Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№870აპ-25 თბილისი

მ. ლ., 870აპ-25 30 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. მ-ის ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 29-30 მაისს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, თავის სახლში მყოფ მ. მ-ს, ალკოჰოლური სასმლის ყიდვაზე უარის მიღების გამო, თავის ნომრიდან – - – მ. მ-ის ნომერზე – - – მობილურ ტელეფონზე დარეკვის გზით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე – ლ. მ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ სასმელს არ მიუტანდა, ყელს გამოსჭრიდა. ლ. მ-ის მუქარა მ. მ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 19 მაისიდან 2024 წლის 2 ივნისის ჩათვლით ლ. მ-ი, ალკოჰოლური სასმლის ყიდვაზე უარის მიღების გამო, ყოველდღიურად აგინდებდა და სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – მ. მ-ს.

· 2024 წლის 2 ივნისს, დაახლოებით, 09:00 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, თავის სახლში, ალკოჰოლური სასმელის ყიდვაზე უარის მიღების გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ. მ-მა, მარცხენა, გაშლილი ხელის ორჯერ სახის არეში გარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – მ. მ-ზე. ლ. მ-ის ქმედებების შედეგად, მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით ლ. მ-ი -ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულ ლ. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20 №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა ლ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა მ. მ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე მ. მ-მა (ბრალდებულის შვილმა) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულსა და მოწმეზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მათ აიძულებდა, ესარგებლათ ამ პროცესუალური უფლებით. თავად ბრალდებულმა ლ. მ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ.

9. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას ლ. ტ-მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. 2024 წლის 2 ივნისს გ-ში, გ-ში ბრალდებულმა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შესახებაც ინფორმაცია მიაწოდა მ. მ-მა. დეტალები ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ეთანხმება შემაკავებელ ორდერსა და ოქმში მითითებულ გარემოებებს, რომელიც შეავსო დაზარალებულის ინფორმაციის მიხედვით. შემაკავებელი ორდერი ოქმთან ერთად გაეცნო დაზარალებულსაც და ბრალდებულსაც, თუმცა ბრალდებულმა ოქმის ჩაბარებაზე ხელი არ მოაწერა.

10. 2024 წლის 2 ივნისის - შემაკავებელი ორდერსა და ოქმი ასახული ინფორმაციის მიხედვით, მ. მ-მა განაცხადა, რომ მეუღლემ – ლ. მ-მა – მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ. მ-მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, მან არ დაადასტურა შემაკავებელ ორდერსა და ორდერის ოქმში მითითებული ინფორმაცია. როგორც ზევით აღინიშნა, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა მოწმე მ. მ-მაც. ამასთან, ამ დოკუმენტებში არაფერია მითითებული სისტემატურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. საყურადღებოა ისიც, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. მ-ს ბრალი დაედო 2024 წლის 29-30 მაისს ჩადენილი მუქარისათვის, შემაკავებელ ორდერში კი დანაშაულის ყველა შემთხვევა თარიღდება 2024 წლის 2 ივნისით. გარდა ამისა, საქმეზე არ წარმოდგენილა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ასახული იქნებოდა მ. მ-ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი კვალი.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა, ისევე, როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შედეგიანი დელიქტია და მათი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, ხოლო მუქარის შემთხვევაში – დაზარალებულმა უნდა განიცადოს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. მ-ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულმა მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მისი ჩვენების გარეშე რთულია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ძალადობის შედეგად განცდილი ტანჯვა. იგივე უნდა ითქვას მუქარის შედეგად გამოწვეულ შიშზე, რომელიც უტყუარად დადასტურდებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით.

12. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ, რამდენადაც დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს და ვერ მოხერხდა მის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, აღნიშნული მტკიცებულება ვერ შეიძენს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებით მნიშვნელობას, როდესაც ობიექტურად აღქმადი ტესტითაც ვერ ფასდება ის –, ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ მუქარას, ფიზიკურ ძალადობას და ეს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა თუ არა რეალურად, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ანდა ფიზიკურად იძალადეს თუ არა მასზე და რა ვითარებაში (სუსგ: №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

13. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენების გარეშე (რომელიც სასამართლოსთვის დასაყრდენია), ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს იმის დასადგენად, რომ ლ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებები.

14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე