¹ 3კ/520-01 19 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება; ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ა-შვილმა ვ. ბ-ძისა და ნ. ბ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სესხის _ 2000 აშშ დოლარის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მან 1996 წელს მოპასუხეებს ზეპირი ხელშეკრულებით ასესხა სადავო თანხა 5 თვის ვადით, 10% სარგებლით. მოპასუხეებმა სადავო თანხა არ დააბრუნეს. გ. ა-შვილის მოთხოვნის საფუძველზე 2000 წლის 12 მარტს ვ. ბ-ძემ წერილობით (ხელწერილით) დაადასტურა ვალის არსებობა.
მოპასუხე ვ. ბ-ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაადასტურა, რომ მან მოსარჩელისაგან ისესხა 1900 აშშ დოლარი. მის მეუღლეს ნ. ბ-ძეს სასხი არ აუღია. აგრეთვე, დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ფული გამოიყენა ოჯახის საჭიროებისათვის.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს გ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ 1900 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსი 629-ე მუხლი.
ნ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა მას მისი მეუღლის მიერ აღებული თანხის გადახდა. მეუღლემ გ. ა-შვილისაგან აღებული თანხა გამოიყენა კერძო ბიზნესში, რომელმაც არ გაამართლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა ნ ბ-ძეზე ვალის დაკისრების ნაწილში და იგი გათავისუფლდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკურლების მხარეს წარმოადგენს ვ. ბ-ძე და არა ნ. ბ-ძე, რის გამოც ამ უკანასკნელს თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის დაიხარჯა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გ. ა-შვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ადგენს ვალის მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინებას, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, მთელი ოჯახის ინტერესებისათვის იქნა გამოყენებული. სასამართლომ კი დაადგინა, რომ ვალი ოჯახის ინტერესებისათვის იქნა გამოყენებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულება დამატებითი გამოკვლევა. კასატორი არ მიუთითებს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაზე (საქმის ფაქტობრივი გარემოების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით), რის გამოც პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მ. ა-შვილისაგან სესხად აღებული 1900 აშშ დოლარი ვ. ბ-ძემ გამოიყენა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. აღნიშნულის გამო გ. ა-შვილისაგან სესხად აღებული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს მეუღლეთა – ვ. ბ-ძისა და ნ. ბ-ძის საერთო ქონებიდან. პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ იურიდიულად საფუძვლიანია და სარჩელი ნ. ბ-ძის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ვ. ბ-ძეზე 1900 აშშ დოლარის დაკისრებას, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა.
აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აღნიშნული თანხა უნდა გადახდეს მეუღლეებს თანასაკუთრებიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქარვთელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. ა-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს გ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისროთ 1900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ვ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.