¹ 3კ/519-01 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. წ-ურმა და აღნიშნა, რომ 1997 წლის იანვარში ვ. ბ-ძეს და მის მეუღლეს, ნ. ბ-ძეს ასესხა 1000 აშშ დოლარი. მოპასუხეებს თანხა უნდა გაესტუმრებინათ ერთ თვეში, რაც მათ არ შეასრულეს. 2000 წლის დასაწყისში კი მოსარჩელემ დავალიანების ხელწერილი ჩამოართვა მოპასუხე ვ. ბ-ძეს. გ. წ-ურის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ნ. ბ-ძემ და ვ. ბ-ძემ აღნიშნული თანხა არ დააბრუნეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ. წ-ურმა მოითხოვა 1000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გ. წ-ურის სარჩელი, ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს დააკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელისაგან არავითარი სესხი არ მიუღია, ხოლო მისმა მეუღლემ ნამდვილად ისესხა 1000 აშშ დოლარი გ. წ-ურისაგან და გამოიყენა კერძო ბიზნესში. ნ. ბ-ძის განმარტებით, იგი მეუღლესთან ერთად არავითარ საერთო მეურნეობას არ ეწევა და არც იყო ვალდებული დაებრუნებინა მეუღლის მიერ აღებული სესხი.
სააპელაციო პალატამ 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ნ. ბ-ძე გაათავისუფლა ვალის დაკისრების ნაწილში სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება გ. წ-ურმა მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო წესით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ მან ფული ასესხა ნ. ბ-ძესა და ვ. ბ-ძეს, ვინაიდან მათ ეს თანხა ბავშვების სწავლისათვის სჭირდებოდათ. ამდენად, პასუხისმგებლობაც ორივე მეუღლეს უნდა დაკისრებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. წ-ურმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 1000 აშშ დოლარის ორივე მოპასუხეზე დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გ. წ-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სესხით მიღებული თანხები გამოყენებული იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. Aაღნიშნულის გამო, გადახდევინება უნდა მოხდეს მეუღლეთა საერთო ქონებიდან.
ვინაიდან ამ შემთხვევაში ორივე მეუღლემ უნდა აგოს პასუხი და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ორივეს ინტერესებს შეეხოს, საქმეზე მოპასუხედ უნდა იყოს, როგორც ქმარი, ისე ცოლი.
სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, რომელიც შეიძლება იყოს წილადი ან სოლიდარული.
ვინაიდან სესხით მიღებული თანხა მოხმარდა მთელი ოჯახის ინტერესებს, ვალდებულების წილის განსაზღვრა შეუძლებელია. Aასევე, შეუძლებელია იმ ქონების ზუსტად განსაზღვრა, რომელიც მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ასეთ პირობებში, პალატა თვლის, რომ მეუღლეებს პასუხისმგებლობა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ. Mმოცემულ შემთხვევაში, სოლიდარული ვალდებულება განპირობებულია მეუღლეთა შორის ვალდებულების წილებად გაყოფის შეუძლებლობით, რაც, პალატის აზრით, ვალდებულების საგნის განუყოფლობას უთანაბრდება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გ. წ-ურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ 1000 დოლარის გადახდა გ. წ-ურის სასარგებლოდ.
ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.