Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №849აპ-25 თბილისი

პ-ი მ., 849აპ-25 26 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენით მ. პ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. პ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 20 იანვრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 4 თვით და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა 7 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. პ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 20 იანვრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, 20 წლით კი – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. პ-მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი თანხმებით ჯგუფის მიერ; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, თ-ში, დ---ის მე-კვარტლის №-კორპუსში მდებარე შპს “ტ. ა-ს" ოფისში, ნ. ბ-მა და მ. პ-მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, როგორც ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, წონით – 401,455 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“, ისე შეიძინეს კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ჩანაცვლებული სხვა ნივთიერება, რომელსაც 2023 წლის 20 იანვარს ასევე უკანონოდ ინახავდნენ თ-ში, ა----ის მე-4 ჩიხის N--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილში (სახ. ნომრით – -), რომელსაც ნ. ბ-ი მართავდა.

· ნ. ბ-მა და მ. პ-მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), საერთო წონით – 1,2224 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მათ განათავსეს ქ-ის დასახლების მიმდებარედ არსებული ტყის მასივის ტერიტორიაზე, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, 2023 წლის 20 იანვარს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ. პ-ისა და ნ. ბ-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად.

· ნ. ბ-მა და მ. პ-მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), საერთო წონით – 1,2224 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მათ დააფასოვეს, გაანაწილეს და, შემდგომი გასაღების მიზნით, განათავსეს ქ-ის დასახლების მიმდებარედ არსებული ტყის მასივის ტერიტორიაზე, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ბ-ის და მ. პ-ის ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მათი დანაშაულებრივი ქმედება ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2023 წლის 20 იანვარს ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ. პ-ისა და ნ. ბ-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად.

4. მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ხ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. პ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას მ. პ-ის გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმე ნ. ბ-ის ჩვენება, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებისა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პირველი ოპერატიული განყოფილების უფროსი დეტექტივის – პ. მ-ის – 2023 წლის 18 იანვრის პატაკი, 2023 წლის 18 იანვრისა და 20 იანვრის ამოღების ოქმები, მოწმე ნ. ბ-ის გამოკითხვის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 იანვრის - 2023 წლის 25 იანვრის -, 2023 წლის 26 იანვრის - დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – -) 2023 წლის 20 იანვრის ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მ. პ-ის 2023 წლის 20 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის 2023 წლის 20 იანვრის ჩხრეკის ოქმი, ლ. ბანკიდან, ს-ს ბანკიდან და თ. ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მ. პ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მ. პ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

9. საყურადღებოა, რომ 2023 წლის 20 იანვრის გამოკითხვისას მ. პ-ი დასთანხმდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე, 2023 წლის 20 იანვარს მ. პ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას, მისივე მითითებით, ყველა დასახელებული ადგილიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკა, ამოღება, დალუქვა, ხელმოწერა, გამოკითხვა თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი – კანონის მოთხოვნით და მისი დაცვით წარიმართა, არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობა, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერენ მასში მონაწილე პირები, მათ შორის – მ. პ-ი; საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. ნ. ბ-ის და მ. პ-ის მითითებით, ქ-ის დასახლების მიმდებარედ არსებული ტყის მასივის ტერიტორიიდან, სულ – ხუთი ადგილიდან – ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, რაც ასევე დასტურდება 2023 წლის 20 იანვარს ჩატარებული ამოღების ოქმებით. ხოლო ამოღებული ნივთიერება რომ ნამდვილად ნარკოტიკული საშუალებაა, დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნით.

10. გარდა ამისა, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლ. გ-მა, 2023 წლის 31 იანვრის -- განჩინების საფუძველზე, გახსნა და დაათვალიერა შსს - ლუქის ბეჭდით დალუქული მუყაოს კონვერტი, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. ნ. ბ-ისგან ამოღებული, „აიფონის“ ფირმის ტელეფონის ინტერნეტაპლიკაცია „T--ში“ ნანახი იქნა 2023 წლის 20 იანვრის მიმოწერა რ. ვ-თან, რომელიც შეეხება 2023 წლის 20 იანვარს ნ. ბ-ის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულ ამანათს. ასევე დათვალიერებულ ბმულებში („ლინკებში“) აღმოჩნდა 2023 წლის 20 იანვრის ფოტოები, მათ შორის – ის ადგილები, რომელთაგანაც 20 იანვარს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, სამართალდამცავებმა ამოიღეს ნ. ბ-ის და მ. პ-ის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკები. აგრეთვე მ. პ-ისგან ამოღებული, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ინახა coinmania-დან ტრანზაქციები, ხოლო ფოტოგალერიის დათვალიერების დროს ფარულ ფოტოებში აღმოჩნდა ნ. ბ-ის ფოტო, რომელსაც მკერდზე მიდებული აქვს თაბახის ფურცელი წარწერებით – ---“ და თავისი პირადობის მოწმობით, რაც ტიპური მოთხოვნაა ნარკოკურიერად მუშაობის დაწყების მსურველის რეგისტრაციისას.

11. დაცვის მხარის პოზიცია, რომ მ. პ-ი უდანაშაულოა, არის ნ. ბ-ის მსხვერპლი და არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი ბრალეულობა, ასევე ის გარემოება, რომ მ. პ-ისთვის ცნობილი არ იყო ნარკოტიკების შესახებ და ნ. ბ-ს მიჰყვებოდა სახლში მხოლოდ მისი ცოლის თმის შესაჭრელად, სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. პ-მა განმარტა, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული, „IPHONE 13 Pro Max-ის“ მოდელის ტელეფონი, რომლის განბლოკვის კოდია – 1580, იმეი კოდი: - და -. ტელეფონში მოთავსებულია ბ-ის სიმბარათი ნომრით - – არის მისი, მასშივე აღმოჩნდა ნ. ბ-ის ფოტო; ასევე მ. პ-ის თ. ბანკის ანგარიშზე –- – 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებულია ტრანზაქციები 97,789.27 ლარის ოდენობით; ამჟამად ანგარიშზე ნაშთი 57.22 ლარია. მ. პ-ის თ. ბანკის ანგარიშზე –-– 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებულია ტრანზაქციები 1,299.63 აშშ დოლარის ოდენობით, ამჟამად ანგარიშზე ნაშთი 0.05 აშშ დოლარია. ასევე ნ. ბ-ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: სასწორები, გამოუყენებელი პაკეტების შეკვრა, პატარა ზომის მეტალის ერთი კოვზი, სამი ცალი ყვითელი, მომწვანო ფერებში გაწყობილი წებოვანი ლენტი და ერთი ცალი ლურჯი ფერის ლენტი. აღნიშნული თანხვდება ნ. ბ-ის ჩვენებასთან, რომელშიც ნ. ბ-ი უთითებს, რომ მ. პ-მა დაარეგისტრირა მაღაზიაში, ე.წ. „ა-ში“, რომელიც ემსახურებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მ. პ-ი მიდიოდა ნ. ბ-ის სახლში, ვინაიდან არ უნდოდა, აღნიშნულის შესახებ გაეგოთ მ. პ-ის დედას და დას, და ერთად აფასოებდნენ ნ. ბ-ის ბინაში, რის შემდეგაც უნდა დაერიგებინათ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც სწორედ მათივე მითითებით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

12. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებისა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პირველი ოპერატიული განყოფილების უფროსი დეტექტივის – პ. მ-ის –მიერ 2023 წლის 18 იანვარს მიღებული ინფორმაციით, თ-ში, ა-ის დასახლებაში, რ-ის ჩიხი №--ის მიმდებარედ, შპს -- სატვირთო ტერმინალში მოქალაქე ა. მ-ის მიერ ნ. ბ-ის სახელზე გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალება შენიღბულად მოთავსებულია თეთრი ფერის, „C--ის“ ფირმის მიკროტალღურ ღუმელში, რომელიც, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, ინახება ამავე მისამართზე მდებარე შპს „თ. კ. ს-ის“ საწყობში. 2023 წლის 18 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა ლ. გ-მა ამოიღო ა. მ-გან გამოგზავნილი ამანათი, მიმღები –ნ. ბ-ი. ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი ლითონის კორპუსით, რომელსაც ლათინურად აწერია „C.“; კორპუსის უკანა მხარეს, საჰაერო გაგრილების ცხაურში ჩანს მოყვითალო ფერის ნივთიერება პოლიეთილენის პარკში. კორპუსის გახსნის შემდეგ ამოიღეს სამი, პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნივთიერება. ორ პარკში მოთავსებულია მოყვითალო ფერის ნივთიერებები, ხოლო მესამე პარკში – მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერება. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პარკში მოთავსებული ნივთიერებები კვლავ მოთავსდა ღუმელში და ამანათი დაუბრუნდა პირვანდელ სახეს; ამოღებული ამანათი მოთავსდა შსს სპეცპაკეტში, დაილუქა, ხელი მოეწერა, მიეთითა საქმის ნომერი და თარიღი. ----ის“ საწყობის უფროსი ნ. ბ-ის განმარტებით, აღნიშნული ამანათი უნდა მიიტანონ თ-ში, -- კორპუსში მდებარე ოფისში.

13. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად, საქმეზე ამოღებული, მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებული, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის თერმულად დამუშავებულ პაკეტში მოთავსებული მოთეთრო, კრისტალური ნივთიერება, გრანულებისა და ფხვნილის სახით, წონით – 472,3 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (ფუძე), რაოდენობით – 401,455 გ. (ობ. №1). უფერო, გამჭვირვალე პოლიმერული მასალის თერმულად დამუშავებულ 2 (ორ) ცალ პაკეტში ცალ-ცალკე მოთავსებული მოყვითალო, კრისტალური ნივთიერება, გრანულებისა და ფხვნილის სახით, ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით – 949,1 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ (ობ. №-). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთიერებები (ობიექტი №-) დამზადებულია ქარხნული წესით. ობიექტები №- ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

14. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლ. გ-მა, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის, პ. წ-ის მონაწილეობით, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში, დათვალიერების, ქიმიური დამუშავების, ნივთიერების ჩანაცვლების და ამოღებული ამანათისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით, გახსნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტში, შტრიხკოდით – - – დალუქული პაკეტი. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მოყავისფრო მუყაოს ყუთი, რომელზეც დაკრულია ქაღალდი წარწერით – „გამომგზავნი – --- და მიმღები – „ნ. ბ-ი“. ყუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ელექტროღუმელი, რომელსაც სახრახნისის გამოყენებით ნაწილობრივ მოეხსნა გვერდითი კორპუსის ნაწილი, რის შემდეგაც იქ არსებულ სათავსოში მოთავსდა პოლიეთილენის სამი პარკი, რომლებშიც ჩანაცვლდა: პირველ პაკეტში – 479 გრამი თეთრი ფერის, ფხვნილისებური ნივთიერება, მეორე პაკეტში – მოყავისფრო ფერის, 464 გრამი ფხვნილისებური ნივთიერება და მესამე პაკეტში – მოყავისფრო ფერის, 479 გრამი ფხვნილისებური ნივთიერება. პაკეტები წინასწარ დამუშავდა, დაინომრა და მათზე გაკეთდა აღნიშვნები – „ცკპდ“; პაკეტები ასევე დამუშავდა უხილავი ფხვნილით. ამის შემდეგ ღუმელის კორპუსი დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას და იგი დამაგრდა დამჭერებით. ღუმელი კვლავ მოთავსდა მუყაოს ყუთში, რომელიც გადაწებდა გამჭირვალე, წებოლენტით და ამანათმა მაქსიმალური სახით მიიღო საწყისი ფორმა.

15. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლ. გ-მა, 2023 წლის 20 იანვარს თ-ში, --ში, შპს “ტ. ა-ს“ ოფისში გახსნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტი, შტრიხკოდით –-. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ამანათი მუყაოს ყუთში, რომელიც განკუთვნილია ნ. ბ-ისთვის, ხოლო გამომგზავნია ა. მ-ი; ამანათის კოდია -. პაკეტში აღმოჩნდა ასევე გახსნილი სპეცპაკეტი, შტრიხკოდით – -. პაკეტები ამის შემდეგ დაილუქა შსს სპეცპაკეტში, ხოლო ამანათი გადაეცა “ტ. ა-ს“ წარმომადგენელს. 2023 წლის 21 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ნ. ბ-ის სახელზე 18.01.2023 წელს შემოსულია 9.3 კგ წონის ამანათი, რომელშიც გამომგზავნმა გადაიხადა 1400 რუსული რუბლი. 2023 წლის 20 იანვრის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – -) ჩხრეკისას, ნ. ბ-ის მითითებით, ავტომობილის უკანა სავარძლიდან ამოღებულია სამ პაკეტში დაფასოებული ნივთიერებები. მისი გადმოცემით, ორ პაკეტშია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“, ხოლო ერთ პაკეტში – ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია მუყაოს დახეული ყუთი, რომელსაც აკრავს ქაღალდი წარწერით – „მიმღები – ნ. ბ-ი, გამომგზავნი – ა. მ-ი“. ასევე ამოღებულია თეთრი ფერის ელექტროღუმელი, დაშლილ მდგომარეობაში. სამ პაკეტში დაფასოებული ნივთიერებები, ამანათის მუყაოს ყუთი და დაშლილი ელექტროღუმელი მოთავსდა შსს სპეცპაკეტებში.

16. დადგენილია, რომ 2023 წლის 20 იანვარს ნ. ბ-ი და მ. პ-ი ერთად იმყოფებოდნენ. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პოლიეთილენის - პაკეტში დალუქული, ნ. ბ-ის ავტომობილიდან ამოღებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში ორ ცალად დაფასოებული, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო გრანულისებრი ნივთიერება, საერთო წონით – 943,0 გრამი – და უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში ერთ ცალად დაფასოებული, თეთრი, გრანულისებრი ნივთიერება, წონით – 479,0 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (- ობ.). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პოლიეთილენის - პაკეტში დალუქული, ეპენდორფის სინჯარაში, ხელნაწერი წარწერით – „-“, მოთავსებული მოყავისფრო, გრანულისებრი ნივთიერება, წონით – 1,1812 გრამი – და ეპენდორფის სინჯარაში, ხელნაწერი წარწერით – „1“, მოთავსებული თეთრი, გრანულისებრი ნივთიერება, წონით – 1,0375 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (- ობ.). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პოლიეთილენის - პაკეტში დალუქული, ნ. ბ-ის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებები და პოლიეთილენის - პაკეტში დალუქული ჩანაცვლებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა. ასევე, ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში - მოთავსებული, სამი ცალი გამჭირვალე, პოლიმერული მასალის პაკეტის ზედაპირზე ცისფერი ლუმინესცენციის მქონე ფანქრით დატანილი წარწერები: ---- და ნიმუშად წარმოდგენილ ქაღალდის ნაჭერში ცისფერი ლუმინესცენციის მქონე ფანქრით დატანილი წარწერები – „ცკპდ“ – შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით. ასევე, ნ. ბ-მა და მ. პ-მა ერთობლივად რომ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, ამყარებს მ. პ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელშიც აღმოჩენილი იყო ნ. ბ-ის ფოტო, რომელზეც ნ. ბ-ნს მკერდზე მიდებული აქვს თაბახის ფურცელი წარწერებით – „-“ და თავისი პირადობის მოწმობით. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მ. პ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

17. ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მსგავსად, საკასაციო პალატაც არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ნ. ბ-ი პირადი დაინტერესებისთვის, კერძოდ, ბინის გადაფორმების ან 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იტყოდა სიმართლეს, რადგან ეს მხოლოდ ვარაუდებია და მხარეს რაიმე მტკიცებულებები აღნიშნულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. ასევე, უსაფუძვლოა ადვოკატის მოსაზრება, რომ არასანდო მოწმეა ნ. ბ-ი, რომლის ჩვენებასაც არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო იზიარებს ჩვენებას, რომელიც მოწმემ/დაზარალებულმა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, ფიცის დადების, უფლება-მოვალეობის განმარტებისა და ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, მტკიცებულებითი ძალა აქვს ჩვენებას, რომელიც მოწმემ/დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მისცა, დაიკითხა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარის მიერ, არ დარღვეულა მტკიცებულების გამოკვლევისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ნ. ბ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც სანდოობის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს, შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს, რომელთან ერთადაც ქმნის ერთიან საერთო სურათს. ამრიგად, სასამართლოს ნ. ბ-ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, ნ. ბ-ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნელობისა მ. პ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულების დასადასტურებლად, ვინაიდან მისი ბრალეულობა დგინდება სხვა, ნეიტრალური მტკიცებულებით.

18. ადვოკატის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ არ ამოიღო შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი, რომელშიც ნათლად გამოჩნდებოდა მ. პ-ის უდანაშაულობა, ასევე – არ დაკითხა საქმისათვის მნიშვნელოვანი პირდაპირი მოწმეები, – სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ხოლო 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა იმ წრეს, რომლის წარდგენაც საჭიროდ მიაჩნია სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე – მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზეა დამყარებული. საქართველოს სსსკ-ის 39-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, დაცვის მხარეს შეეძლო, მოეპოვებინა მტკიცებულებები და წარმოედგინა სასამართლო სხდომაზე (მათ შორის – დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა მოწმეები და დაეკითხა ისინი), რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით (მაგალითისათვის, იხ. სუსგ: №1146აპ-24, №249აპ-25, №918აპ-24). სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაავალოს ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა მოპოვება. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების წარმოდგენა მხარეთა კომპეტენციაა. თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების ან დაცვის მხარე, გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენდა კიდევ სხვა მტკიცებულებებს, დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთობლივად, ისინიც სათანადოდ შეფასდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები მტკიცებულებით ძალას ვერ დაუკარგავს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომლებიც წარმოდგენილია სასამართლოში და ვერ გახდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი გაუზიარებლობის საფუძველი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეში არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც, განსახილველ შემთხვევაში, სრულად საკმარისი აღმოჩნდა მ. პ-ის ქმედების შესაფასებლად.

19. რაც შეეხება მოწმე მ. მ-ს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, იგი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმებს მოწმის გულწრფელობასა და მიუკერძოებლობის თაობაზე.

20. ზემოხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატის პოზიცია მ. პ-ის უდანაშაულობის შესახებ არგუმენტაციასაა მოკლებული, რადგან, თუ იგი უდანაშაულოა და ნ. ბ-ი მას აბრალებს დანაშაულში მონაწილეობას, მაშინ როგორ დაასახელა გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ის ადგილები, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას თუ პირმა მიუთითა, სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებელმა ამოიღო, მტკიცებულებითი ძალა ენიჭება. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები აკმაყოფილებს სანდოობისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს; არ გამოვლენილა მტკიცებულების მოპოვებისას კანონის დარღვევის ფაქტები, მეტიც, ყველა მტკიცებულება, გარდა ნ. ბ-ის ჩვენებისა, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.

21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებების ამოღება, მათი საპროცესო დამაგრება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და მათი დაცვით და რაიმე კანონდარღვევა არ გამოვლენილა. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით (მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული) დასტურდება მათი მონაწილეობით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების, ასევე – მათში მითითებული გარემოებების სისწორე. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმები დადასტურებულია მასში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერით. საწინააღმდეგო გარემოების არსებობა, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, ისე – წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, არ დასტურდება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ საქმის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №1320აპ-23, №506აპ-24, №68აპ-24), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

23. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე