საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№809აპ-25 თბილისი
გ. ვ., 809აპ-25 28 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ლევან მარშავას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ე - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ვ. გ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 40000 ლარი – და ვ. გ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 29 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ვ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 4-4 წლითა და 2-2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ვ. გ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 40000 ლარი – და ვ. გ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 29 მაისიდან. განაჩენის სხვა ნაწილი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· თ-ში, დ-ის რაიონში რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით მოქმედი იურიდიული პირის – შპს „--ის“ (2017 წლის 13 თებერვლიდან – შპს -“, ს.ნ. -) დირექტორმა ვ. გ-ემ 2014 წლის 1 იანვრიდან განზრახ თავი აარიდა, ჯამურად – 691 739 ლარის – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძირითადი გადასახადის გადახდას, კერძოდ, ვ. გ-ე დეკლარაციებში აფიქსირებდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაზრდილ ოდენობას, რითაც ხელოვნურად ზრდიდა საზოგადოების ხარჯებს, სრულად არ ადეკლარირებდა თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებს, მიღებულ დივიდენდებს და ამით ამცირებდა საშემოსავლო გადასახადს, ამცირებდა დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვებს და არ იხდიდა კუთვნილ გადასახადებს, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში – 245 763 ლარის, დღგ-ში – 122 656 ლარის, საშემოსავლო გადასახადში – 321 983 ლარის და ქონების გადასახადში – 1 336 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის დარიცხვა.
· ვ. გ-ე ინფორმირებული იყო შპს -“ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2017 წლის 8 დეკემბრის - საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 18 დეკემბრის - კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მან საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში, 2022 წლის 6 სექტემბრამდე, არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე, არ მოხდა მისი გადავადება, კორექტირება და გადახდის ვალდებულების შეჩერება.
· თ-ში, დ-ის რაიონში რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით მოქმედი იურიდიული პირის – შპს „-ის“ (2017 წლის 13 თებერვლიდან – შპს „-“, ს.ნ. -) დირექტორმა ვ. გ-ემ 2015 წლის 1 იანვრიდან განზრახ თავი აარიდა, ჯამურად – 2 407 228 ლარის – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძირითადი გადასახადის გადახდას, კერძოდ, ვ. გ-ე დეკლარაციებში აფიქსირებდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაზრდილ ოდენობას, რითაც ხელოვნურად ზრდიდა საზოგადოების ხარჯებს, სრულად არ ადეკლარირებდა თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებს, მიღებულ დივიდენდებს და ამით ამცირებდა საშემოსავლო გადასახადს, ამცირებდა დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვებს და არ იხდიდა კუთვნილ გადასახადებს, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში – 1 458 873 ლარის, დღგ-ში – 592 526 ლარის და საშემოსავლო გადასახადში – 355829 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის დარიცხვა.
· შპს „ვ--ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული, 2018 წლის 20 დეკემბრის - საგადასახადო მოთხოვნის და - კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, ვ. გ-ე იყო ინფორმირებული. მიუხედავად აღნიშნულისა, მან საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში, 2022 წლის 6 სექტემბრამდე, არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე – არ მოხდა მისი გადავადება, კორექტირება და გადახდის ვალდებულების შეჩერება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით უფროსი პროკურორი ლევან მარშავა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ვ. გ-ისათვის ორივე ეპიზოდში მისი ქმედებების შესაბამისი, უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვ. გ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად ლმობიერია.
8. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე მიუთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის ვ. გ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასჯელის მიზნებზე, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.
13. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
14. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. გ-ეს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელ (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე და აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის დროისთვის (გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის დრო, ერთ შემთხვევაში – 2017 წელი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2018 წელი) ვ. გ-ე ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ; შესაბამისად, სახეზე არ იყო სასჯელის დამამძიმებელი გარემოება – რეციდივი. სააპელაციო სასამართლომ, სწორედ აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, დაუნიშნა მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობა და მისი გამკაცრების აუცილებლობა. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს დაზარალებულისათვის (სახელმწიფოსთვის) მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა ვერ მოიაზრება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. გარდა ამისა, არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი შესაძლებლობა, რომლის შესაბამისადაც, დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სუსგ: №295აპ-22, №354აპ-22, №389აპ-21, №51აპ-19).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, .... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. გ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ლევან მარშავას – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე