საქმე N 330100124010526101
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №832აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი
მ–ე მ., №832აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 16 ოქტომბერს, დილის საათებში, თ–ში, ს–ს დასახლება, მე-.. შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. მ–ემ მუშტი დაარტყა ა. ე–ს სახის არეში და ძალის გამოყენებით წაართვა წელის ჩანთა, მასში მოთავსებული 670 ლარით და სხვა ნივთებით, რა გზითაც მ. მ–ე ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა. ე–ის წელის ჩანთას, მასში მოთავსებული 670 ლარით და სხვა ნივთებით, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ–ემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 16 ოქტომბერს, დილის საათებში, თ–ში, ს–ს დასახლება, მე-.. შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. მ–ემ ა. ე–ს ხელი მოჰკიდა მაისურზე, მიიზიდა თავისკენ და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ა. ე–ს დაუზიანდა იდაყვი, ასევე გაუსკდა ტუჩი. ძალადობის შედეგად ა. ე–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით, მ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. მ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2024 წლის 16 ოქტომბრიდან.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. მ–ის წარდგენილი ბრალდებით სრულად დამნაშავედ ცნობა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე აღიარა მსჯავრადშერაცხილი ქმედება და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება.
3.2. მ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. მ–ის წარდგენილო ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბიშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაზარალებულ ა. ე–ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. მ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, როდესაც მ. მ–ის მიმართ შეცვალა კვალიფიკაცია და ის დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული/უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კასატორი მიუთითებს დაზარალებულ ა. ე–ის ჩვენებაზე, რომლითაც მისი განმარტებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მ. მ–ესთან, რა დროსაც მსჯავრდებულმა წაართვა მობილური და გადასაკიდი ჩანთა საიდანაც ამოიღო ფულადი თანხა. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა ი. ც-ს ჩვენება, ვინაიდან მან გამოძიების ეტაპზე სხვადასხვა დროს განსხვავებული ვერსია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, კასატორის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები. არასარწმუნოა დაცვის მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, ვინაიდან ურთიერთსაწინააღმდეგოა, როგორც ერთმანეთთან, ისე დაზარალებულის ჩვენებასთან. ამდენად, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ მ. მ–ემ ჩაიდინა ძარცვა და, შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებებით უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კასატორის აზრით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, რის გამოც უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.3. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულ ა. ე–ის ჩვენება და მისი განმარტებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არსებითად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, კონფლიქტის დაწყების და განვითარების თვალსაზრისით, ხოლო უშუალოდ ძარცვის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ერთადერთი მტკიცებულება. ბრალდების მხარემ აღნიშნულის დასადასტურებლად, სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ა. ე–ის ჩვენება, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა მისი სანდოობა/უტყუარობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს შექმნიდა მსჯავრდებულის მიერ ა. ე–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძარცვის ფაქტის დასადგენად.
5.5. მსჯავრდებულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაში მოდის ფაქტის შემსწრე მოწმის ი. ც–ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ის არის მ. მ–ის მეზობელი, მათი უბანი არის ჩიხივით და უცხო ადამიანებს ადვილად ამჩნევენ. 2024 წლის 16 ოქტომბერს, დილის საათებში, სახლიდან გამოვიდა მისი კუთვნილი ,,მერსედესის“ ავტომანქანით და დაინახა მისთვის უცნობი რ–ი მამაკაცი, როგორც შემდეგ დადგინდა, ა. ე–ი, რომელიც სხვა პირმა მიიყვანა მანქანით, დატოვა და წავიდა. ვინაიდან მათ უბანში ნარკორეალიზატორები ხშირად დებენ ნარკოტიკებს კონკრეტულ ლოკაციებზე, გადაწყვიტა, გაეგო რა ხდებოდა, მან დაინახა, რომ ა. ე–ი ასული იყო ღობეზე, რადგან უბნის ძაღლი უყეფდა. გააჩერა მანქანა და ჰკითხა: რა ხდებოდა, მაგრამ ქართული არ იცოდა და ვერ გააგებინა. მეზობლის ქალს სთხოვა ეთქვა ა–სთვის, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, რაზეც დათანხმდა და ჩაჯდა ავტომანქანაში. ამ დროს მობილურით დაუკავშირდა მ. მ–ეს და სთხოვა მისვლა, რათა გაეგოთ, რა უნდოდა ამ მამაკაცს. გზაში შეხვდათ მ. მ–ე, გააჩერა ავტომანქანა, მ–იი მივიდა ა–ის მხარეს მანქანასთან, სადაც ჩამოწეული იყო ფანჯრის მინა და რუსულ ენაზე დაუწყო საუბარი. მ–იიმ უთხრა, რომ გადამოწმების მიზნით მოეხსნა ე.წ. „ბარსეტკა,“ რომელიც მოიხსნა ა–იიმ და გახსნა, ჩანთაში ჩაიხედეს ორივემ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი დაინახეს. ა–იიმ ე.წ. „ბარსეტკა“ დაიდო გვერდზე, ამ დროს ა–ის დაურეკეს და ტელეფონი მ–ის მიაწოდა, რომელიც ესაუბრა იმ პიროვნებას. მ–იმ ტელეფონის გათიშვის შემდეგ დაიწყო ტელეფონის დათვალიერება, მაგრამ ა. ე–ი უეცრად გადმოვიდა მანქანიდან, მ–ის გამოგლიჯა ტელეფონი ხელიდან, დააგდო ძირს და ფეხით გატეხა, მ–ი მივიდა ტელეფონის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღო, რადგან ა–იმ ხელი ჰკრა და არ მისცა ტელეფონის აღების საშუალება. ამ დროს მ. მ–ემ ხელი გაარტყა სახის არეში, ა–ის ჩანთა დაუვარდა, შეეძლო აეღო, მაგრამ არ აუღია, მხოლოდ ტელეფონი აიღო და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მ. მ–ე ეძახდა დაზარალებულს, რომ დაბრუნებულიყო და ჩანთა წაეღო, მაგრამ არ დაბრუნდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ჟ. ა–ი, რობერტ კირაკოსიანი, კიდევ ორი პირი, რომლებსაც არ იცნობს. მ. მ–ეს დაზარალებულისთვის თანხა არ მოუთხოვია. დაზარალებულის წასვლის შემდეგ მ–იმა აიღო ჩანთა, ჩაალაგა ჩანთიდან გადმოყრილი პასპორტები, ბარათები და ჩანთა ღობეზე ჩამოკიდა. ჩანთაში ფული მას საერთოდ არ დაუნახავს. მაისური ა. ე–ს სავარაუდოდ გაეხა ღობეზე ასვლისას.
5.6. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულის მითითების საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ქ. თ–ში ს–ს დასახლება მე-.. შესახვევის მიმდებარედ მ. მ–ის მონაწილეობით ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ჩანთა ე.წ. „ბარსეტკა“ მოშავო ფერის შესაკრავებით, მომწვანო ფერის წარწერით „LACOSTE,“ მასზე ნიანგის გამოსახულებით. ჩანთას აქვს ელვაშესაკრავი, რომლის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ოთხი ცალი რ–ს .... პასპორტი, გაცემული ა. ე–ის, ე. ე–ას, მ. ე–ას და ა. ე–ის სახელზე. მოვერცხლისფრო ფერის ხატი, გასაღების ასხმა, ერთი ცალი „პ-ს“ ბარათი, ერთი „ს–ის“ ბარათი, „.... ბანკის“ ფულადი გზავნილის განაღდების ჩეკი 10 ცალი.
5.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა: გ. უ–მა, დ. თ–მა და რ. კ–მა დაადასტურეს, რომ არიან მ. მ–ის მეზობლები, ხმაურზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დაინახეს ა. ე–ის მიერ ტელეფონის ძირს დაგდების და დაზიანების ფაქტი, რასაც მოჰყვა მ. მ–ის და დაზარალებულის ფიზიკური შეხლა-შემოხლა. სწორედ ამ დროს ა. ე–ს დაუვარდა ე.წ. ,,ბარსეტკა“, საიდანაც გადმოიყარა ნივთები. ვინაიდან ამ დროს ა. ე–ისკენ აგრესიულად გაიწია უბნის ძაღლმა, მან აიღო მხოლოდ ტელეფონი და გაიქცა, მას ჩანთის აღებაც შეეძლო, მაგრამ არ აუღია. ჩანთა აიღო მ. მ–ემ, ჩადო მასში გადმოყრილი საბუთები და ჩამოკიდა იქვე არსებულ ღობეზე.
5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობა დაზარალებულმა, ნეიტრალური მოწმეებისგან – ი. ც–ს, გ. უ–ს, დ. თ–სა და რ. კ–ს ჩვენებისაგან განსხვავებით აღწერა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. ე–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა, რაც მოგვიანებით გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამასთან, ყურადსაღებია, 2024 წლის 16 ოქტომბრის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პაციენტი - ა. ე–ი უჩივის ტკივილს ტუჩის არეში, მარჯვენა იდაყვის არეში; მისი გადმოცემით, 13 საათის წინ ქუჩაში უცნობმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სადავო არ არის, რომ ინციდენტი დაიწყო დაზარალებულსა და მ. მ–ეს შორის, მას შემდეგ, რაც ა. ე–ი ნარკოტიკებთან დაკავშირებით მივიდა შემთხვევის ადგილზე და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა მათ შორის კონფლიქტი. აღსანიშნავია, ისიც, რომ მ. მ–ე შემთხვევის ადგილზე მივიდა მას შემდეგ, რაც მას დაურეკა ი. ც–მ და აცნობა უბანში საეჭვო პირის ყოფნის შესახებ. ამდენად, დაცვის მხარე სამართლაწარმოების არცერთ ეტაპზე არ უარყოფდა, რომ ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას დაზარალებულთან.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალოდ ძარცვის შემსწრე სხვა მოწმე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. დაზარალებულ ა. ე–ის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ დაწყებული კონფლიქტის მიმდინარეობას არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. ვინაიდან, ნეიტრალური მოწმეები, კონფლიქტის დაწყების ინიცირებასთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებულ გარემოებებს აღწერენ, რაც შესაბამისობაშია მსჯავრდებულების პოზიციასთან. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა შესაძლოა არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობის ხარისხსს უკარგავს მის ჩვენებას, მით უფრო, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულის საპირწონედ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება.
5.11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, როდესაც ის უტყუარად არ მიიჩნევს დაზარალებულის ჩანთაში ფულის არსებობის ფაქტს და დამატებით მიუთითებს, რომ მართალია საქმის მასალებით დასტურდება 2024 წლის 15 ოქტომბერს 3:29:27 საათზე, რ.....ს ....იდან ე. ე–ას მიერ ა. ე–ისთვის 970 ლარის გადმოგზავნის და 2024 წლის 15 ოქტომბერს 15:24 საათზე, ა. ე–ის მიერ აღნიშნული თანხის სს „..... ბანკიდან“ განაღდების ფაქტი, თუმცა გასული დროის და იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ა. ე–ის ჩანთაში თანხა დაინახეს – აჩენს ეჭვს, თანხის არსებობის შესახებ.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ი. ც–სა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
5.13. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მ. მ–ის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. მ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლელს.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე