Facebook Twitter

3კ/529-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ზ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ა-იანის წინააღმდეგ და მოითხოვა 11800 აშშ დოლარის გადახდა ან მოპასუხის ბინის გაყიდვაზე უფლების მოპოვება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეს ჰქონდა მისი ვალი 3800 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ვალს მოპასუხე ვერ იხდიდა, რის გამოც მან ნათესავებისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი და მოპასუხეს ასესხა იმ მიზნით, რომ მას დაეწყო რაიმე საქმიანობა და ორივე ვალი ერთად გადაეხადა. 8000 აშშ დოლარის თაობაზე მოპასუხესთან 2000 წლის 24 მარტს გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2 თვისა და 22 დღის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხემ მისცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მას შეეძლო გაეყიდა მოპასუხის ბინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხემ არ დაუბრუნა ვალი და არც ბინის გაყიდვის უფლებას აძლევდა. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის ბინის გაყიდვის შესახებ მოთხოვნაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ მოითხოვა ვალის 11800 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო 3800 აშშ დოლარის ნაწილში. 8000 აშშ დოლარის ვალის არსებობაზე უარი განაცხადა. მოპასუხემ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით შ. ზ-ძისა და ნოტარიუსი მ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხე მიუთითებდა, რომ 1999 წლის 22 დეკემბერს მისმა არასრულწლოვანმა შვილმა შ. ზ-ძის ოჯახიდან მოიპარა ოქროს სამკაულები და ჩააბარა ოქროულობის მაღაზიას. ქურდობის ფაქტზე პოლიციას მისი შვილი, სამი დღე-ღამე დაკავებული ჰყავდა. შ. ზ-ძემ თავისი ოქროულობა შეაფასა 5500 აშშ დოლარად. 1700 აშშ დოლარი გადაუხადა, გადასახდელი დარჩა 3800 აშშ დოლარი. მოსარჩელე მისგან მოითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, აშინებდა ბავშვის დაპატიმრებით, რის გამოც იძულებული გახდა დაედო სესხის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე, რომელიც სინამდვილეში არ მიუღია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ა-იანს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ა-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11800 აშშ დოლარის გადახდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ. დაკმაყოფილდა ლ. ა-იანის შეგებებული სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, შ. ზ-ძეს უარი ეთქვა 8000 აშშ დოლარის ლ. ა-იანისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო 3800 აშშ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხის არასრულწლოვანმა ქალიშვილმა ი-მ შ. ზ-ძის სახლიდან წაიღო 5500 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები და ვინმე დ. მ-ძის დახმარებით გაყიდა. მოპასუხემ გადაიხადა 1700 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 3800 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 87-ე მუხლები და მიუთითა, რომ ლ. ა-იანი იძულებული შეიქმნა დაედო სესხის ხელშეკრულება, რადგან იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ, რაც გამოიხატა იმაში, რომ შ. ზ-ძე მისგან მოითხოვდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს დააპატიმრებდნენ. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და შინაგანი რწმენიდან გამომდინარე დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებას თანხის გადაცემა არ მოჰყოლია.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ზ-ძემ. კასატორს მიაჩნია რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 87-ე მუხლები, რადგან ადგილი არა ჰქონია იძულებას და ფსიქიკურ ზეგავლენას.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის გამოყენებით მხოლოდ შინაგანი რწმენაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება და არ გაიზიარა წერილობითი მტკიცებულება, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ ასევე არ აესახა და არ დაასაბუთა გადაწყვეტილებაში შინაგანი რწმენის ის საფუძვლები, რომელსაც ემყარება შინაგანი რწმენა.

აღნიშნული საფუძვლებით კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა კასატორის განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ლ. ა-იანის არასრულწლოვანმა ბავშვმა შ. ზ-ძის სახლიდან ფარულად გაიტაცა ოქროს ნივთები, რომლის ღირებულების გადახდაც დაეკისრა მოპასუხეს. დადგენილია ასევე, რომ 8000 აშშ დოლარის შესახებ სესხის ხელშეკრულება დადებულ იქნა იძულებით, რაც გამოიხატა მუქარაში. კერძოდ, მოსარჩელე ემუქრებოდა მოპასუხეს შვილის დაპატიმრებით. აღნიშნული გარემოებების წინააღმდეგ კასატორის მიერ ვერ იქნა წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად გააბათილა წერილობითი მტკიცებულება მხოლოდ მოპასუხის განმარტებით.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ წერილობითი მტკიცებულება გაბათილებულია თვით მოსარჩელის განმარტებითაც. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის შვილს მისთვის ოქროს ნივთები არ მოუპარია, არამედ 5500 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები გადაუვარდა ფანჯრიდან. აღნიშნული ნივთები მოპასუხის შვილმა იპოვა და გაყიდა. მაშინ როდესაც მოწმეების და მოპასუხის განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხის შვილმა მოიპარა ოქროს ნივთები. არ არის სარწმუნო ასევე კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან თავისი ნათესავებისაგან ისესხა სადავო თანხა და თავის მოვალეს, ლ. ა-იანს, რომელიც ვერ იხდიდა ოქროს ნივთების ღირებულების დარჩენილ თანხას 3800 აშშ დოლარს, კიდევ ასესხა 8000 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით მან მოპასუხეს ფული ასესხა ბიზნესის საწარმოებლად, ამასთან შეკითხვაზე თუ რა ბიზნესს ეწეოდა მოპასუხე კასატორი ვერ პასუხობს და განმარტავს, რომ ფული ასესხა იმისათვის, რომ მოპასუხე სომეხია.

ნოტარიუსის განმარტებით სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 8000 აშშ დოლარი მოპასუხეს არ გადასცემია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრული და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მტკიცებულებები უნდა შეაფასოს საქმის ყველა გარემოებებიდან ერთობლიობაში ყოველმხრივ და სრულად.

პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სესხის ხელშეკრულება შეფასებული იქნა მოსარჩელის, მოპასუხის, ნოტარიუსის და მოწმეების განმარტებით დადგენილ გარემოებასთან, პოლიციის მიერ მოკვლეულ მასალებთან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ყოველმხრივ და სრულად, რის შედეგადაც სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა სწორი დასკვნა იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულების დადებას თანხის გადაცემა არ მოჰყოლია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.