საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№782აპ-25 თბილისი
მ. ჯ., 782აპ-25 29 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. მ-ს ბრალი დაედო თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესით საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია და რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 30 ივნისს, დაახლოებით, 16:10 საათზე, ჯ. მ-მა ქალაქ ა-ში, თ-ის ქუჩის N--ში მდებარე სს -- ფილიალში არსებული ბანკომატის მეშვეობით, თავისად დაიგულა და თავისი მეუღლის დედის – მ. კ-ის – სახელზე გახსნილი ანგარიშიდან, პლასტიკური ბარათის გამოყენებით, გამოიტანა ფულადი თანხა – 810 ლარი, რითაც მ. კ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განაჩენით ჯ. მ-ი ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი კონსტანტინე ბახუტაშვილი ითხოვს ჯ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ., უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: №531აპ-17, №161აპ-24, №1448აპ-23).
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, ჯ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა ჯ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, დაზარალებულ მ. კ-ისა და მოწმე ა. კ-ის ჩვენებები შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე – წერილობით მტკიცებულებებში ასახულ გარემოებებს. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობისა და სანდოობის შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ მ. კ-ის ჩვენება, საქმის საკვანძო გარემოებებთან მიმართებით, არსებითად ეწინააღმდეგება მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციასთან, მათ შორის, ს. კ-ის ანგარიშზე თავდაპირველად განთავსებული თანხის წარმომავლობასა და საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვასთან დაკავშირებით. დაზარალებულმა დაკითხვისას არ დაადასტურა თავდაპირველად გამოკითხვისას მიცემული ჩვენება, რომ ბავშვის ანაბრის ანგარიშზე განთავსებული თანხა იყო ახლობლებისა და მეზობლების მიერ ს. კ-ისათვის ნაჩუქარი თანხა და განმარტა, რომ, მართალია, თანხა აჩუქეს ბავშვს, მაგრამ ამ თანხას იღებდა ჯ. მ-ი, თანხა არ დაგროვილა და პირადად ეს თანხა არ უნახავს. სასამართლოს შეფასებით, დასახელებული არსებითი წინააღმდეგობები მ. კ-ის გამოკითხვის ოქმსა და ჩვენებას შორის არ გამორიცხავს ლოგიკურ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ სადავო თანხა, რომელიც ს. კ-ის ანგარიშიდან გადარიცხულია მ. კ-ის ანგარიშზე, შესაძლოა, არის ოჯახის ახლობელთა მიერ უშუალოდ ს. კ-ისათვის ნაჩუქარი თანხა (რომლის განკარგვის უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, გააჩნია ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს – მშობელს) და არა – მ. კ-ის კუთვნილი, მეუღლის მიერ გამოგზავნილი თანხა, რომელსაც იგი პირადად უგროვებდა შვილიშვილს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. კ-ი საერთოდ უარყოფს ს. კ-ის ანგარიშიდან თავის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მტკიცებულებით დადასტურებულ ფაქტს. გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის გამოკვეთილი მკვეთრი წინააღმდეგობა კი წარმოშობს გაუქარწყლებელ ეჭვებს თანხის წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით.
8. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ მ. კ-ის სურვილი და მიზანი შვილიშვილისთვის თანხის დაგროვება იყო, რა აუცილებლობით იყო განპირობებული საკუთარ სახელზე ანგარიშის გახსნა და ს. კ-ის სახელზე უკვე არსებული ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვა და ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული არასრულწლოვნის ინტერესებს.
9. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჯ. მ-მა ს. კ-ის სახელზე 2023 წლის 2 აგვისტოს გახსნა საბავშვო ანაბარი, რომლის ვადა განისაზღვრა 21.09.2039 წლამდე, ხოლო პირველადი შენატანის მოცულობა – 820 ლარით, ე. ი. იმავე ოდენობის თანხით, რომელიც განთავსებული იყო მ. კ-ის ანგარიშზე და, მისივე განმარტებით, ეკუთვნოდა შვილიშვილს. დასახელებული გარემოებაც დამატებით საეჭვოდ ცდის მ. კ-ის დაგროვებად ანგარიშზე არსებული სადავო თანხის მისდამი კუთვნილებას.
10. მიუხედავად იმისა, რომ მ. კ-ის სახელზეა გახსნილი ანგარიში, რომლიდანაც ჯ. მ-ის მიერ განაღდებულია სადავო თანხა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ცალსახად იმის დადგენა, ხსენებული ანგარიშის ერთპიროვნული ფაქტობრივი მფლობელი იყო თუ არა მ. კ-ი, თუ იგი წარმოადგენდა ოჯახის კუთვნილ, საერთო მოხმარების ანგარიშს, ან კიდევ, დეპოზიტზე განთავსებული თანხა იყო შ. კ-ის მიერ მ. კ-ისთვის გამოგზავნილი თუ ს. კ-ისთვის ოჯახის ახლობლების მიერ ნაჩუქარი თანხა. ფაქტია, რომ 2022 წლის 18 თებერვალს არასრულწლოვან ს. კ-ის სახელზე გაიხსნა ანგარიში, რომელზედაც გროვდებოდა თანხა. სასამართლოსთვის გაურკვეველი მიზეზით, აღნიშნულ ანგარიშზე დაგროვილი თანხა გადაირიცხა მ. კ-ის ანგარიშზე. ამასთან, თანხას არ დაუკარგავს დანიშნულება, რომ იგი გროვდებოდა არასრულწლოვან ს. კ-ისათვის, და თავად მ. კ-ის მტკიცებითაც, ეკუთვნოდა მის არასრულწლოვან შვილიშვილს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ თანაცხოვრების პერიოდში ჯ. მ-ს ჰქონდა წვდომა საბანკო ბარათზე, რომელსაც იყენებდა ოჯახის კომუნალური ხარჯების დასაფარად. დაუდგენელია მხოლოდ დაგროვებად ანგარიშზე თანხის წარმოშობისა და კუთვნილების ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ არ გამოირიცხება ეჭვი მასზე ს. კ-ის საკუთრების უფლების არსებობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების 360-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს, სადავო ქონება ვისი საკუთრებაა და, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით, რა ქმედება ჩაიდინა ჯ. მ-მა, ასევე – რა განზრახვით მოქმედებდა იგი, რისი დადგენაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, შეუძლებელია.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. კ-ისა და მოწმე ა. კ-ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, ასევე, მ. კ-ის ჩვენების არსებითი წინააღმდეგობა წერილობითი მტკიცებულებების (საბანკო ამონაწერებთან) შინაარსსა და გამოკითხვის ოქმებთან, ერთად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც, სააპელაციო პალატამ ისინი არ გაიზიარა. მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებსა და ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია კი არ არის საკმარისი ჯ. მ-ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
12. მტკიცებულებათა შეფასების, ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდეგ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ჯ. მ-ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ჯ. მ-მა ჩაიდინა თვითნებობა.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე