Facebook Twitter

¹ბს-333-317(კ-06) 4 ოქტომბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჟ. უ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინება

სარჩელის საგანი _ საჯარო ინფორმაციის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე ჟ. უ-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ შრომის ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საგადასახადო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ, მათთვის საჯარო ინფორმაციის იძულებითი გაცემის დავალების შესახებ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ჟ. უ-ის სარჩელი შრომის ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო სარჩელი ფინანსური პოლიციის მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ სარჩელი კი _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ იხელმძღვანელა რა საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული, შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი აქტებით, 2004 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე ი. პ-თან ერთად მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მათთან, როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებული, დაცული და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, სხვა საჯარო ინფორმაციებთან ერთად, მოითხოვა მოპასუხეს ეცნობებინა მისი განცხადების შესვლის მომენტისათვის, მასთან საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი საჯარო მოსამსახურის კლასიფიკაციაში შემავალი ყველა მოსამსახურის ვინაობა, მათი დაბადების თარიღის, განათლების, პროფესიის, კვალიფიკაციის, სპეციალიზაციის, სამეცნიერო ხარისხისა და ცენზის, მათ მიერ შესაბამისი თარიღიდან დაკავებული კონკრეტული თანამდებობების, მათი სამსახურებრივი ტელეფონის, ფაქსის, ტელექსის ნომრების, კუთვნილი თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობრივი რანგების ჩვენებით, ქრონოლოგიური ჩამონათვალის სახით. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის ,,დ", ,,ნ" ქვეპუნქტებზე და ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილზე. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულებისა და ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წერილები გადაუგზავნა მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულს _ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსურ პოლიციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ 2004 წლის 20 სექტემბრის ¹26-1/1198 წერილით საერთოდ არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია, უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ გაუცემელი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე, 27-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მოსამსახურეების პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემებს.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ სწორად არ განმარტა პერსონალური მონაცემის შემცველი პირადი საიდუმლოების საკანონმდებლო დეფინიცია და ამ ცნებაში ჩადებული კანონმდებლის აზრი. ის გარემოება, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებულ მონაცემებში შემავალი ინფორმაცია ამ საჯარო დაწესებულებაში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაციაში შემავალი მოსამსახურეების ინდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, არ იყო საკმარისი საფუძველი, რომ პირის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები პირად საიდუმლოებად ყოფილიყო მიჩნეული. მოპასუხემ არ გაითვალისწინა, რომ პერსონალური მონაცემები, რომლებიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, სწორედ საჯარო ინფორმაცია იყო. მოპასუხემ ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში გამოყენებული ცნებები _ ,,პერსონალური მონაცემები" და ,,პირადი საიდუმლოება" და არ მიუთითა, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობდა პერსონალური მონაცემების, როგორც საჯარო, ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი მონაცემების დაფარულ, ხელმიუწვდომელ, ე.წ. ,,პირად საიდუმლოებად» გადაქცევისათვის. მოპასუხემ ვერ განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია. ამასთან, საყურადღებო იყო ხსენებული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 42-ე მუხლის ,,დ" და ,,ნ" ქვეპუნქტები.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აპრილის ¹321/06 ბრძანებულებით საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრაქტიკული განხორციელება. მოპასუხემ ხელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი. მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც იმპერატიულად მოითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლი სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ უხეშად ხელყო, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო-სამართლებრივი, საყოველთაოდ აღიარებული აქტებით მოსარჩელისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული უფლებები, კერძოდ, მან დაარღვია: საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტები, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის» მე-10 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის" მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მე-19 მუხლი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია გამჭვირვალობა და საქვეყნოობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ" ქვეპუნქტში მოცემულია საჯარო ინფორმაციის დეფინაცია. ამავე კოდექსის მე-10, 28-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიმართ არ დასტურდებოდა სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების ფაქტი, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 42-ე მუხლის ,,ნ" და ,,ვ" ქვეპუნქტების თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა პირად საიდუმლოებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 41-ე და 42-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე, 271-ე, მე-40, 41-ე, 47-ე მუხლების, 42-ე მუხლის ,,ნ" და ,,ვ" ქვეპუნქტების, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, მე-5, 24-ე, 28-ე მუხლების პირველი ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 86-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტების და 177-ე, 178-ე, 179-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის საჯარო ინფორმაციის იძულებითი გაცემის დავალება, მასთან საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი საჯარო მოსამსახურის კლასიფიკაციაში შემავალი ყველა მოსამსახურის ვინაობის, მათი დაბადების თარიღების, განათლების, პროფესიის, კვალიფიკაციის, სპეციალიზაციის, სამეცნიერო ხარისხისა და ცენზის, მათი შესაბამისი თარიღიდან დაკავებული კონკრეტული თანამდებობების, სამსახურებრივი (შიდა, საქალაქო) ტელეფონის, ფაქსის, ტელექსის ნომრების, კუთვნილი თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობრივი რანგის შესახებ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის სახით.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ჟ. უ-ის სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. უ-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინებით ჟ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ჟ. უ-ს სასამართლო უწყებით ეცნობა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 იანვრის სხდომის დღე. სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჟ. უ-ს ჩაჰბარდა 2005 წლის 24 ნოემბერს სიღნაღის ფოსტის მეშვეობით, რაც დასტურდებოდა საფოსტო გზავნილზე არსებული შტამპით, ჩაბარების თარიღით _ ,,24.01.2005" და გრაფაში ,,პირადად" ადრესატის ხელმოწერით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის დღე მოსარჩელე ჟ. უ-ს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹26-1/1138 წერილით ი. პ-სა და ჟ. უ-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს, რომლის მისაღებად დაცული უნდა ყოფილიყო აღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა. სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან გაგზავნილი ინფორმაცია, ხოლო ამავე კოდექსის 27-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის მიხედვით, პერსონალური მონაცემები არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. ხსენებული კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად კი, პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 20 იანვრის ¹26-6/103 წერილით დასტურდებოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თითოეულ თანამშრომელს დაწერილი ჰქონდა წერილობითი განცხადება, რომლითაც მოითხოვეს პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლობად მიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე ჟ. უ-ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აერჩია საჯარო ინფორმაციის ფორმა, თუ იგი სხვადასხვა ფორმით არსებობდა, აგრეთვე, გასცნობოდა ინფორმაციას დედანში. თუ არსებობდა დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, უზრუნველეყო ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარმოედგინა სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი და იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სხვისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი საჯარო მოსამსახურის კლასიფიკაციაში შემავალი ყველა მოსამსახურის ვინაობა, მათი დაბადების თარიღის, განათლების, პროფესიის, კვალიფიკაციის, სპეციალიზაციის, სამეცნიერო ხარისხისა და ცენზის, მათ მიერ შესაბამისი თარიღით დაკავებული კონკრეტული თანამდებობის, მათი სამსახურებრივი ტელეფონის, ფაქსის, ტელექსის ნომრების, კუთვნილი თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობრივი რანგების ჩვენებით, ქრონოლოგიური ჩამონათვალის სახით, იყო ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლეოდა და შესაბამისად, წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს, რომლის დამუშავების წესი, საიდუმლოება და ხელმისაწვდომობა მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ აქტად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უარი მასთან საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემების გაცემის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლზე დაყრდნობით, არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, ვინაიდან პერსონალური საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას განმცხადებელმა არ დაიცვა საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და წერილობით განცხადებასთან ერთად, არ წარადგინა სათანადო პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გაცემაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. უ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 27 იანვრის მთავარი სასამართლო სხდომის შესახებ ჟ. უ-ვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას ჩაჰბარდა 2005 წლის 24 იანვარს სიღნაღის ფოსტის მეშვეობით, რაც თითქოს დასტურდებოდა საფოსტო გზავნილზე არსებული შტამპით _ 24.01.05, ჩაბარების თარიღით _ ,,24.01.2005" და შესაბამის გრაფაში პირადად ადრესატის ხელმოწერით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა ჟ. უ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2005 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომის შესახებ უწყება მას ჩაჰბარდა დაგვიანებით _ 2005 წლის 2 თებერვალს.

კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო სრულყოფილად ვერ გაერკვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის სახეებსა და კატეგორიებში, ერთმანეთისაგან ვერ გამიჯნა კონკრეტული ინფორმაციის საიდუმლოობისა და საჯაროობის ხასიათი, კერძოდ, ვერ გაერკვა იმაში, რომ სადავოდ ქცეული (კასატორის მიერ მოთხოვნილი) ინფორმაცია, თავისი სამართლებრივი ბუნებით, საჯარო, ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის სახეს ატარებს. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და საერთოდ, შეფასება არ მისცა აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ეხებოდა თანამდებობის პირებს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის ინფორმაციას, რომელიც ხელმიუწვდომელია დაინტერესებულ პირთათვის, ვინაიდან ამავე საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია (და არა უფლებამოსილი) არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული პერსონალური ინფორმაცია, გარდა თანამდებობის პირთა მონაცემებისა, ამავე კოდექსის 42-ე მუხლით კი, სახელდებით, კონკრეტულად და დეტალურადაა გათვალისწინებული იმ კატეგორიის საჯარო ინფორმაციის ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია (ასეთია თვით ამ მუხლის სათაურიც). კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, იცოდეს საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა, რომელთაც უკავიათ თანამდებობა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება საპროცესო კანონის იმპერატიული ნორმების დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის სახით, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის სახით, საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა-გადაწყვეტის დროს წაერთვა 1950 წლის 4 ნოემბრის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლით მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 29 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 12 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 4 ოქტომბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹26-1/1138 წერილით ი. პ-სა და ჟ. უ-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ ,,ფინანსური პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია ფუნქციონირებდა 2004 წლის 15 მარტიდან, ხოლო განცხადების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას, განცხადების მე-5 პუნქტში მითითებული საჯარო ინფორმაცია კი, იძლეოდა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას და ამავე კოდექსის 27-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს, რომლის მისაღებად დაცული უნდა ყოფილიყო აღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო- ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო იმავე კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია. ხსენებული კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული იმპერატიული ნორმის მიხედვით, ჟ. უ-ს მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოწინააღმდეგე მხარისაგან მოეთხოვა საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, მაგრამ აღნიშნული კოდექსით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსში მოცემული შეზღუდვების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი. აღნიშნული ნაწილით რეგლამენტირებული ნორმის თანახმად, სხვისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ხსენებული კოდექსის 42-ე მუხლით კი გათვალისწინებულია ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, იცოდეს საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება.

შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, ისევე, როგორც იმავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემების, კერძოდ, მათი ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართის გასაიდუმლოებას, რომელთაც უკავიათ თანამდებობა საჯარო სამსახურში, ანუ რომლებიც წარმოადგენენ თანამდებობის პირებს. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი ასევე კრძალავს საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართის გასაიდუმლოებას, რომელთაც საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება ევალებათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულია, ერთის მხრივ, საჯარო მოსამსახურეთა ის სამი ზემოაღნიშნული კატეგორია, რომელთა თაობაზეც საჯარო დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემები კანონით დადგენილ ფარგლებში არ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, ხოლო, მეორეს მხრივ, ხსენებული კოდექსი ამომწურავად ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების იმ შემადგენელ ელემენტებს, რომლებზედაც ვრცელდება ხსენებული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის ნორმის მოქმედება.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუბრკოლებლად გასცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტში აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ პერსონალური მონაცემების მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, ინფორმაცია მათი ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოქმედების არეალში მოქცეული პერსონალური ინფორმაციის გასაცემად არ არის საჭირო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სათანადო პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გაცემაზე, ვინაიდან აღნიშნულ ქვეპუნქტთან მიმართებაში არ არსებობს რაიმე დამატებითი დათქმა ან პირობა, რომელიც სამართლებრივად შეზღუდავდა ამავე ქვეპუნქტის პრაქტიკულ რეალიზაციას.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 20 იანვრის ¹26-6/103 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თითოეულ თანამშრომელს დაწერილი ჰქონდა წერილობითი განცხადება, რომლითაც მოითხოვეს პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლშია აღნიშნული, ამ მუხლის დათქმა მოქმედებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კანონით კი, კერძოდ, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სხვა შემთხვევა, რის გამოც ხსენებული ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს აღნიშნული კოდექსის 271-ე მუხლში მოცემული პირის გადაწყვეტილების, ანუ მისი წერილობითი განცხადების არსებობის ფაქტი, აგრეთვე, ამ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის არ არის საჭირო ხსენებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სათანადო პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჟ. უ-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის საჯარო ინფორმაციის იძულებითი გაცემის დაკისრება, კერძოდ, მასთან საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი საჯარო მოსამსახურის კლასიფიკაციაში შემავალი ყველა მოსამსახურის ვინაობის, მათი დაბადების თარიღის, განათლების, პროფესიის, კვალიფიკაციის, სპეციალიზაციის, სამეცნიერო ხარისხისა და ცენზის, მათ მიერ დაკავებული კონკრეტული თანამდებობის, სამსახურებრივი (შიდა, საქალაქო) ტელეფონის, ფაქსის, ტელექსის ნომრების, კუთვნილი თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივი რანგის შესახებ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა. მაშასადამე, ჟ. უ-მა მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საჯარო მოსამსახურეებზე არსებული პერსონალური ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც, ფაქტობრივად, აღემატება პერსონალური ინფორმაციის დაუბრკოლებლად და რაიმე პირობის გარეშე ხელმისაწვდომ მოცულობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საჭიროა საქმეში არსებული მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს გასაჩივრებული განჩინების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საკასაციო სასამართლო თვლის, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი და 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული გარემოება კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას დაევალება ამავე პოლიციაში მომუშავე მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელთაც უკავიათ თანამდებობები ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჟ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას დაევალოს ამავე პოლიციაში მომუშავე მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელთაც უკავიათ თანამდებობები ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; ჟ. უ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.