მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მისი მოსაზრებით, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად სს “გ.-ი” პასუხისმგებელი იყო მაგისტრალური მილსადენის სიტემის უსაფრთხოებასა და დაცვაზე სასამართლო ვალდებული იყო სს “საქტრანსგამრეწვისათვის” დაეკისრებინა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი მიყენებული იყო დატაცების შედეგად, რადგან ხელშეკრულება გულისხმობდა დატაცებისაგან დაცვას და არა სხვა რაიმეს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
1. კასატორის მოსაზრებით, რადგან საოლქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ფორს-მაჟორული გარემოება, თავისთავად აღიარა და დადგენილად მიიჩნია სს “გ.-ის” ვალდებულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ ფორს-მაჟორული გარემოების გამო მოახდინა მოპასუხის გათავისუფლება მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან. მისი მოსაზრებით, ფორს-მაჟორის არსებობა ცალმხრივად არ შეიძლება დადგინდეს, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად ფორს-მაჟორული მდგომარეობა დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ წერილობით. მისი მოსაზრებით, ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხეს არ უცნობებია ფორს-მაჟორული მდგომარეობის დადგომის შესახებ და არც სახელმწიფო ორგანოს დაუდასტურებია ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა. ამ თვალსაზრისით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორს დაუსაბუთებლადაც მიაჩნია და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შორის 1998 წლის 4 სექტემბერს დაიდო გენერალური ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების 2.2.15 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში სააქციო საზოგადოება “ს.-ი” პასუხისმგებელი იყო სისტემის უსაფრთხოებაზე, მის დაცვასა და პროფილაქტიკური (აღდგენითი) სამუშაოების ჩატარებაზე.
მითითებული ხელშეკრულება შეწყდა 1998 წლის 31 დეკემბრისა და 1999 წლის 15 იანვრის მხარეთა წერილების საფუძველზე და მათ შორის ურთიერთობა ახალი გენერალური ხელშეკრულების შემუშავებამდე განისაზღვრა შემდეგნაირად:
სააქციო საზოგადოება “გ.-ი” მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობას არ იხსნიდა 1998 წლის 4 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებაზე, ანუ პასუხისმგებლობას კისრულობდა სისტემის დაცვაზეც.
1998 წლის 4 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების 9.2 მუხლით გათვალისწინებული იყო ფორს-მაჟორული გარემოება. ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, ფორს-მაჟორულ გარემოებად მიიჩნევდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რაც ხელს შეუშლიდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
დადგენილია, რომ 1999 წლის 16 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, მაგრამ არა გენერალური, რომლის ვადაც განისაზღვრა 1999 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მოქმედება დაიწყო 1 სექტემბრიდან. მითითებული ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტის შესაბამისად სს “გ.-ს” დაევალა სისტემის უსაფრთხოების დაცვასა და პროფილაქტიკურ-აღდგენითი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. ასევე, ხელშეკრულების 6.1, 6.2 და 6.3 მუხლების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა ფორს-მაჟორული ვითარებაც, რომლის შესაბამისადაც არც ერთი მხარე არ იქნებოდა პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, თუ ზიანი დადგებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შედეგად და ასეთის არსებობა დადასტურდებოდა კომპეტენტური სახელწიფო ორგანოს მიერ.
ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარეს ევალებოდა მეორე მხარისათვის შეეტყობინებინა ფორს-მაჟორის დადგომის ფაქტი და მიეღო ზომები შედეგების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით.
ასევე დადგენილია, რომ მაგისტრალური სისტემის მილსადენების დატაცება მოხდა 1999 წლის სექტემბერში პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, როცა მხარეებს შორის მოქმედებდა ახალი ხელშეკრულება, რომლის 2.2.7 პუნქტის შესაბამისად სააქციო საზოგადოება “გ.-ი” პასუხისმგებელი იყო სისტემის უსაფრთხოების დაცვაზე (1998 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებით სს “გ.-ი” პასუხისმგებელი იყო როგორც სისტემის უსაფრთხოებაზე, ისე სისტემის დაცვასა და პროფილაქტიკური (აღდგენითი) სამუშაოების ჩატარებაზე), მაგრამ მხარეთა შორის 1998 წლის 31 დეკემბრისა და 1999 წლის 15 იანვრის შეთანხმების საფუძველზე მილსადენის დაცვის თვალსაზრისით მოქმედებდა როგორც 1998 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომელიც სააქციო საზოგადოება “გ.-ს” ავალებდა მაგისტრალის სისტემის დაცვას, ასევე, 1999 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების პირობები, რომელიც სს “გ.-ს” პასუხისმგებლობას აკისრებდა სისტემის უსაფრთხოების დაცვაზე. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება 1998 წლის 4 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების მსგავსად, მილსადენების დაცვის თვალსაზრისით, სააქციო საზოგადოება “გ.-ს” ერთნაირ პირობებს უყენებდა, ავალდებულებდა მის დაცვას.
საოლქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მილების გატაცება მოხდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის გზით და ეს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფორს-მაჟორულ გარემოებას.
ამასთან, საოლქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს მოქმედი “მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების” და “მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების” მე-9 დანართის შესაბამისად დარეგულირებულია მაგისტრალური გაზსადენების დაცვის საკითხები, მაგრამ აღნიშნული წესები არ გულისხმობს მაგისტრალური გაზსადენის დაცვის მოვალეობას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “გ.-ის” ვალდებულებებში სისტემის უსაფრთხოებასა და დაცვასთან დაკავშირებით არ შეიძლება ნაგულისხმევი იყოს დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის ვალდებულება და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებებით სს “გ.-ს” ასეთი ვალდებულება დაკისრებული არ ჰქონდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს მოქმედების შესრულება.
მართალია, სს “ს.-მ” მილების დატაცების შედეგად განიცადა ზიანი, მაგრამ აღნიშნული გარემოება სს “გ.-ის” მიმართ მოსარჩელის მხრივ არანაირი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს არ იძლევა; მოპასუხის მხრიდან არ წარმოშობს არანაირ ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე იმიტომ, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის. დანაშაულებრივი ხელყოფის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მას არც ხელშეკრულებით, არც უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლით არ ეკისრება, რადგან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით სს “გ.-ს” დანაშაულებრივი ხელყოფისაგან გაზსადენის დაცვის მოვალეობა არ ჰქონდა დაკისრებული. ამასთან, თუნდაც ასეთი მოვალეობა ხელშეკრულებით დაკისრებული ჰქონოდა, ამავე ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ვალდებული პირი თავისუფლდებოდა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებებში ფორს-მაჟორულ გარემოებად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მითითება იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებაში გაზსადენის სისტემის დაცვის მოვალეობის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩადებული ყოფილიყო სს “გ.-ისათვის” მოვალეობა გაზსადენის სისტემის დაცვისა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან, რადგან დანაშაულებრივი ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის ისეთი დარღვევაა და კანონით გათვალისწინებული ყველაზე უფრო საშიში მართლსაწინააღმდეგო ქცევაა, რომელიც კანონით დაცული სხვა სიკეთეების გარდა ხელყოფს ქონებრივ უფლებებსაც.
დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
სწორედ ამგვარი დარღვევა _ საშიში მართლსაწინააღმდეგო ქცევა, ანუ დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება ჩაიდინეს გარდაბნის რაიონის სოფ. ... მცხოვრებლებმა, როცა 1999 წლის 13 სექტემბერს ორგანიზებულად ამოიღეს გაზსადენის სისტემის მილები და ამ მილებით სოფელში გაიყვანეს წყალი.
მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოძიების მიერ დაკვალიფიცირდა დანაშაულად და აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე მილების დაზიანებისა და განადგურების ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მოცემულ შემთხვევაშიOსაოლქო სასამართლომ სწორად მიიჩნია იდენტურად 1998 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების 2.2.15 პუნქტის და 1999 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტის მოთხოვნები მილსადენის დაცვის მოვალეობასთან დაკავშირებით.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს მოცემულ შემთხვევაში ფორს-მაჟორული სიტუაცია _ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა _ დადასტურებული არაა კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობით და ამიტომ მილების გატაცების ფაქტი არ შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
დადგენილია, რომ მითითებული მილსადენის დატაცების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია მილების გამტაცებლები და გატაცებული მილების ადგილსამყოფელი. ამდენად, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ წერილობით დადასტურებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შედეგად ზიანის მიყენება და იგი სხვაგვარ დადასტურებას არ საჭიროებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სააქციო საზოგადოება “გ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.