¹ 3კ/524-01 28 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: გირაოს საგნის რეალიზაციის ხარჯზე დავალიანების დაფარვა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997 წლის 31 ივლისს ¹... საკრედიტო ხელშეკრულებით ა. ქ-ძემ სს “ბ.-იდან” გაიტანა სესხი 13000 აშშ დოლარი, თვეში 10 პროცენტის დარიცხვით. მოვალეს სესხზე დარიცხული პროცენტი უნდა დაებრუნებინა იმავე წლის 31 ოქტომბერს. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ¹... გირავნობის ხელშეკრულებით დაიტვირთა ა. ქ-ძის საცხოვრებელი ბინა მდებარე, ... ქ. თბილისში. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოვალემ დროულად და სრულყოფილად ვერ შეასრულა. სს ,,ბ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ქ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა 9200 აშშ დოლარის (6529 აშშ დოლარი ძირითადი სესხი, 2671 აშშ დოლარი _ სესხზე დარიცხული პროცენტი) დაბრუნება. აღნიშნული თანხა, როგორც ეს სარჩელშია მითითებული, წარმოადგენს მოპასუხის დავალიანებას 2000 წლის 10 აგვისტომდე. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა: სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული საცხოვრებელი ბინის, აუქციონზე რეალიზაცია და სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის საფუძველზე იძულებითი აუქციონის ჩასატარებლად სპეციალისტის დანიშვნა; ა. ქ-ძის და მასთან მყოფი პირების გირავნობით დატვირთული ბინიდან გამოსახლება; საკრედიტო ხელშეკრულების 5-1 პუნქტის თანახმად, დავალიანების საბოლოო დაფარვამდე გადაუხდელი პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0,3% პირგასამტეხლოსა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას ძირითადი ვალი და პროცენტი სესხისათვის გადახდილი აქვს 25 420 აშშ დოლარის ოდენობით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ბ.-ს” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ეროვნული ბანკის 1996 წლის 27 აგვისტოს ¹31 ბრძანებით დამტკიცებული “კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშების წესების” თანახმად, ვადაგადაცილებულ სესხებს და პროცენტებს მიეკუთვნება ვადაში დაუფარავი სესხები და ვადაში გადაუხდილი პროცენტები. პროცენტის დაუფარაობის შემთხვევაში ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთ თვემდე. მოცემულ შემთხვევაში ქ-ძის მიერ აღებული სესხი ბანკს უნდა ჩაეთვალა უიმედო სესხის კატეგორიად და ჩამოეწერა. ამის შემდეგ ბანკს უნდა გაეტარებინა სათანადო ღონისძიებანი სესხის თანხის დაუფარავი და დარიცხული პროცენტების მსესხებლისაგან ამოღების მიზნით, რაც არ გაუკეთებია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს “ბ.-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა.ქ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის 7960 აშშ დოლარის დაკისრება და სესხის ხელშეკრულების 1.2 და 1.4. პუნქტების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთი _ 10%, კანონშეუსაბამოა, რადგან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი ნორმით საპროცენტო განაკვეთი 4,9%_ს შეადგენდა, რის გამოც ხელშეკრულების 1.2. პუნქტი სამოქალაქო კოდექსის 625_ე მუხლს ეწინააღმდეგება, ამავე ნორმით პროცენტის შესახებ დადაბული შეთანხმება ბათილია, თუ იგი ამ მუხლით დადგენილ წესს ეწინააღმდეგება. ა. ქ-ძემ შეგებებული სარჩელით ხელშეკრულების 1.4. პუნქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 387_ე მუხლის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. ქ-ძეს სს ,,ბ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2965 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს 1997 წლის 1 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, ა. ქ-ძის სახელზე რიცხული ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით; სს ,,ბ.-ს” სარჩელი, ა. ქ-ძისა და მასთან მყოფ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ძის შეგებებული სარჩელი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორება მოხდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მარტის განჩინებით, რომლითაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,ა. ქ-ძეს გადახდეს სს ,,ბ.-ს” სასარგებლოდ 647 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში”, ხოლო მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: “ა. ქ-ძეს დაკისროს სს ,,ბ.-ს” მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი თანხის 38 ლარისა და 82 თეთრის გადახდა”.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი:
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 31 ივლისს ¹... საკრედიტო ხელშეკრულების დადებით, რომლითაც გამსესხებელმა სს ,,ბ.-მ” მსესხებელ ა. ქ-ძეს ასესხა 13000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვით (1.2. პუნქტი). ხელშეკრულების 1.3 პუნქტით სესხით სარგებლობისათვის დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ოცდაათი კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხუთი დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით სესხის ვადის გაგრძელება უნდა გაფორმებულიყო დამატებითი ხელშეკრულებით მსესხებლის განცხადების საფუძველზე. ა. ქ-ძემ 1997 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის სარგებელი, 2600 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო ბოლო თვის პროცენტისა და ძირითადი ვალის გადახდა მევალემ ვერ შეძლო, რის გამოც მან განცხადებით მიმართა კრედიტორს დამატებითი ხელშეკრულების დადების შესახებ. 1997 წლის 30 ოქტომბერს დაიდო დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც ¹... ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 1998 წლის 28 თებერვლამდე, ყოველთვიურად 8% სარგებლის დარიცხვით. ა. ქ-ძემ ვალი ვადაში ვერ დააბრუნა.
1998 წლის 16 მარტიდან 1999 წლის 24 თებერვლამდე ა. ქ-ძემ ბანკს ნაწილ-ნაწილ გადაუხადა ვალი,Mსულ 25420 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ძირითადი ვალი შეადგენდა 13000 აშშ დოლარს, 2 თვის 10% სარგებელი – 2600 აშშ დოლარის, 5 თვის 8% სარგებელი – 5220 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო – 5247 აშშ დოლარს; მოვალეს უნდა გადაეხადა სულ 26067 აშშ დოლარი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ 1997-98 წ.წ. ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთს შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინება პროცენტის ოდენობა.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი. შეგებებული სარჩელი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
“ბ.-ი” საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით: მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 1.2. და 1.4 პუნქტების საფუძველზე მოვალის მიერ შემოტანილი თანხებიდან ჯერ უნდა დაიფაროს პროცენტი, შემდეგ ძირითადი ვალი. სასამართლომ მოვალის მიერ გადახდილი თანხა გამოაკლო ჯერ ძირითად ვალს, შემდეგ ვადაგადაცილებული სარგებლის (პროცენტის) თანხას. კასატორს მიაჩნია, რომ მოვალემ ბანკს უნდა გადაუხადოს 1998 წლის 28 თებერვლიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) ვადაგადაცილებული პროცენტი, რაც 2000 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 9200 აშშ დოლარს, ხოლო აღნიშნული თარიღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულად დაფარვამდე ძირითადი ვალის 0,3% პირგასამტეხლოს სახით.
ა. ქ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი გარემოების გამო:
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, რომლითაც სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 1997-98 წლის აგვისტოდან 1998 წლის თებერვლამდე ყოველთვიური პროცენტი საშუალოდ შეადგენდა 4,9%-ს. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული გარემოება და არ ცნო ბათილად ხელშეკრულების 1.2. პუნქტი.
სასამართლომ არ გამოიყენა, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალეობის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. მოცემულ შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ჯერ ძირითადი ვალი უნდა დაიფაროს, შემდეგ პროცენტის თანხა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობას და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობას რა იურიდიული შედეგი უნდა მოჰყვეს, სასამართლომ არ დაასაბუთა. მითითებული ნორმა იძლევა მხოლოდ საბანკო კრედიტის დეფინიციას, ხოლო ზიანის თაობაზე, რომელიც დგება იმ შემთხვევაში, როცა მსესხებელი აყოვნებს გადახდას, სასამართლომ არ იმსჯელა. ასევე არ დაადგინა ზიანის ოდენობა.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხარეთა შორის 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ სწორად მიუთითა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმის გამოყენების აუცილებლობებზე.
პალატა იზიარებს კასატორ “ბ.-ის” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს 1998 წლის 28 თებერვლიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) ვადაგადაცილებული პროცენტით გადიდებული თანხის ოდენობა, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 869-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ კი მოვალეს მხოლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა დააკისრა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას შეეძლო გამოეყენებინა ამავე კოდექსის 420-ე მუხლი.
პალატა ასევე იზიარებს ა. ქ-ძის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი შესაბამისობაში უნდა მოეყვანა კანონის მოთხოვნასთან. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლი ადგენს საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთებს, სასამართლომ კი სამართლის მითითებული ნორმა არ გამოიყენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში, რათა დამატებით გამოკვლეულ იქნეს საქმეში არსებული მასალები და დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად ზუსტად უნდა განსაზღვროს საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად 1997 წლის 25 ნოემბრისათვის რას შეადგენდა ძირითადი ვალის და პროცენტის ოდენობა. ამ დროიდან კი, სამოქალაქო კოდექსის 62-ე, 403-ე, 868-ე, და 869-ე მუხლების შესაბამისად უნდა მოხდეს კრედიტის დაფარვის გაანგარიშება, რადგან მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 1.2. 5.1. 5.2 5.3 მუხლები წინააღმდეგობაშია მითითებულ ნორმებთან, ასევე, საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნებთან. სასამართლო ხარჯებთან მიმართებაში, სასამართლომ ასევე, უნდა დაადგინოს 1997-2000 წ.წ. ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე დაფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთები და შესაბამისად, იმსჯელოს ხელშეკრულებით დადგენილი პროცენტის კანონიერებაზე _ აუქციონზე დაფიქსირებულ განაკვეთთან მის გონივრულ შესაბამისობაზე; ასევე, დაადგინოს კანონით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად 1998 წლის 28 თებერვლიდან ვადაგადაცილებული (დავალიანების) თანხის ოდენობა (სამოქალაქო კოდექსის 869-ე მუხლის პირველი ნაწილი); სასამართლომ გადახდილი თანხის გაანგარიშებისას ქრონოლოგიურად ჯერ საპროცენტო დავალიანება უნდა გაქვითოს, შემდეგ ძირითადი ვალი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
“ბ.-ისა” და ა. ქ-ძის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და 2001 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.