¹ 3კ/522-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 8 აპრილს ნ. ნ-შვილმა და თ. ო-შვილმა ნ. ა-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1991 წლის თებერვალში ნ. ა-შვილს ასესხეს 4640 ლიტრი დიზელის საწვავი, მაგრამ მოპასუხემ დათქმულ ვადაში საწვავი არ დაუბრუნა, რითაც განიცადეს მატერიალური ზარალი და მოითხოვეს მოპასუხისათვის 1739 ლარის დაკისრება.
ნ. ა-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მან 1992 წლის ნოემბერში ასესხა 100 000 რუსული რუბლი, რომელიც თ. ო-შვილს მისთვის არ დაუბრუნებია. 1992 წელს 100 000 რუსული რუბლი შეადგენდა 5323 ლარს, ამიტომ მას დიზელის საწვავის ღირებულება გადახდილად მიაჩნია და მოითხოვა ვალის გაქვითვა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ა-შვილმა 100 000 რუსული რუბლი გაასესხა არა 1992 წლის ნოემბრის თვეში, როგორც მოპასუხე მიუთითებდა, არამედ 1993 წლის ივლისში, ამ დროისათვის კი, ინფლაციის გათვალისწინებით, 100 000 რუსული რუბლი 503 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდილად მიიჩნია და 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა 1236 ლარი.
ნ. ა-შვილმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ნ. ნ-შვილმა გაზარდა მოთხოვნა და მან საბოლოო ჯამში მოპასუხის მიერ სესხად მიცემული 100 000 რუსული რუბლის გამოკლებით (100 000 რუსული რუბლი ჩათვლილ იქნა 503 ლარად) და ადვოკატის ხარჯების ჩათვლით (ადვოკატის ხარჯები 122 ლარი), ინფლაციის და დიზელის საწვავის ფასის ზრდის გათვალისწინებით, მოითხოვა სულ 2774 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით მხარეთა ურთიერთვალდებულებები გაქვითულად ჩათვალა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნ. ნ-შვილის და თ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი 2000 წლის 30 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გააუქმა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დიზელის საწვავის გასესხებას ადგილი ჰქონდა 1991 წლის 11 თებერვალს, რაც ორ დღეში უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. ამიტომ, 1991 წლის 14 თებერვალს მოსარჩელეს წარმოეშვა სარჩელის შეტანის უფლება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის შეტანის ვადა ამოიწურა 1994 წლის 14 თებერვალს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა მხოლოდ 1999 წლის 8 აპრილს, ანუ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1998 წელს ნ. ა-შვილის მიერ ვალის გასტუმრების მიზნით 300 აშშ დოლარის შეთავაზება არ წარმოადგენდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძველს, რადგან ვალის ამ ფორმით აღიარება არ მოხდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარება ვერ გამოიწვევდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკვე 1994 წელს იყო გასული.
ნ. ნ-შვილმა და თ. ო-შვილმა 2001 წლის 11 აპრილს საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორებმა მოითხოვეს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე ზ. კ.-ს, უფლება არ ჰქონდა მიეღო მონაწილეობა, რადგან 2000 წლის 8 მაისს იგი თავმჯდომარეობდა სააპელაციო სასამართლოში ამავე საქმის განხილვას და არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი. მათ მიაჩნიათ, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-34-ე მუხლების მოთხოვნები.
2. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-84-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, მოპასუხის მხრივ მათი უფლების დარღვევა ცნობილი გახდა რა 1998 წელს, მათ სარჩელი შეიტანეს დროულად. მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის დენის დასაწყისად არ უნდა მიეჩნია 1991 წლის 14 თებერვალი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დიზელის საწვავის გასესხება მოხდა 1991 წლის 11 თებერვალს იმ პირობით, რომ სესხი დაბრუნებული იქნებოდა ორ დღეში, ანუ 1991 წლის 14 თებერვალს. მიუხედავად აღნიშნულისა, სესხი არ იქნა დაბრუნებული და კრედიტორმა სასამართლოს მიმართა 1999 წლის 8 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით), 75-ე მუხლის შესაბამისად, უფლების დაცვის სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება კი წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის თაობაზე. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს.
მოცემულ შემთხვევაში მოვალის მხრივ 1998 წელს კრედიტორისათვის ვალის დასაფარად 300 აშშ დოლარის შეთავაზება თავისთავად ვალდებულების აღიარებას წარმოადგენს, მაგრამ იგი ვერ გახდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტის საფუძველი, რადგან მოვალეობის აღიარება სასარჩელო ხანდაზმულობის მიმდინარეობის შეწყვეტის საფუძველი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს, თუ კი ასეთი მოხდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობა გავიდა 1994 წლის 14 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხის მხრივ ვალის დაფარვის მიზნით 300 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღიარება ძველი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ვადის განახლებას, ანუ გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველს კი არ წარმოადგენს, არამედ ამ აღიარებით წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის ვადის დენა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად (ვალის არსებობის აღიარება) იწყება თავიდან, ახალი მოთხოვნის წარმოშობის დღიდან (300 აშშ დოლარის და არა 4640 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურებაზე), მაგრამ მოსარჩელეს 300 აშშ დოლარის ანაზღაურება არ მოუთხოვია.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს მოსამართლე ზ. კ.-ს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მითითებული საქმის განხილვაში. მართალია, მოსამართლე ზ. კ.-ა თავმჯდომარეობდა სხდომას 2000 წლის 8 მაისს, სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის დროს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი საქმის განხილვაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მონაწილეობდა ამ საქმის პირველ ინსტანციაში ან საკასაციო ინსტანციაში განხილვაში. დადგენილია, რომ ამ საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს არც ერთ მოსამართლეს ეს საქმე არც პირველ ინსტანციაში და არც საკასაციო ინსტანციაში არ განუხილავს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ნ-შვილის და თ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.