Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №770აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი

მ- ა., №770აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ა. მ-ს (A. M.) ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ-ს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.1.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. ა. მ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. ა. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით – 0,958 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინი (მარილი), რაც, 2024 წლის 21 თებერვალს ამოიღეს ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (ერთ-ერთ ლოკაციაზე განთავსებული იყო ორი შენაფუთი).

1.2.2. ა. მ-მ დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (ერთ-ერთ ლოკაციაზე განთავსებული იყო ორი შენაფუთი) განათავსა დიდი ოდენობით – 0,958 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი), რაც, 2024 წლის 21 თებერვალს ამოიღეს პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:

2.1.1. ა. მ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.1.2. ა. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

2.1.3. ა. მ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 21 თებერვლიდან;

2.1.5. მსჯავრდებულ ა. მ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო, 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

2.2.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ირაკლი დონდოლაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა ა. მ-ს კვალიფიკაციის ნაწილში და სასჯელის გამკაცრება.

2.2.2. მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. მ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

3.2.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ირაკლი დონდოლაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას ა. მ-ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში და სასჯელის გამკაცრებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

· მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელთა დროული რეაგირების შედეგად, მან განზრახვა ვერ აღასრულა, აღნიშნული ქმედება მაინც შეიცავს გასაღების მცდელობის ყველა არსებით ნიშანს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ ნაწილში ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებულ პრაქტიკას;

· მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – რეალიზაციას.

3.2.2. მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ა. მ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

· ა. მ-მ დანაშაული აღიარა პოლიციელთა ზეწოლის შედეგად; მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს დაკავების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მას ხელები ჰქონდა დაზიანებული. მისი განმარტებით, პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე იგი დაანარცხეს მიწაზე და გაუკეთეს ბორკილები;

· მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ასახავს ა. მ-ს უდანაშაულობას. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერები წარმოადგენენ ნეიტრალურ და ობიექტურ მტკიცებულებებს, ისინი უგულვებელყოფილია;

· იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს სხვადასხვა ადგილებიდან, ბ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელმაც არ იცოდა სამართალწარმოების ენა, პირველივე ამოღების შემდეგ უნდა დანიშნვოდა ადვოკატი.

3.2.3. ალტერნატივის სახით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნაზე მითითებით, ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულ ა. მ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს -ის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ა. მ- ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. იგი გადაადგილდებოდა ბ-ში, ც-ის პირველი შესახვევი №--ის მიმდებარედ, მდინარე ჭ-ის პირას საავტომობილო გზაზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფი სამსახურებრივი ავტომობილებით გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, სადაც ჭ-ის პირას, საავტომობილო გზაზე პოლიციელებმა შეაჩერეს ა. მ- და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ა. მ-მ განაცხადა, რომ ბ-ის ბულვარში სხვადასხვა ადგილას განთავსებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და მზად იყო მიეთითებინა მათი ადგილმდებარეობა.

4.3. ამის შემდეგ, 2024 წლის 21 თებერვალს, ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის სხვადასხვა ლოკაციაზე, ა. მ-ს მითითებით ამოღებულ იქნა შენაფუთები, რაც დაფიქსირდა ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერებით. ამოღების ოქმები ხელმოწერილია ყველა მონაწილე პირის, მათ შორის თავად ბრალდებულის მიერ, შენიშვნების გარეშე. სასამართლომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად ცნო, ხოლო ბრალდებულის ადვოკატის საჩივრები – ამოღების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით – არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ამოღების ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამოღებებში მონაწილე ყველა პირმა სასამართლოში დაადასტურა ოქმებში ასახული გარემოებების სისწორე. აღნიშნულმა პირებმა დეტალურად აღწერეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, შედეგები და ადგილები, საიდანაც ამოღებულ იქნა შენაფუთები, ხოლო, მათ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობა არ გამოვლენილა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ ა. მ-ს მითითებით მივიდნენ შესაბამის ლოკაციებზე და თავად ბრალდებულის ხელით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი შენაფუთები. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ჩვენებები და ამოღების ოქმებში აღწერილი გარემოებები სრულად თანხვდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია.

4.5. ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ კონკრეტულ ადგილამდე მისვლა და შესაბამისი შენაფუთების ამოღება განხორციელდა უშუალოდ ა. მ-ს მიერ. ჩანაწერებში არ იკვეთება გამომძიებლის და მით უფრო თარჯიმნის მხრიდან რაიმე სახის მითითება ან ხელმძღვანელობა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეომასალის საფუძველზე, გამოირიცხება ვარაუდი, თითქოს ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება პოლიციელთა ზემოქმედების შედეგი ყოფილიყო.

4.6. საგულისხმოა, რომ ბრალდებულის მითითებით ამოღებულ შენაფუთებში აღმოჩენილი კრისტალური ფხვნილები ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას – მეტამფეტამინს (მარილს), საერთო წონით – 0,958 გრამს.

4.7. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება არ შეუძენია, არ შეუნახავს და არ განუთავსებია კონკრეტულ ლოკაციებზე, უსაფუძვლოა და არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. აღნიშნული განმარტებების საპირისპიროდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ა. მ-სთვის შერაცხილი მსჯავრის სისწორეს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-მ ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსების შესახებ განაცხადა მხოლოდ მასზე კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის არსებობის გამო, გამოძიების დაწყების შემდეგ, რაც, სხვა გარემოებებთან ერთობლიობით გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მის გათავისუფლებას.

4.8. იმავდროულად, საპასუხოდ დაცვის მხარის სხვა არგუმენტებისა, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ეხება, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: დაკავების ოქმის მიხედვით, 2024 წლის 21 თებერვალს, ბ-ში, -ის ქუჩის №--ის წინ მდებარე ტერიტორიაზე, საგამოძიებო მოქმედების – ამოღების – დასრულებისთანავე, მშვიდ ვითარებაში დააკავეს ა. მ-. ოქმში დაფიქსირებულია, რომ მას მარცხენა ხელის ზურგის ზედაპირზე და მარჯვენა ხელის მტევნის ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომლებიც, მისი განმარტებით, მიიღო მდინარე ჭ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების ძებნისას. დაკავების ოქმი ბრალდებულს მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ეთარგმნა, რაც ხელმოწერით დაადასტურა და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ოქმში არ შეუტანია. მას იმავე დღესვე შესთავაზეს უფასო სამედიცინო შემოწმება, თუმცა აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი განაცხადა. ასევე, გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე, იმავე დღესვე დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, როგორც პირს, რომელიც სამართალწარმოების არცოდნის გამო, საჭიროებდა სავალდებულო დაცვას. ადვოკატი დანიშვნის მომენტიდანვე მონაწილეობდა სამართალწარმოების პროცესში, მათ შორის ესწრებოდა ბრალის წარდგენას. ამდენად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაზე.

4.9. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს ა. მ-სთვის სავალდებულო წესით ადვოკატი უნდა დანიშნულიყო ნარკოტიკული საშუალების პირველი ამოღების შემდეგ. სამართლებრივად სავალდებულო დაცვას ექვემდებარება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს, ხოლო აღნიშნულ სტატუსს პირი იძენს დაკავების ან ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, ა. მ- დაკავების დღიდან უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მომსახურებით.

4.10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებით მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა ჩაიდინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-მ ნარკოტიკული საშუალებების გარკვეულ ოდენობებად დაფასოებით და მათი კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებით, მხოლოდ განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩადენისათვის, რაც, სისხლის სამართლის კვალიფიკაციის თვალსაზრისით, წარმოადგენს დანაშაულის მომზადებას. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, მესამე პირებთან კონტაქტს, თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას, ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნას ან სხვა მსგავს ქმედებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, §8).

4.11. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ა. მ-ს მსჯავრის სისწორეს და იმავდროულად მიიჩნევს, რომ სასჯელი დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისად, რის გამოც, მისი გამკაცრება არ არის მიზანშეწონილი.

4.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი ა. მ-ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა. მ-ის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე