¹3კ/510-01 24 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ბინის თანამესაკუთრედ ცნობა და ბინიდან წილის რეალურად გამოყოფა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
1988 წლიდან გ. მ-ძე და ნ. მ-ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 19..... წელს მათ შეეძინათ შვილი ს. მ-ძე. ქორწინების დღიდან გ. მ-ძე ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში, ქ. ბათუმში.
ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები განქორწინდნენ 2000 წლის აპრილში, რის შემდეგ ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა გ. მ-ძის ქ. ბათუმში, ..... გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მას ამ ბინაზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ბინა შეძენილი არ იყო მათი ერთად ცხოვრების პერიოდში. გ. მ-ძემ შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების “საქართველოს რესპუბლიკის ბინის პრივატიზაციის შესახებ” საფუძველზე ქ. ბათუმში, ... მდებარე 78-ე ბინიდან წილის გამოყოფა. იგი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ მეუღლეებს პრივატიზებულ ბინაზე აქვთ თანასაკუთრების უფლება.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელს, გ. მ-ძის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ, უარი უთხრა უსაფუძვლობის გამო.
გ. მ-ძის შეგებებული სარჩელი, ნ. მ-ძისა და ქ. ს-ძის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან საკუთარი წილის რეალურად გამოყოფის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. მ-ძის მიერ დაკავებული ოთახი (14,38 კვ.მ.) კედლით გაიმიჯნა ორ ნაწილად: ლოჯიის მხარეს 9 კვ.მ. და მეორე მხარეს 5,28 კვ.მ. ფართის ოთახად. აღნიშნული გამიჯვნის შედეგად მიღებული 9 კვ.მ. ფართი მას გამოეყო საკუთრების უფლებით.
საცხოვრებელი ბინის ¹25 და ¹26 ოთახებს შორის კედელში არსებული კარი უნდა ამოიქოლოს და ¹26 ოთახიდან ¹25 ოთახში გამავალი კარი გამოჭრილ იქნეს ¹25 ოთახის იმ გამიჯნულ ნაწილში, რომლის ფართია 5.28 კვ.მ. ამის შედეგად მიღებული ოთახი, 5.28 კვ.მ. ფართით და ¹26 ოთახი საკუთრების უფლებით გადაეცეთ ნ. მ-ძესა და მის დედას.
გ. მ-ძეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის ¹25 ოთახის მთლიანად საკუთრებაში გადაცემაზე 5.28 კვ.მ. ფართის ნაწილში.
მხარეთა შორის საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსებით სარგებლობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად:
6.66 კვ.მ. ფართის ლოჯზე სარგებლობის უფლება გადაეცა გ. მ-ძეს, ამასთან, ის დაავალდებულეს, რომ ხელი არ შეუშალოს ლოჯიიდან ¹26 ოთახში ბუნებრივი სინათლის შესვლას. ¹26 ოთახიდან ლოჯში გამავალი კარი გაუქმდეს.
საცხოვრებელი ბინის დანარჩენი დამხმარე სათავსები (სამზარეულო, სააბაზანო-ტუალეტი, შემოსასვლელი, აივანი) მხარეებს დარჩა საერთო სარგებლობაში.
საცხოვრებელ ბინაში ამ გადაწყვეტილებით მითითებული ყველა გადაკეთება უნდა განხორციელდეს ორივე მხარის თანაბარი ხარჯებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებაზე:
ქორწინების დღიდან 1988 წლიდან ნ. მ-ძე და გ. მ-ძე ცხოვრობდნენ ნ. მ-ძის დედასთან, ქ. ს-ძესთან ერთად სადავო ბინაში. აღნიშნული ბინა 1993 წლის 10 თებერვალს პრივატიზირებულ იქნა ნ. მ-ძის სახელზე. ეს ბინა წარმოადგენდა ნ. მ-ძის და გ. მ-ძის თანასაკუთრებას “საქართველოს ბინების პრივატიზაციის შესახებ”, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე. ამის გამო სასამართლომ უარი უთხრა ნ. მ-ძეს გ. მ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ნ. მ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 23 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე გამოტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. მ-ძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოუყო ლოჯია გ. მ-ძეს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რადგან გ. მ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფა.
ნ. მ-ძემ და ქ. ს-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
გ. მ-ძემაც მიიღო მონაწილეობა სადავო ოროთახიანი ბინის პრივატიზაციაში, მაგრამ, რადგან ამ ბინაში კასატორთან ერთად ცხოვრობს მოხუცი დედა და შვილი, ამიტომ მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის გასახლება ბინიდან კომპენსაციის მიცემით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე ის, რომ ლოჯია უნდა დარჩეს საერთო სარგებლობაში, რადგან დამხმარე ფართია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ძის და ქ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ნ. მ-ძის საკუთრებად აღირიცხა 1993 წლის 10 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ... მდებარე 78-ე ოროთახიანი ბინა. ამ ბინის პრივატიზაციის დროისათვის ნ. მ-ძესთან ერთად ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ: დედა ქ. ს-ძე, მეუღლე გ. მ-ძე და 19..... წელს დაბადებული შვილი ს. მ-ძე. ნ. და გ. მ-ძეები განქორწინდნენ, 2000 წლის აპრილში. განქორწინების შემდეგ, ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. მ-ძის მიმართ და თავდაპირველად მოითხოვა კუთვნილი ბინიდან მისი გასახლება, შემდეგ კი მოითხოვა, რომ მოპასუხეს საკუთრების უფლებით გამოყოფოდა 8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ან კიდევ მთლიანი ბინა გაყიდულიყო და მოპასუხისათვის გადაეხადათ კუთვნილი 1/4 წილის კომპენსაცია.
გ. მ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001 წლის 26 იანვარს, გ. მ-ძის წარმომადგენელმა ი. შ-ძემ მოითხოვა სადავო ბინიდან იდეალური წილის გამოყოფა საკუთრების უფლებით.
ნ. მ-ძემ არ უარყო ყოფილი მეუღლის საკუთრების უფლება სადავო ბინაზე, რადგან მან მიიღო მონაწილეობა ბინის პრივატიზაციაში, მაგრამ სააპელაციო საჩივარში მან სადავოდ გახადა ის, რომ მოპასუხეს საკუთრების უფლებით გამოეყო 9 კვ.მ. ნაცვლად 8 კვ.მეტრისა. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის აღნიშნული მოტივის თაობაზე, არ გაარკვია გ. მ-ძის იდეალური წილი სადავო ბინაზე, რადგან აღნიშნული ბინა მხოლოდ მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის ამ ბინაში ცხოვრობდა ნ. მ-ძის დედა ქ. ს-ძე. შესაბამისად, პალატამ არ იმსჯელა ქ. ბათუმში, ..... ბინის საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ.
სადავო ბინიდან საერთო საკუთრების იდეალური წილის განსაზღვრის გარეშე მ. მ-ძეს რეალური ფართი გამოეყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2000 წლის 5 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე. სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასვა საკითხი არა სადავო ბინის კონკრეტული იდეალური წილების შესაბამისად რეალური გაყოფის შესახებ, არამედ სადავო საცხოვრებელი ბინის ორი ოთახის გადაკეთების თაობაზე.
ასეთ პირობებში კი ექსპერტიზას არ უმსჯელია თანამესაკუთრეთა იდეალური წილების შესაბამისად სადავო ბინის რეალური გაყოფის ტექნიკურ შესაძლებლობაზე.
მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამ ნორმის შესაბამისად არ განსაზღვრა თითოეული თანამესაკუთრის წილი; ასევე არ გამოიყენა 963-ე მუხლი, რომლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. თანაბარი წილების განაწილება მოწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდებ