საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№120I-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
მ-ი ჰ., 120I-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. მ-ის (H. M.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. მ-ის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2025 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის დასავლეთის ოლქის სასამართლოში წარდგენილ იქნა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმადაც ჰ. მ-ს ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის §1029 (a)(3)(b)(2) ნაწილით (შეთქმულება დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობის ჩასადენად), მე-18 თავის §§371, 1030 (a)(2)(C) და 1030 (a)(4) ნაწილით (შეთქმულება კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აქტის დასარღვევად), მე-18 თავის §1956 (h) ნაწილით (შეთქმულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩასადენად).
2024 წლის 17 მაისსა და 2025 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის დასავლეთის ოლქის სასამართლოს მოსამართლის მიერ ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გაცემულია ჰ. მ-ის დაკავების ბრძანება.
2. ჰ. მ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2025 წლის 2 ივლისს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია ჰ. მ-ის ექსტრადიციის თაობაზე.
2025 წლის 3 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. მ-ი.
2025 წლის 4 ივლისს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის განჩინებით, ჰ. მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2025 წლის 8 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჰ. მ-ის ექსტრადიციის თაობაზე აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2025 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 3 იანვრამდე.
ჰ. მ-ი ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
ჰ. მ-მა და მისმა თანამზრახველებმა, მათ შორის, მ. რ-მა და მ. ა-მა შექმნეს „R- --ის“ მავნე პროგრამა (ასევე ცნობილი, როგორც – „R-“), რომელიც მიზნად ისახავდა დაზარალებულთა კომპიუტერულ მოწყობილობაში უკანონო წვდომისა და მონაცემების მოპარვას კომერციული უპირატესობისა და პირადი ფინანსური მოგების მისაღებად. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 2020 წლის თებერვალში, მოქმედებაში გაუშვეს „R-“, რის შემდგომაც, ხშირად ანახლებდნენ აღნიშნულ პროგრამას. ამასთან, ჯგუფის წევრები „R--ს“ რეკლამირებას ახორციელებდნენ ონლაინ-კიბერდანაშაულებრივ ფორუმებზე და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე, მათ შორის, „T--ში“, „M--სა“ და სხვა.
ჰ. მ-ი და მისი თანამზრახველები დაზარალებულთა კომპიუტერულ სისტემაში აგზავნიდნენ „R--ს“. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით, ჯგუფის წევრები უკანონოდ აღწევდნენ დაზარალებულთა კომპიუტერულ მოწყობილობებში, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ ფინანსურ ინფორმაციას, პაროლებს, წვდომის მოწყობილობებსა და სხვა მონაცემებს, დაზარალებულთა ნების საწინააღმდეგოდ და მათი ნებართვის არარსებობის პირობებში. აღნიშნული სქემის გამოყენებით, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით კომპიუტერი დავირუსდა „R- ის“ მიერ.
კომპიუტერულ სისტემაში უკანონო წვდომის უზუნველსაყოფად, ჰ. მ-ი და მისი თანამზრახველები სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, „R--ის“ გაგზავნის, ე.წ. „p--ის“ ელ. წერილების, თაღლითური პროგრამების ჩამოტვირთვისა და მავნე პროგრამის გვერდითი ჩამოტვირთვის გზით, მავნე პროგრამით აინფიცირებდნენ დაზარალებულების კომპიუტერულ მოწყობილობებს. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ხდებოდა დაზარალებულთა შეცდომაში შეყვანა, რათა მათ ჩამოეტვირთათ „R-“.
დაზარალებულთა კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შემდეგ, ჰ. მ-ი და მისი თანამზრახველები იყენებდნენ „R--ს“, რათა დაზარალებულთა კომპიუტერული მოწყობილობებიდან დაუფლებოდნენ საფინანსო ინფორმაციას, კრიპტოვალუტის საფულეებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ონლაინ ანგარიშების მეტსახელებსა და პაროლებს, აგრეთვე, სხვა ციფრულ მონაცემებს. უკანონოდ მოპოვებული მონაცემები ეგზავნებოდა ერთ ან ერთზე მეტ სერვერს, რომლებსაც აკონტროლებდნენ ჰ. მ-ი და ჯგუფის სხვა წევრები. უკანონოდ მოპოვებულ მონაცემებს ჰ. მ-ი და მისი თანამზრახველები ყიდდნენ ე. წ. „D--ზე“ ან სხვა ონლაინ კიბერდანაშაულებრივ ფორუმებზე, იმ პირებზე, რომლებიც მოახდენდნენ მათ შემდგომ გამოყენებას.
ამასთან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობის ქონების წარმოშობისა და მისი არაკანონიერი ბუნების დაფარვის, ასევე, ამ ქონების კანონიერ სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ჰ. მ-ი და მისი თანამზრახველები ასრულებდნენ სხვადასხვა ტრანზაქციას.
4. 2025 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2025 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის დასავლეთის ოლქის სასამართლოში წარდგენილ ჰ. მ-ის საბრალდებო აქტსა და მისი ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის §1029 (a)(3)(b)(2) ნაწილით (შეთქმულება დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობის ჩასადენად), მე-18 თავის §§371, 1030 (a)(2)(C) და 1030 (a)(4) ნაწილით (შეთქმულება კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აქტის დასარღვევად), მე-18 თავის §1956 (h) ნაწილით (შეთქმულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩასადენად).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2025 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის დასავლეთის ოლქის სასამართლოში წარდგენილ ჰ. მ-ის საბრალდებო აქტსა და მისი ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის §1029 (a)(3)(b)(2) ნაწილით (შეთქმულება დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობის ჩასადენად), მე-18 თავის §§371, 1030 (a)(2)(C) და 1030 (a)(4) ნაწილით (შეთქმულება კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აქტის დასარღვევად), მე-18 თავის §1956 (h) ნაწილით (შეთქმულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩასადენად).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება, ასევე, ჰ. მ-ის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და შუამდგომლობის ინიციატორი მხარისათვის აშშ-ის სათანადო ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის დავალება.
7. კასატორის განმარტებით, საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჰ. მ-ი არ არის ის პირი, რომელიც იძებნება აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიძებნება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მიღმა ჰ. მ-ი დგას, სასამართლომ კი არ მოითხოვა ინიციატორი მხარისაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ჰ. მ-ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. მ-ი 2025 წლის 3 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. მოცემულ საქმეში, ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომლებიც დასჯადია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით (ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, ისინი დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). იმავდროულად, ხსენებული დანაშაულებისათვის, ორივე ქვეყნის კანონმდებლობით, მაქსიმალური სასჯელის სახით, გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. გარდა ამისა, დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს. დაცულია ხსენებული კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ასევე, ერთობლივი დეკლარაციის გათვალისწინებით, სასჯელად სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და ამავე კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ჰ. მ-ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენის თარიღის (დაახლოებით, 2020 წლიდან) მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.
12. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, „დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ჰ. მ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ჰ. მ-ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, იგი არის ს-ის რესპუბლიკის მოქალაქე. ამდენად, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არ არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არ არსებობს ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.
15. კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებასა და ბრალეულობის დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება, საქმე №402I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება, საქმე №453I-21). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს არც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2025 წლის 2 ივლისს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად არის წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა უცხო სახელმწიფომ სრულად მოაწოდა საქართველოს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. ამდენად, დაცვის მხარის მოთხოვნა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, საფუძველს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ კასატორის მოთხოვნა ასევე მიემართება პატიმრობის გაუქმებას, რაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუსაბუთებელია, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალწარმოების ამ ეტაპზე, არ ექვემდებარება შეფასებას.
16. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიკაციის საკითხს, რასაც, ასევე, სადავოდ ხდის კასატორი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ, შესაბამისი ფოტოსურათების მეშვეობით, დადგენილია, რომ საქართველოში დაკავებული, ექსტრადიციას დაქვემდებარებული ჰ. მ-ი ნამდვილად წარმოადგენს იმ პირს, რომლის ექსტრადიციაც მოთხოვნილია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
17. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის და დაცვის მხარე არ აპელირებს ჰ. მ-ის უფლებების დარღვევის რისკების შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ კი გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება, საქმე №5I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განჩინება, საქმე №26I-20).
19. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევაზე ან ამგვარ საფრთხეზე მიუთითებდა. მსგავსი ინფორმაცია არც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტებით დასტურდება.
20. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no.59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016, Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. მ-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაცემულ გარანტიას სპეციალობის წესის დაცვისა და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, საქართველოს თანხმობის გარეშე, მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ.
22. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს, რაც განსახილველ საქმეში გამოკვეთილი არ არის.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. მ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2025 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის დასავლეთის ოლქის სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო აქტსა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. მ-ის (Hambardzum Minasyan, - ს-ის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: -) ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე